
კობახიძემ საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფციის პროექტი წარადგინა
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 16 ოქტომბერს საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფციის პროექტი წარადგინა, რამაც ოპონენტებში შეშფოთება გამოიწვია სახელმწიფო უნივერსიტეტებში შესაძლო წმენდისა და იმ რისკის შესახებ, რაც ახალმა სისტემამ შესაძლოა ქართველი სტუდენტების საერთაშორისო სწავლის შესაძლებლობებს შეუქმნას.
დაანონსებულ გეგმებს შორისაა უმაღლესი განათლების დეკონცენტრაცია გადატვირთული დედაქალაქიდან, „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპის დანერგვა, რომელიც „რეორგანიზაციის“ პროცესის გზით თითოეულ ქალაქში მხოლოდ ერთ ფაკულტეტს დატოვებს თითო სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე სწავლის ხანგრძლივობის შემცირება არსებული 12-დან 11 წლამდე და არსებული 4+2 ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის მოდელის 3+1 სისტემით ჩანაცვლება.
კობახიძემ განაცხადა, რომ საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფციას ჯერ „სამთავრობო კომისია“ და შემდეგ თავად მთავრობა დაამტკიცებს, საჯარო განხილვების შემდეგ. მოგვიანებით მან ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა, რომ კონსულტაციები, სავარაუდოდ, „ორ-სამ კვირას“ გაგრძელდება, რის შემდეგაც კონცეფცია საბოლოოდ დამტკიცდება.
„საუნივერსიტეტო რეფორმის მიმართულებით, უნდა გადაიდგას რადიკალური, პრინციპული ნაბიჯები, რათა მივიღოთ უმაღლესი განათლების თვისებრივად განსხვავებული სისტემა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც თანხვედრაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან“, – განაცხადა კობახიძემ.
This post is also available in: English