ახალი ამბები

კელი დეგნანი: აშშ საქართველოს ომში ჩათრევას არ ცდილობს

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა უარყო ბრალდებები, რომ თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევას ცდილობს და მას „100%-იანი რუსული დეზინფორმაცია“ უწოდა.

ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა რამდენიმე ექსპერტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის მხარდაჭერასთან დაკავშირებით დასავლეთის მხრიდან მზარდი კრიტიკის სამიზნე გახდა. ექსპერტების მოსაზრებებს ფართოდ აშუქებდა ტელეკომპანია „იმედი“.

„როდესაც ვისმენ ადამიანებისგან, რომ აშშ საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს ან საქართველოს ომში ჩათრევას და „მეორე ფრონტის“ გახსნას ცდილობს, ეს 100%-იანი რუსული დეზინფორმაციაა“, – უთხრა აშშ-ის ელჩმა ჟურნალისტებს.

„საერთოდ არ გვინდა, რომ საქართველო ამ ომში ჩათრეული ვიხილოთ“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველაფერი გააკეთა ამ ომის შესაჩერებლად, ბრძოლის შესაჩერებლად. საომარი მოქმედებების დაწყებამდეც კი, ამერიკის შეერთებული შტატები იყო ქვეყანა, რომელიც ყველაფერს აკეთებდა ამ ომის თავიდან ასაცილებლად“.

„ჩვენი აზრით, ის, რასაც ევროკავშირი და ნატო ემხრობიან, არის მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს ევროპის ყველა ქვეყანაში, ჩრდილოეთ ამერიკაში – სტაბილურობა, კეთილდღეობა და მშვიდობა, რაც თან ახლავს ევროატლანტიკური თანამეგობრობის წევრობას“, – განაცხადა ელჩმა.

„და ჩვენ ეს გვინდა საქართველოსთვისაც. ჩვენ ვიცით, რომ სწორედ ესაა ის, რაც ქართველ ხალხს უნდა“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button