ახალი ამბები

სერგეი შამბას თქმით, დასავლეთი საქართველოს აფხაზეთში „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს

„არსებობს რეგიონში სიტუაციის გამწვავების საფრთხე, რამდენადაც დასავლეთი საქართველოს აფხაზეთში „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს“, – წერს რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TACC ოკუპირებული აფხაზეთის „უშიშროების საბჭოს“ მოქმედი ხელმძღვანელის, სერგეი შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.

სააგენტოს ცნობით, შამბამ ამის თაობაზე სოხუმში, ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში თანამედროვე აფხაზეთის განვითარებისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდის ფორმატში გამართული დისკუსიისას განაცხადა.

ამავე ინფორმაციით, შამბამ აღნიშნა, რომ მოცემული მომენტისთვის სოხუმს რუსეთთან სტრატეგიული კავშირი აქვს, რომელიც იცავს მათ ინტერესებს. „აუცილებელია რუსეთის ფედერაციის მიმართ ერთგულების დემონსტრირება და ამავდროულად აფხაზეთის შიგნით ერთიანობის განმტკიცება“, – დასძინა მან.

საგულისხმოა, რომ შამბას განცხადებები წააგავს საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობების შესახებ ქართული ოცნების ლიდერებისა და პარტიიდან წასულების ბოლოდროინდელ მინიშნებებს, რაც არაერთხელ უარყვეს ქვეყნის დასავლელმა პარტნიორებმა.


„მეორე ფრონტის“ გახსნაზე სოხუმში ადრეც საუბრობდნენ. სექტემბერში, აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრი“, ინალ არძინბა მის უწყებასთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე ამბობდა, რომ „არსებობს ბევრი ძალა, რომლებიც იქითკენ არიან მიმართულნი, რომ რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური რესურსები დონბასიდან სხვა მხარეს მიმართოს“.

„ერთ-ერთი მათგანი საქართველოა, რომელიც აქტიურად მართავს ნატოსთან სწავლებებს, უპილოტო საფრენ აპარატებს ყიდულობს და საკუთარ ტერიტორიაზეც ცდილობს მათ წარმოებას“, – თქვა მან და დასძინა, რომ „მშვიდობისთვის ასე არ ემზადებიან. ასე ომისთვის ემზადებიან“. არძინბამ აგრეთვე გამოთქვა ვარაუდი, რომ თბილისის მხრიდან აფხაზეთში კონფლიქტის დაწყების ალბათობა მაღალია.

ამავე სხდომაზე, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ საქართველო „ორ ცეცხლს შუაა“ და რომ რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნის საკითხი უკრაინაში მისი შეჭრის „წარმატებაზე“ იქნება დამოკიდებული.

„თუ სიტუაცია უკრაინაში რუსეთის სასარგებლოდ განვითარდება, საქართველო თავშეკავებას გამოიჩენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თბილისის შესაძლო ქმედებებმა რუსეთის წინააღმდეგ შესაძკია ბევრი ქვეყნის მხარდაჭერა მიიღოს“, – აღნიშნა მაშინ შამბამ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button