ევროპარლამენტარები ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებას ეხმიანებიან
ევროპარლამენტის რამდენიმე წევრმა, მათ შორის, ანა ფოტიგამ და მირიამ ლექსმანმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლისა და დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვება დაგმეს.
„ვუერთდები ნიკა გვარამიას საკითხის გარშემო არსებულ შეშფოთებას. საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და მედია თავისუფლების შემდგომი გაუარესება მიუღებელია“, – დაწერა Twitter-ზე ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ.
ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა ასევე დაგმო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც, მისი თქმით, „გაყალბებულ ბრალდებებს ეფუძნება“.
მან ხაზი გაუსვა, რომ „შერჩევითი სამართლის ეს მორიგი მაგალითი საქართველოს ევროპულ გზას ეჭვქვეშ აყენებს“.
I am abhorred by the decision to uphold the sentencing of Nika Gvaramia, which is based on trumped up charges.
This yet another example of selective justice puts into question Georgia’s European path pic.twitter.com/077uAUqJPl— Miriam M. Lexmann (@MiriamMLex) November 2, 2022
სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ „ეს არის კიდევ ერთი საქმე, რომელიც საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობას უსვამს ხაზს“.
მისივე თქმით, „ირაკლი ღარიბაშვილის მმართველობის პირობებში მთავრობის კრიტიკოსთა ამ ტიპის პოლიტიკური დევნა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას რისკის ქვეშ აყენებს. ამგვარი ქმედებები ევროკომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამგვარი ქმედებები ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის“.
ასევე წაიკითხეთ:
- 02/11/2022 – აშშ-ის საელჩო: ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ევროპულ მომავალს
- 02/11/2022 – ქართული ოცნება და ოპოზიცია ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებას ეხმიანებიან
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)