ახალი ამბები

ტრანსგენდერ ქალებს საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ თავს დაესხნენ

ლგბტქ+ თემის უფლებადამცველი ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ განცხადებით, 29 მაისს, დილით, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, 30-მდე მამაკაცი ხუთ ტრანსგენდერ ქალს საცხოვრებელ სახლში ჯგუფურად თავს დაესხა.

ორგანიზაციის მიერ 29 მაისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდამსხმელებმა, რომლებიც ქვებით და აგურებით იყვნენ შეიარაღებულნი, სახლის მესაკუთრეზეც იძალადეს და საცხოვრებელი ბინაც დააზიანეს. ამასთან, „ტრანსგენდერი ქალების მისამართით ისმოდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა“.

„არსებობს ეჭვი, რომ ჯგუფური თავდასხმა წინასწარ იყო ორგანიზებული“, – აღნიშნეს უფლებადამცველებმა.

ერთ-ერთმა სავარაუდო დაზარალებულმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია, ტელეკომპანია „ფორმულას“ უთხრა, რომ ღამით სახლში დაბრუნებულს საძინებელ ოთახთან უცნობი მამაკაცი დახვდა, რომელმაც მას სექსუალური ურთიერთობა შესთავაზა, რაზეც უარი უთხრა და ბინიდან გააგდო.

მისივე თქმით, მამაკაცი ცოტა ხნის შემდგომ მუქარით უკან დაბრუნდა, რის შემდეგაც, მან პოლიცია გამოიძახა. „მოვიდა რამდენიმე გამომძიებელი [და] თითქოს ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა“.

თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ მის ორ ტრანსგენდერ მეგობარს შინ დაბრუნებისას, ტაქსთან სამი მამაკაცი დახვდა და თავს დაესხა. „ამ მამაკაცებს მოჰყვნენ მისი მეგობრები, მთლიანობაში, 30-მდე მაინც იყვნენ“.

„გარეთ ვეღარ გავალ, ვეღარც დღე, იმიტომ, რომ სახეზე მცნობენ უკვე, არა მარტო მე, [არამედ] ყველას… სახლის მისამართი იციან და ა.შ.“, – ხაზი გაუსვა მან.

კიდევ ერთმა სავარაუდო დაზარალებულმა აღნიშნა, რომ მის ერთ-ერთ მეგობარს სახის მიმართულებით „ბლოკი ესროლეს“, თუმცა მოტრიალება მოასწრო და ასცდა. მისივე მონაყოლით, ამის შემდეგ, მის მეგობარს დაეჯახნენ და ძირს დაეცა.

სამოქალაქო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლით (მე-2-ს „ა“) მიმდინარებს, რაც ჯგუფურად მუქარას გულისხმობს.

დანაშაული 170-200 სთ-მდე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, 2-წლამდე გამასწორებელი სამუშაოს ან 3-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სამინისტროში არ დაუზუსტებიათ დააკავეს თუ არა სავარაუდო ინციდენტის მონაწილენი.

უფლებადამცველები ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ

„თბილისი პრაიდმა“ მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს „მყისიერად და ეფექტურად გამოიძიოს ტრანსფობიის ეს სასტიკი გამოვლინება და უზრუნველყოს თავდასხმის მსხვერპლი ტრანსგენდერი ქალების უსაფრთხოების დაცვა“.

ამასთან, ორგანიზაციამ მოუწოდა პროკურატურას სავარაუდო დამნაშავეების წინააღმდეგ გამოძიებისას „მხედველობაში მიიღოს გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი, როგორც სავარაუდო დანაშაულის დამამძიმებელი გარემოება“.

„ძალადობასთან გამკლავება ტრანსგენდერი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია“, – განაცხადა „თბილისი პრაიდმა“.

„ეს ყველაფერი მოძალადეების დაუსჯელობისა და ხელისუფლების მიერ ლგბტქ+ თემის წევრების წინააღმდეგ წახალისებული ძალადობის გამოძახილია“, – ნათქვამია განცხადებაში.

„სახელმწიფოს დღემდე არ გააჩნია ჰომოფობიისა და ტრანსფობიის აღმოფხვრისაკენ მიმართული პოლიტიკა, რის გამოც ლგბტქ+ ადამიანების უფლებების დაცვა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება შეუძლებელი ხდება“, – ხაზგასმულია იქვე.

ორგანიზაციის თქმითვე, აშკარაა, რომ „სახელმწიფომ [უნდა] შექმნას თავშესაფარი „სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და უსახლკაროდ დარჩენილი ლგბტქ+ ადამიანებისთვის“.

ლგბტქ+ პირების უფლებებზე მომუშავე კიდევ ერთმა ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობამ“ განაცხადა, რომ მსხვერპლ ქალებს სამართლებრივ დახმარებას უწევს.

ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, ჰომოფობიური განწყობები ქვეყანაში მაღალი რჩება, თუმცა 2016 წელთან შედარებით, ის რიგ სფეროებში საგრძნობლად შემცირდა.

2021 წლის 5 ივლისის შემდეგ, რა დროსაც, ჟურნალისტებზე ჰომოფობიური ძალადობის ფონზე, „თბილისი პრაიდმა“ ლგბტქ+ თემის მხარდამჭერი „ღირსების მარში“ გააუქმა, ქართული ოცნების ხელისუფლებას ხშირად ადანაშაულებენ ამ თემის მიმართ ძალადობის წახალისებაში.

მანამდე, საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარება მიზანშეწონილი არ არის. პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აქციის ორგანიზატორების უკან „რადიკალური ოპოზიცია“ დგას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე 27-ვე დაკავებული გაამტყუნა. თუმცა, ხელისუფლებას ამ დრომდე პასუხისგებაში არ მიუცია ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორები.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button