skip to content
ანალიზიახალი ამბები

ძალადობა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებული აქციის წინააღმდეგ



კონტრდემონსტრანტები სასულიერო პირების ხელმძღვანელობით პოლიციის კორდონს არღვევენ, რათა თავისუფლების მოედნისკენ გაიკვლიონ გზა და ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქცია ჩაშალონ. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით 17 მაისს დაგეგმილი აქცია მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ათასობით მართლმადიდებელი აქტივისტები და სასულიერო პირები რამდენიმე ათეულ ლგბტ აქტივისტებს და მათ მხარდამჭერებს დაუპირისპირდნენ.
 
აქციის ათასობით მოწინააღმდეგემ, მათ შორის მართლმადიდებელმა აქტივისტებმა და სასულიერო პირებმა თბილისის ცენტრში შეკრება დაგეგმილ აქციამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყეს. მათ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ არსებული ტერიტორია დაიკავეს. სწორედ აქ გეგმავდნენ ლგბტ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით აქციის გამართვას.
 
კონტრდემონტრაციის მონაწილეებს ხელში ეკავათ ბანერები სხვადასხვა წარწერებით, მათ შორის „შეაჩერეთ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა საქართველოში“ და ასევე ხატები; ზოგიერთ მომიტინგეს ჭინჭრებიც კი ეკავა ხელში, როგორც ამბობდნენ „ჰომოსექსუალების დასასუსხად“.
 
ერთი დღით ადრე, 16 მაისს, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ წერილობით განცხადებაში ხელისუფლებას დემონტრაციაზე „ჰომოსექსუალებისათვის მიცემული ნებართვის“ გაუქმებისკენ მოუწოდა. მან განაცხადა, რომ ეკლესია „ჰომოსექსუალიზმს ანომალიად და დაავადებად მიიჩნევს“, ხოლო ასეთი მიდრეკილებების მქონე ადამიანებს „მეტად მძიმე ცოდვაში მყოფ პიროვნებებად“ განიხილავს, რომლებსაც „დახმარება და გამოსწორებისათვის სულიერი თანადგომა სჭირდებათ და არა წახალისება და, მითუმეტეს, მათი მდგომარეობის მოსახლეობისათვის თავსმოხვევა“.
 
სამი დღით ადრე, პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სექსუალური უმცირესობები თანასწორუფლებიანი მოქალაქეები არიან და საზოგადოება „თანდათან მიეჩვევა ამას“; მან პირობა დადო, რომ ხელისუფლება დაგეგმილი აქციის მონაწილეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.
 
ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით აქციის ჩატარება 13:00 საათზე იგეგმებოდა პარლამენტის ყოფილი შენობის წინ; მაგრამ რადგანაც ეს ადგილი დიდი რაოდენობით კონტრდემონსტანტებმა დაიკავეს, ლგბტ აქტივისტებს ალტერნატიული ადგილის მოძებნა მოუხდათ თავისუფლების მოედანთან მდებარე პუშკინის სკვერში.
 
რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე დიდი რაოდენობით პოლიცია იყო განთავსებული.
 
პოლიციის კორდონს რუსთაველის გამზირი გადაკეტილი ჰქონდა თავისუფლების მოედნის მიმართულებით, როგორც დაცვის საშუალება, რათა აღეკვეთილიყო კონტრდემონსტარტების გადაადგილება ლგბტ აქტივისტების და მათი მხარდამჭერების აქციისკენ.
 
როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია აქციის ადგილის შეცვლის თაობაზე, კონტრდემონსტრანტები სასულიერო პირების ხელმძღვანელობით თავისუფლების მოედნისკენ დაიძრნენ.
 
მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და განსაკუთრებული წინააღმდეგობის გარეშე თავისუფლების მოედნისკენ დაიძრენ, სადაც პირველი ქაოტური დაპირისპირებები მოხდა, რომლებიც შემდეგ მიმდებარე ქუჩებსაც მოედო.
 
კონტრდემონსტრანტები მთელ თავისუფლების მოედანს მოედნენ; პოლიციამ რამდენიმე მუნიციპალური ავტობუსის მობილიზება მოახდინა, რათა ლგბტ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები ადგილიდან გაეყვანა; როგორც ჩანს, ევაუკაციის ეს გეგმა პოლიციას წინასწარ ჰქონდა მომზადებული. 



პოლიცია მუნიციპალური ავტობუსებით ლგბტ აქტივისტების და მათი მხარდამჭერების ევაკუაციას ახდენს, რათა ისინი აგრესიულად დაძრულ კონტრდემონსტრანტებს გაარიდოს თავისუფლების მოედნიდან.  გურამ მურადოვი/Civil.ge 
 
მოგვიანებით იმავე დღეს რამდენიმე უფლებადამცველმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ პოლიციას კოორდინაცია აკლდა და მათი ქმედებები, რომ ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეები კონტრდემონსტრანტებისგან დაეცვა, ხშირად უსუსური იყო. მათივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ორიენტირებული იყო აქციის მონაწილეთა ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაყვანაზე და არა აქციის დაცვაზე.
 
აგრესიული ახალგაზრდა მამაკაცები, და ასევე რამდენიმე მღვდელი, იმ ავტობუსებს დაედევნენ, სადაც მათ ეგონათ, რომ  აქციის მონაწილეები ისხდნენ. „მოკალით ეს ბოზები“, – იყვირა ერთ–ერთმა. 
ლესელიძის ქუჩაზე კონტრდემონსტრანტების ჯგუფმა ავტობუსი გააჩერა, რადგანაც მათ შეცდომით ეგონათ, რომ მას ლგბტ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები გადაყავდა; თუმცა, სანამ ამას დაადგენდნენ, რამდენიმე თავდასხმელმა ავტობუსის წინა შუშას ნაგვის ურნა ესროლა, სხვებმა კი მძღოლი ძალით ჩამოიყვანეს ავტობუსიდან.
 
ცალკე ადგილას, თავისუფლების მოედნის შორიახლოს, მანქანას, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით ლგბტ აქტივისტები გადაყავდა, ხალხის დიდმა ჯგუფმა ალყა შემოარტყა, ზოგიერთმა მათგანმა ქვებისა და სხვა საგნების სროლა დაიწყეს; ერთ ჟურნალისტს მძიმე საგანი მოხვდა თავში, რის შემდეგაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 
 
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სულ ცოტა სამი პოლიციელი; დაშავებულთა ნახევარს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. 



სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. მას კონტრდემონსტრანტები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და პოლიციას ჩარევა მოუხდა, რათა ის ადგილიდან გაეყვანა. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge 
 
ერთ–ერთი ინციდენტის დროს ახალგაზრდა მამაკაცს და ქალს ფილარმონიის მახლობლად აგრესიული ახალგაზრდები დაესხნენ თავს, თუმცა მათ მოახერხეს და ახლომდებარე „პოპულის“ სუპერმარკეტს შეაფარეს თავი, რომელსაც მოგვიანებით მართლმადიდებელი აქტივისტების დიდმა ჯგუფმა  ალყა შემოარტყა. პოლიცია ადგილზე მივიდა, რათა ხალხისთვის არ მიეცა საშუალება ეს ადგილი შტურმით აეღო. როდესაც ინციდენტის ადგილას სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მივიდა, მას კონტრდემონსტრანტები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და პოლიციას ჩარევა მოუხდა, რათა ის ადგილიდან უსაფრთხოდ გაეყვანათ.
 
კონტრდემონსტრანტების რაოდენობა თბილისის ცენტრში მას შემდეგ შემცირდა, რაც ერთმა სასულიერო პირმა მოუწოდა მათ სამების საკათედრო ტაძარში გადასულიყვნენ სალოცავად. მოგვიანებით, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ ეკლესია „ემიჯნება ძალადობას“, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ „ცოდვის“ პროპაგანდა დაუშვებელია.
 
პარასკევს საღამოს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა დაგმო ძალადობა და პირობა დადო, რომ დამნაშავეებს „კანონის შესაბამისად მოექცევიან“.
 
ამერიკის შეერთებული შტატებიდან გაკეთებულ სატელევიზიო განცხადებაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე დაგმო ძალადობა და მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკას დასდო ბრალი საზოგადოებაში ძალადობის ფონის გაზრდის გამო. 



საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი მიმართავს მართლმადიდებელ აქტივისტებს, რომ სამების საკათედრო ტაძარში გადაინაცვლონ სალოცავად. ტაძარში მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ ქართველმა ერმა 17 მაისს საკუთარი „იდენტობა“ გამოავლინა და დასძინა, რომ ის, რაც 17 მაისს მოხდა, ქართველი ერის დაკვეთა იყო. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge 
 
17 მაისის მოვლენებს ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში განსხვავებული რეაქციები მოყვა. დეპუტატმა დავით საგანელიძემ, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერია, ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის ორგანიზატორებს დასდო ბრალი და განაცხადა, რომ ისინი და მათი სპონსორები არიან პასუხიმგებელი ამ „პროვოკაციის“ გამო. ეს განცხადება უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა დაგმეს. 
 
ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა თინა ხიდაშელმა კატეგორიულად დაგმო ძალადობა და განაცხადა, რომ არ არსებობს იმის არგუმენტი, რაც ამ „ვანდალიზმს“ გაამართლებს.
 
თუმცა, იგი არ დაეთანხმა პოლიციის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას და მათ ქმედებებს „ადეკვატური“ უწოდა. მისი თქმით, კონტრდემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას მეტი გართულებები, ძალადობა და არეულობა მოყვებოდა.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა მოგვიანებით 17 მაისს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და დაწყებულია სამართალწარმოება როგორც სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციული დანაშაულების საქმეებზე. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენ ასეთ ფაქტზეა დაწყებული გამოძიება.
 
ინფორმაცია დაკავებების შესახებ 17 მაისის დღის ბოლომდე არ გავრცელებულა.   



ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
 
Amnesty International-მა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გამოიძიოს ძალადობა და პასუხისმგებელი პირები დასაჯოს. 
 
„საქართველოში სახიფათო ტენდენცია ხდება რელიგიური და სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებისადმი თვალის დახუჭვა და დაუსჯელობა, თუ მათ მართლმადიდებელი სასულიერო პირები ან მათი მიმდევრები ჩადიან. უბრალოდ მიუღებელია, რომ ხელისუფლებამ  განაგრძოს რელიგიის სახელით ანდა რეალური თუ აღქმული სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამო განხორციელებული თავდასხმების დაშვება“, – განაცხადა Amnesty International-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორმა ჯონ დალჰუისენმა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ გააკრიტიკა ის სასულიერო პირები, რომლებიც კონტრდემონსტრანტებს წინ მიუძღოდნენ და განაცხადა, რომ  საქართველოს კანონმდებლობით,  ნებისმიერი სასულიერი პირი, რომელიც ძალადობას ჩადის ან ძალადობისკენ მოუწოდებს სახიფათო ვითარებაში, თავად ჩადის დანაშაულს.  ბოკერიამ იმედი გამოთქვა, რომ ეკლესიაში აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან ამას და იქვე დასძინა, რომ სამწუხაროდ, 17 მაისის მოვლენების დროს „მორალური“ ინიციატივა იმ ხალხის ხელში იყო, რომლებიც სიძულვილს ქადაგებენ და ძალადობას სჩადიან. მისი თქმით, ეს ადამიანები კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯონ.    

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button