skip to content
ახალი ამბები

ომბუდსმენის შეფასებით ნიკა გვარამიას საქმეში „პოლიტიკური მოტივაცია დასტურდება“

საქართველოს სახალხო დამცველს ოფისმა 7 დეკემბერს განაცხადა, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეში „პოლიტიკური მოტივაცია დასტურდება“ და ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი, რაც პოლიტიკური მოტივით უფლებების შეზღუდვას გულისხმობს.

სახალხო დამცველის შეფასებით, გვარამიას მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი „არაჯეროვნად“ არის დასაბუთებელი, როგორც 50 000-ლარიანი ჯარიმის თავისუფლების აღკვეთით შეცვლის ნაწილში, ისე „ძირითად და საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით“.

ომბუდსმენის განცხადებითვე, საქმეში მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესს წონის არსებული პოლიტიკური მოტივიც, რასაც სახალხო დამცველის განმარტებით, პოლიტიკოსების განცხადებები, ქვეყანაში არსებული მედიაგარემო, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები, ასევე მართლმსაჯულების არსებითი ხარვეზებით განხორციელება და მსგავს საქმეზე პატიმრობის მხოლოდ ნიკა გვარამიას მიმართ გამოყენება ადასტურებს.

„ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ფონზე, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენები სისხლის სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს არ შეესაბამება და აქვს დასაბუთებულობის პრობლემა“, – აღნიშნავს სახალხო დამცველი და ხაზს უსვამს, რომ „აღნიშნული შეფასება ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომებს“.

ომბუდსმენმა ასევე აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს, საქალაქო სასამართლოსადმი მისი ოფისის მიერ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ნათქვამია, რომ ე.წ. რეკლამის ეპიზოდში გვარამიას მიერ მიღებული სამეწარმეო გადაწყვეტილება არათუ სისხლისსამართლებრივ, არამედ კორპორატიულ პასუხისმგებლობასაც კი არ იწვევს. ამასთან, მაშინ სახალხო დამცველმა ისიც აღნიშნა, რომ სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნები არც ე.წ. ავტომობილის ნაწილში ეპიზოდში იკვეთებოდა.

„ასევე საკვანძო ფაქტობრივი გარემოებები სათანადო დასაბუთებული შეფასების გარეშე რჩებოდა. გარდა ამისა, დაუსაბუთებლად შევაფასეთ ასევე, პირველი ინსტანციის განაჩენით შეფარდებული სასჯელი“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ამდენად, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლზე მითითებით, ომბუდსმენის ოფისი საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

  • საქმეზე ომბუდსმენის ოფისის სრული დასკვნის სანახავად მიჰყევით ბმულს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button