ახალი ამბები

სოხუმს რეგიონული უსაფრთხოების საკითხი აშფოთებს

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო უწყების საზოგადოებრივმა საბჭომ 15 სექტემბერს სხდომა გამართა, სადაც გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა. „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, სხდომას რეგიონის მთავარი დიპლომატი ინალ არძინბა ხელმძღვანელობდა.

სხდომის დაწყებისას ინალ არძინბამ განაცხადა, რომ მსოფლიოსა და რეგიონში რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა და რომ „არსებობს ბევრი ძალა, რომლებიც იქითკენაა მიმართული, რომ რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური რესურსები დონბასიდან სხვა მხარეს მიმართოს“.

მისივე თქვით, „ერთ-ერთი მათგანი საქართველოა, რომელიც აქტიურად მართავს ნატოსთან სწავლებებს, უპილოტო საფრენ აპარატებს ყიდულობს და საკუთარ ტერიტორიაზეც ცდილობს მათ წარმოებას“.

„მშვიდობისთვის ასე არ ემზადებიან; ასე ომისთვის ემზადებიან“, განაცხადა მან და გამოთქვა ვარაუდი, რომ თბილისის მხრიდან აფხაზეთში კონფლიქტის დაწყების ალბათობა მაღალია.

უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ საქართველო „ორ ცეცხლს შუაა“ და რომ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის საკითხი უკრაინაში მისი შეჭრის „წარმატებაზე“ იქნება დამოკიდებული.

„თუ სიტუაცია უკრაინაში რუსეთის სასარგებლოდ განვითარდება, საქართველო თავშეკავებას გამოიჩენს; წინააღმდეგ შემთხვევაში, თბილისის შესაძლო ქმედებებმა რუსეთის წინააღმდეგ შესაძკია ბევრი ქვეყნის მხარდაჭერა მიიღოს“, – აღნიშნა მან.

შამბას თქმით, საჭიროა, რომ აფხაზეთმა ურთიერთობები განავითაროს დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებთან. „ჩვენ ეს ყველაფერი გავიარეთ და გვესმის მათი ტკივილი“, განაცხადა მან.

შამბამ ხაზი გაუსვა, რომ „მსოფლიო ახალ სტადიაზე გადავიდა და ეს რყევებს უკავშირდება“. მან არსებული სიტუაცია კუბის 1962 წლის სარაკეტო კრიზისს შეადარა, როდესაც საბჭოთა კავშირი და აშშ თითქმის ბირთვულ კონფლიქტამდე მივიდნენ. „დღეს სიტუაცია კიდევ უფრო რთულია“, დასძინა მან.

საზოგადოებრივი ორგანიზაციის „არუაა“ თავმჯდომარემ, თემურ გულიამ განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ უფრო რთულ ფაზაზე გადადის და აფხაზეთის სამხედრო უსაფრთხოების გასაძლიერებლად კონკრეტული ქმედებები წარმოადგინა.

იგი მდინარე ენგურზე სიმაგრეების მშენებლობისა და სამოქალაქო თავდაცვის გააქტიურებაზე მუშაობის დაწყების ინიციატივით გამოვიდა.

გალის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, თემურ ნადარაიამ განაცხადა, რომ საჭიროა აფხაზეთმა გაააქტიუროს ძალისხმევა დონბასში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის საქმეში.

მან თბილისის მხრიდან შესაძლო საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში შეტყობინების სისტემის შექმნის საჭიროებასაც გაუსვა ხაზი.

ნადარაიას თქმით, მედიამ უნდა აცნობოს მოქალაქეებს, სად მდებარეობს ბომბ-საწინააღმდეგო თავშესაფრები. ასევე საჭიროა მოსახლეობის მომზადება, რათა „ყველამ იცოდეს რა გააკეთოს“.

ოკუპირებული რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წევრმა, ალხას ბარციცმა განაცხადა, რომ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს აფხაზეთსა და დონეცკს, ასევე აფხაზეთსა და ლუგანსკს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ახალი შეთანხმებების მომზადებაზე, რომელთაც წლის ბოლოს მოეწერება ხელი.

ბარციცის თქმით, ამომრჩევლებს აწუხებთ საქართველოსთან შესაძლო სამხედრო დაპირისპირებისთვის ქვეყნის მომზადების საკითხი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button