skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილის შვეიცარიულ ბანკთან დავის ფონზე, „ოცნება“ მიანიშნებს, რომ აშშ საქართველოს ომისკენ უბიძგებს 

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებზე მინიშნებით განაცხადა, რომ გარკვეული ძალები უცხოეთიდან ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებისა და ქვეყნის „ომში ჩართვისკენ“ უბიძგებენ.

მსგავსი უცნაური ბრალდებები სახელისუფლებო ექსპერტებმაც გააჟღერეს, რაც კოორდინირებული კამპანიის განცდას ქმნის. მათი განცხადებები შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის მიერ ივანიშვილისთვის დაახლოებით 600 მლნ აშშ დოლარის გადარიცხვის გაჭიანურებას მოჰყვა, რომელიც მმართველი პარტიის დამფუძნებელმა ბანკს სასამართლო დავის შედეგად მოუგო.

ირაკლი კობახიძის თქმით, ბანკმა დაგვიანების გასამართლებლად „გეოპოლიტიკური გარემოება“ უსამართლოდ დაასახელა.

ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ მარტის ბოლოს დაადგინა, რომ ივანიშვილსა და მის ოჯახს Credit Suisse სადაზღვევო განყოფილების მხრიდან „არსებითად 500 მლნ აშშ დოლარზე მეტი“ ზარალი მიიღეს. Credit Suisse-მა თავის ბოლო განცხადებაში განმარტა, რომ გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, დაახლოებით 600 მლნ აშშ დოლარს შეეხება. ბანკმა მარტში განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ჯერ საბოლოო არ არის და გასაჩივრებას ექვემდებარება, რის გაკეთებასაც ის „აქტიურად აპირებს“.

კობახიძის მტკიცებით, ბანკის ასეთი ქცევა უცხოეთიდან კოორდინირებული კამპანიის მხოლოდ ერთი ნაწილი იყო, რომელსაც სხვა ელემენტები ავსებდა, კერძოდ კი – უკრაინის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა და ბოლო დროს გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერები, რომელთა თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილს, სავარაუდოდ, ბიზნესკავშირები აქვს სანქცირებულ რუს ოლიგარქთან.

„თუ ვინმეს აქვს ასეთი მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი, მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნოს ქართულ პოლიტიკაში იმისათვის, რომ ქვეყანა [უკრაინის] ომში ჩაერთოს… მათ არ სცოდნიათ კარგად ბიძინა ივანიშვილი და მათი ხასიათი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, აშშ-ს ხომ არ ხედავს იგი მსგავსი „კოორდინაციის“ უკან მმართველი პარტიის თავმჯდომარემ უპასუხა – „მე მაქვს ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ამ დეტალებში მე ვერ შევალ“.

ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ექსპერტები აშშ-ზე მიანიშნებენ 

ტელეკომპანია „იმედმა“ ხელისუფლებასთან დაახლოებული ექსპერტების შეფასებებიც გააშუქა, რომლებიც პირდაპირ ამერიკის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებენ.

ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის თქმით, ამ „კოორდინირებული კამპანიის“ დამკვეთ ძალას – ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და ქვეყნის რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვა სურს. „ჩემთვის ამის დასტურია შვეიცარიული ბანკის მიერ , ბიძინა ივანიშვილისთვის მისი კუთვნილი თანხების გადარიცხვის შეფერხება“.

„დამკვეთი ძალისთვის“ მეორე ფრონტი არის აუცილებელი, რათა მოხდეს კონფლიქტის გლობალიზება, რადგან როგორც ჩანს, ვერ მოხდა რუსეთის იმ დონეზე საერთაშორისო იზოლირება, როგორც ჩაფიქრებული იყო… მათი აზრით, რა ბერკეტი არსებობს ამისთვის? ეს არის შანტაჟი, რადგან „დამკვეთ ძალას“ მიაჩნია, რომ მთავარი ამ შემთხვევაში ფინანსური ზეწოლაა“, – განაცხადა შათირიშვილმა.

„იმედმა“ ყოფილი პოლიტიკოსის, ხათუნა ხოფერიას პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც იგი საქართველოს ომში ჩართვის მცდელობის თაობაზე, ნაციონალური მოძრაობის, ხელისუფლებისადმი კრიტიკული ევროპარლამენტარებისა და აშშ-ის მხრიდან კონსპირაციულ თეორიაზე საუბრობს.

დღის ბოლოს, საქართველოს ომში ჩართვისა და კოორდინირებული ქმედების შესახებ იდენტური გზავნილები გააჟღერა ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა, მათ შორის, სოზარ სუბარმა და ირაკლი ქადაგიშვილმა.

ივანიშვილის ახალი დავა Credit Suisse-ის წინააღმდეგ 

კობახიძის ბრალდებებს წინ უძღვოდა ივანიშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული პიარკომაპანია Cision-ის 6 მაისის განცხადება Credit Suisse-ის წინააღმდეგ ივანიშვილის ახალი დავის, ასევე მნიშვნელოვანი წარუმატებლობისა და Credit Suisse-ის რწმუნებულის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის შესახებ.

Cision-ის პრესრელიზში ნათქვამია, რომ რწმუნებულმა Green Vals Trust-მა, როდესაც მას ივანიშვილმა თანხის გადახდა მოსთხოვა, „ინფორმაციის მიღებაზე არაგონივრული მოთხოვნები წამოაყენა და დაგვიანების მოტივად „აღმოსავლეთ ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური გარემო“ დაასახელა.

პიარკომპანიამ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ივანიშვილების ოჯახს არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან და არ ექვემდებარება რაიმე სანქციებს.

მან ასევე განმარტა, რომ ივანიშვილს საქართველოსა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს და რომ იგი „არანაირად არ შეიძლება იყოს დაკავშირებული სანქცირებული ორგანიზაციებისა და პირების სიასთან“.

კომპანიამ განაცხადა, რომ ივანიშვილი საერთაშორისო მედიასთან „შეხვედრების სერიას“ გეგმავს, რათა „შვეიცარიის საბანკო და სასამართლო სისტემის ე.წ. შეუბღალავ იმიჯთან დაკავშირებული მითები დაამსხრიოს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button