ახალი ამბები

ევროპარლამენტარები პრეზიდენტ ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ

12-მა ევროპარლამენტარმა 7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლისა და დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდა.

წერილამდე რამდენიმე დღით ადრე, 2 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გვარამიას სააპელაციო საჩივარი და იგი 3 წლითა და 6 თვით პატიმრობაში დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებას ოპოზიციის, საერთაშორისო პარტნიორების, მედიის უფლებადამცველი და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების კრიტიკა მოჰყვა. სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა პრეზიდენტს გვარამიას შეწყალებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ევროპარლამენტარები წერილში ევროპული ინტეგრაციისკენ საქართველოს გზაზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ მართალია, ეს გზა „მარტივი არ არის“, მას საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მტკიცედ უჭერს მხარს.

მათ აღნიშნეს, რომ საქართველოს გზა ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსისკენ ცოტა ხნის წინ ევროპული პერსპექტივის მინიჭებით გაიხსნა და ხაზი გაუსვეს, რომ „უკრაინას, მოლდოვისა და საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა უკრაინის მიერ რუსული აგრესიის წინააღმდეგ გაღებული უზარმაზარი მსხვერპლის წყალობით მიენიჭათ, რომლის მიზანიც იმ ღირებულებების დაცვაა, რომლებზეც ევროკავშირიც დგას“.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ „ასეთი შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული და ყველა შესაძლო ძალისხმევა უნდა განხორციელდეს, რათა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსსა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მიუახლოვდეს“.

ამ კუთხით, ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ საქართველო „აღიქმება ქვეყნად, სადაც შესაძლებელია მოქმედი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი საზოგადო მოღვაწეების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაპატიმრება. პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი შეუთავსებელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან“.

აღნიშნეს რა, რომ ევროპარლამენტმა დაგმო გვარამიას გასამართლება „საეჭვო ბრალდებებით“, ევროპარლამენტარებმა ხაზი გაუსვეს, რომ „ეს განაჩენი საქართველოში აღიქმებოდა, როგორც დღევანდელი ხელისუფლებისადმი კრიტიკული ხმის ჩახშობა“.

მათივე თქმით, გვარამიას საქმე „ხაზს უსვამს საქართველოს სასამართლო სისტემისადმი არსებულ უნდობლობას, ასევე სასამართლო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაზრდის აუცილებლობას. ის ასევე უარყოფითად აისახება მედიის თავისუფლებაზე და კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას“.

„გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სტრატეგიულ მიზანთან დაახლოების საქმეში თქვენს წამყვან როლს იკისრებთ“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც სხვა ევროპარლამენტარებთან ერთად ხელს აწერენ ანა ფოტიგა, მირიამ ლექსმანი, რასა იუკნევიჩიენე, ანდრიუს კუბილიუსი და პიტერ პოლაკი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button