ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში რეგიონის უსაფრთხოებაზე იმსჯელეს

ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროსთან“ არსებული საზოგადოებრივი საბჭოს შეხვედრაზე რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. შეხედრას რეგიონის „საგარეო საქმეთა მინისტრი“, ინალ არძინბა თავმჯდომარეობდა. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, შეხვედრაზე საერთაშორისო კონტექსტის ცვალებადობის გათვალისწინებით საქართველოსთან და რუსეთთან ურთიერთობების ტრანსფორმაციის შესაძლო სცენარები განიხილეს.

რეგიონის უსაფრთხოება და თბილისთან ურთიერთობა

„აფსნიპრესის“ ცნობით, ოკუპირებული გალის ყოფილმა ხელმძღვანელმა, თემურ ნადარაიამ განაცხადა, რომ დღეს საქართველოს მთავრობის სათავეში მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაცია რომ ყოფილიყო, აფხაზეთში ომი უკვე გაჩაღებული იქნებოდა. თუმცა, მანვე დასძინა, რომ მოქმედი მთავრობა უფრო „ჭკვიანი და მოხერხებულია“. მანვე ხაზი გაუსვა, რომ თბილისის მშვიდობიანი რიტორიკით შეცდომაში არავინ უნდა შევიდეს, რადგანაც „ისინი, უპირველეს ყოვლისა, მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავენ“.

აფხაზეთის დაუცველობის საილუსტრაციოდ მან თბილისის მოქმედი მერის, კახა კალაძის განცხადება მოიშველა, რომ ევროპა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ან მეორე ფრონტის გახსნას სთხოვს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ნადარაიამ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის წარუმეტებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, სიტუაცია აფხაზეთისთვის არასახარბიელოდ შეიცვალოს.

„აბაზა ტვ-ის“ დირექტორმა და ჟურნალისტმა, რუსლან ხაშიგმა რუსეთის საერთაშიროსო პოზიციების მიმართ არსებული შეშფოთება გაახმოვანა. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თეირანში ვიზიტისას ირანისა და თურქეთის ლიდერებთან შეხვედრაზე მითითებით, აღნიშნა რა, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებთან მუდმივ კონფრონტაციაში ვერ იქნება, ხაშიგმა ხაზი გაუსვა, რომ გარემოებების მუდმივი ცვილილების პირობებში, აუცილებელია, რომ აფხაზეთს განსხვავებული საგარეო პოლიტიკური არჩევანი ჰქონდეს, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები. მან ინალ არძინბას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციებისკენ მოუწოდა, რათა კავკასიაში რუსეთის გრძელვადიანი ხედვების შესახებ ჰქონდეს ინფორმაცია.

„ყველაფერი დამოკიდებული იქნება სხვადასხვა ვარიანტებისთვის ჩვენს მზაობაზე“, – განაცხადა მან. „რაც უფრო მალე გაირკვევა რუსეთისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკა ერთმანეთის მიმართ, მით უკეთ გავიგებთ სად მივდივართ“, – თქვა ხაშიგმა. „ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ინტერესები და მივაწოდოთ ისინი ჩვენს პარტნიორს [რუსეთს]. ამისათვის აუცილებელია აქტიური დიალოგის წარმოება ქვეყნის შიგნით, საქართველოსთან ურთიერთობის ოპტიმალური კონცეფციის შემუშავებისთვის“.

ომის ვეტერანთა გავლენიანი ჯგუფის „არუაას“ ხელმძღვანელმა, თემურ გულიამ განაცხადა, რომ საქართველოსთან დიალოგის დაწყება მხოლოდ მას შემდეგ არის შესაძლებელი, რაც ის აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“ ცნობს. მისი თქმით, ამ მომენტისთვის თბილისის მხრიდან მსგავსი ნაბიჯები არ შეინიშნება, ამიტომ მოლაპარკებებზე საუბარი არ უნდა იყოს. გულიას შეფასებით, ისინი უარესისთვის უნდა მოემზადონ და თბილისთან სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში, მხოლოდ რუსეთის მხრიდან სამხედრო დახმარების იმედად არ უნდა იყვნენ.

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ლიდერის, სერგეი ბაღაფშის თანაშემწემ, სოკრატ ჯინჯოლიამ განაცხადა, რომ რუსეთიდან მომდინარე „ოქროს წვიმა“ თანდათან შეწყდება და დაახლოებით 10-15 წელში „გვეტყვიან, რომ გეყოთ“. „ასე რომ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში“, – დასძინა მან.

სამოქალაქო აქტივისტმა, ნათელა აკაბამ განაცხადა, რომ „საქართველოში აქტიური პროპაგანდა მიმდინარეობს და ბევრმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, არ იციან, რომ საქართველოსა და აფხაზეთს შორის ომი იყო. ის წარმოჩენილია, როგორც ომი რუსეთთან“. მან შეხვედრის მონაწილეებს 1992-1993 წლის აფხაზეთის ომის საკუთარი ვერსიის შექმნა და თბილისისთვის გაგზავნა შესთავაზა. „მათ ამ მოვლენებზე საკუთარი სურათი დახატეს და ჩვენ ის უნდა გავანადგუროთ”, – თქვა მან. აქაბამ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

ინალ არძინბას არგუმენტები

მსჯელობისას, ინალ არძინბამ განაცხადა, რომ ზოგიერთ აფხაზს თურქეთში საქართველოსთან მოლაპარაკებები აქვს სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების გასავითარებლად, რაც მისი თქით, არის ე.წ. პროგრამა „ჩართულობა აღიარების გარეშე“, რაც არძინბასვე შეფასებით, დამაზიანებელია.

„ჩვენ შორის არიან ადამიანები, რომლებიც დაუდევრად საუბრობენ და ცდილობენ გააფუჭონ აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობების ფონი“, – თქვა არძინბამ, რაც მისივე შეფასებით, ასევე არასწორია, რადგანაც „რუსეთი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა და მხარს გვიჭერს“.

იგი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსაც შეეხო და თქვა, რომ აფხაზური მხარე მოლაპარაკებების ჟენევიდან სხვა, უფრო ნეიტრალურ ქალაქში გადატანის ინიციატივით გამოვიდა, მაგალითად, მინსკში ან ტამბოლში.

ორმაგ მოქალაქეობაზე საუბრისას, არძინბამ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, უახლოეს მომავალში რუსეთ-აფხაზეთის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას უნდა მოაწეროს ხელი. „ყველა ეტაპზე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით“, – უთხრა მან შეკრებილებს. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ საკითხი აფხაზეთში მუდმივი დავის საგანია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადგილობრივი რუსულ პასპორტს ფლობს, მოსახლეობისა და ხელმძღვანელი პირების დიდი ნაწილი საკითხს სხვადასხვა საფრთხის გამო ეჭვის თვალით უყურებს.

კურორტ ბიჭვინთის საკითხი

შეხვედრის მონაწილეებმა კურორტ ბიჭვინთის ნაწილის, 186 ჰექტარი მიწის რამდენიმე ათწლეულით რუსეთისთვის გადაცემის საკითხზეც იმსჯელეს. რუსეთისთვის ბიჭვინთის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის საკითხი ჯერ კიდევ 1995 წელს გადაწყდა, თუმცა ამ დრომდე, პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა. შეთანხმების დასასრულებლად რუსეთმა ძალისხმევა ცოტა ხნის წინ გააძლიერა და შეთანხმების შესაბამისი ახალი ტექსტი 2022 წლის 19 იანვარს გახდა საჯარო, რამაც კამათი გამოიწვია. საკითხი აფხაზეთში თვეების განმავლობაში დისკუსიის საგანია და მის გარშემო მოქალაქეთა და ხელმძღვანელ პირთა პოზიციები ორად არის გაყოფილი.

ნადარაიას განცხადებით, დაპირისპირების მთავარი წყარო ის არის, რომ „მსგავს მგრნობიარე საკითხებს ხელისუფლება საზოგადოებასთან წინასწარ არ განიხილავს. ფართო აჟიოტაჟი სწორედ ამით არის განპირობებული და არა ანტირუსული განწყობებით“.

ხაშიგის მტკიცებით, „კურორტის რუსეთისთვის გადაცემის წინააღმდეგი არავინაა, თუმცა დოკუმენტის სამართლებრივი შეფასებაა აუცილებელი“.

თავის მხრივ, ინალ არძინბა დათანხმდა, რომ საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით, „აფხაზეთში რუსეთის ელჩს“, მიხეილ შურგალინს შეხვდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button