skip to content
ახალი ამბები

კვლევის თანახმად, საქართველოში ჰომოფობიური განწყობები კვლავ მაღალია, თუმცა კლება შეინიშნება 

ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციის „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ჰომოფობიური განწყობები ქვეყანაში მაღალი რჩება, თუმცა 2016 წელთან შედარებით, ის რიგ სფეროებში საგრძნობლად შემცირდა.

„საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულების კვლევა ლგბტ(ქ)ი თემისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ“ 2021 წელს ჩატარებულ რაოდენობრივ და თვისობრივ კვლევას მოიცავს და 2016 წელს ჩატარებულ მსგავს კვლევასთანაა შედარებული.

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” განაცხადა, რომ ლესბოსელების მიმართ სოციალური მიმღებლობა ბოლო ხუთ წელიწადში უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე გეების მიმართ, ხოლო ბიფობიური განწყობები უფრო ძლიერადაა გამოხატული, ვიდრე ჰომოფობიური.

კვლევის თანახმად, 2016 და 2021 წლებში ჩატარებული კვლევების შედარება აჩვენებს, რომ ცვლილებებს ასიმეტრიული ხასიათი აქვს.

ჯგუფებს შორის სხვაობა სქესის, ასაკისა და ფენის თვალსაზრისით გაიზარდა. პოზიტიური ცვლილებები უფრო თვალშისაცემია ქალებში, ახალგაზრდებსა და დედაქალაქის მაცხოვრებლებში, ვიდრე კაცებში, ასაკოვან რესპონდენტებსა და ქალაქის ან სოფლის მცხოვრებლებში.

მკვეთრი ცვლილებები განათლების და გამოხატვის თავისუფლების ჭრილში

კვლევის თანახმად, ცვლილებები საზოგადოებრივ განწყობებში ლგბტ(ქ)ი ადამიანების მიმართ უფრო მკვეთრია გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისა და საგანმანათლებლო სფეროში დასაქმების საკითხებთან დაკავშირებით.

2016 წელს, იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომლებიც სრულად ან მეტწილად ემხრობოდნენ განათლების სფეროში ჰომოსექსუალების დასაქმების შეზღუდვას 77.5% იყო (განსაკუთრებით დიდია იმ რესპონდენტების წილი, რომელთაც რადიკალური პოზიცია ეკავათ – 65%).

მართალია, 2016 წლის მონაცემების 2021 წლის კვლევასთან უშუალო შედარება პრობლემურია, იმ რესპონდენტების წილი, ვინც გეებისა და ლესბოსელებისთვის განათლების სფეროში დასაქმებაზე აკრძალვის დაწესებას ემხრობა, 50%-ზე ნაკლებია.

ნახევარზე ოდნავ მეტია (53%) იმ რესპონდენტების წილი, ვინც არ ისურვებდა ტრანსი ადამიანების დასაქმებას ამ სფეროში. თითქმის ყოველი მესამე ამგვარ შეზღუდვას არ ეთანხმება.

მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტთა ნახევარზე მეტი (53%) კვლავ ემხრობა მოსაზრებას, რომ ლგბტ(ქ)ი ადამიანებს კანონით უნდა აეკრძალოთ შეკრებისა და გამოხატვის უფლება, 2016 წელთან შედარებით (78.1%), ამგვარი მოსაზრების მქონე რესპონდენტთა წილი თითქმის მეოთხედითაა შემცირებული.

იმ რესპონდენტთა წილი, ვინც ასეთ შეზღუდვას მიუღებლად მიიჩნევს, გაორმაგდა (2016 წელს ამგვარ რესპონდენტთა წილი მხოლოდ 14.6% იყო, ხოლო 2021 წელს 27.1%).

ამასთან, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, თითქმის 20 პროცენტული პუნქტით შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც ნეგატიურად აფასებდა აქტივისტების საქმიანობას (74.5%-დან 56.8%-მდე).

თუმცა, 2016 წელს არსებული ტენდენცია აქაც შენარჩუნებულია – საზოგადოება აქტივისტების მიმართ უფრო ნეგატიურადაა განწყობილი, ვიდრე ზოგადად ჰომოსექსუალების მიმართ.

2021 წლის კვლევის თანახმად, დებულებას – „ლგბტ(ქ)ი ადამიანების უფლებები დაცული უნდა იყოს, მაგრამ არაა საჭირო, რომ გეებმა/ლესბოსელებმა თავიანთი ცხოვრების სტილი სხვებს მოახვიონ თავზე“ – სრულიად ან ნაწილობრივ იზიარებს გამოკითხულთა 55.9%. 2016 წლის კვლევაში ეს მაჩვენებელი 80.6% იყო.

სტერეოტიპები და მითები კვლავ ძლიერია 

საზოგადოება ყველაზე ნაკლებ მიმღებლობას ერთნაირსქესიან ადამიანებს შორის ქორწინებისა და შვილად აყვანის საკითხებთან მიმართებით ამჟღავნებს. შვილად აყვანის უფლება ლესბოსელი და გეი ადამიანებისთვის, ისევე როგორც ქორწინების უფლება გაიგივებულია „პრივილეგიასთან” და არა თანასწორუფლებიანობასთან.

მიუხედავად ზემოთქმულისა, 2016 წელთან შედარებით, გეიქორწინების მოწინააღმდეგეთა პროცენტული წილი 14.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა (88.8%-იდან 74.6%-მდე), მომხრეთა რაოდენობა კი – 5.4%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება გეი/ლესბოსელი წყვილებისთვის შვილად აყვანის უფლებას, მოწინააღმდეგეთა წილი შემცირდა დაახლოებით 12-13 პროცენტული პუნქტით (81.3%-დან 67.6%-მდე და 66.9%-მდე).

რესპონდენტების წილი, ვინც ფიქრობს, რომ „გეების უმეტესობა პედოფილია“, 2016 წელთან შედარებით გაიზარდა. 2016 წელს, დაახლოებით 21.4% სრულად ან ნაწილობრივ იზიარებდა ამ დებულებას, ხოლო 2021 წელს მათი რაოდენობა 28.8%-მდე გაიზარდა. იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომლებიც (სრულად ან ნაწილობრივ) არ ეთანხმებიან ამ მოსაზრებას, 35.9%-დან 25.5%-მდე შემცირდა.

რესპონდენტების თითქმის ნახევარი (48.2%) ეთანხმება დებულებას, რომ „ლგბტ(ქ)ი ადამიანები პრივილეგიებისთვის იბრძვიან და არა თანასწორი უფლებებისთვის”. 19% სრულად ან მეტწილად არ ეთანხმება ამ მოსაზრებას; 15.1% არც ეთანხმება და არც არ ეთანხმება, ხოლო 17.7%-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა ან უარი თქვა პასუხზე.

2021 წლის კვლევის თანახმად, რესპონდენტების 61.2% სრულად, ხოლო 12.3% ნაწილობრივ არ ეთანხმება დებულებას, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად საქართველოს გეიქორწინების ლეგალიზება მოუწევს. 2016 წელს, ეს მაჩვენებელი 54.4% და 11.8% იყო.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ იმ რესპონდენტების წილი, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ „ჰომოსექსუალთა რიცხვი მოიმატებს იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება არ განაცხადებს ხმამაღლა, რომ ჰეტეროსექსუალობა ურთიერთობის ერთადერთი სწორი ფორმაა“, 2016 წელს არსებული 78%-დან 2021 წელს 52.6%-მდე შემცირდა.

რესპონდენტების 38.6%-ს მიაჩნია, რომ სახელმწიფო სათანადოდ არ რეაგირებს ლგბტ+ ადამიანების წინააღმდეგ ძალადობისა და დისკრიმინაციის ფაქტებზე. გამოკითხულთა მხოლოდ 30.7% აფასებს სახელმწიფოს რეაგირებას, როგორც სათანადოს.

რაოდენობრივი კვლევა 2021 წლის 27 სექტემბრიდან 18 ოქტომბრამდე პირისპირ ინტერვიუების მეთოდით გამოყენებითი კვლევების კომპანიამ (ARC) ჩაატარა. გამოკითხვაში 1 610 რესპონდენტი მონაწილეობდა. მათი 29.3% დედაქალაქის მცხოვრებია, 28.0% – სხვა ქალაქის ტიპის დასახლების, ხოლო 42.7% – სოფლის ტიპის დასახლების. კვლევის ფარგლებში, სულ 20 ფოკუსჯგუფი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა სოციალური და პროფესიული ჯგუფის 150-მა წარმომადგენელმა მიიღო. 

პუბლიკაცია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ მოამზადა „გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „გაეროს ქალთა ორგანიზაცია“, „გაეროს განვითარების პროგრამა“ და „გაეროს მოსახლეობის ფონდი“ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button