ახალი ამბები

სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე ბრალდებული კიდევ 7 პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს 5 ივლისს, ლგბტ თემის მხარდამჭერი „ღირსების მარში“ საწინააღმდეგო აქციაზე ჰომოფობიური ძალადობის საქმეზე კიდევ 7 ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

მედიის ცნობით, ბრალდების მხარე მათგან სამს გამოცემა „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტის, გიორგი ნიკოლიშვილზე, სამს „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორ ლევან ბრეგაძეზე, ერთს კი – რიგით მოქალაქეზე ძალადობას ედავებოდა.

მსჯავრდებულთაგან ექვსს სასამართლომ 1-წლიანი პატიმრობა, ერთს კი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბრალდებულების მიმართ გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის (154), დევნის (156), ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის (225) მუხლებით მიმდინარეობდა.

თუმცა, მედიის ცნობით, მოსამართლემ 225-ე მუხლი ძალადობის მუხლით გადააკვალიფიცირა.


5-6 ივლისს ჰომოფიბიური ძალადობის საქმეზე სამართალდამცველებმა ჯამში 31 პირი დააკავეს, მათგან 27 ჟურნალისტებზე ძალადობისთვის, ერთი რიგით მოქალაქეზე, სამი კი – „თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდასხმისთვის.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, სასამართლომ ჟურნალისტებზე ძალადობაში უკვე ყველა პირი ცნო დამნაშავედ, მათგან 26-ს სხვადასხვა ვადით პატიმრობა შეუფარდა, 1-ს კი – 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. პატიმრობა მიუსაჯეს რიგით მოქალაქეზე ძალადობისთვის დაკავებულსაც.

არსებული მდგომარეობით, განაჩენს მხოლოდ „თბილისი პრაიდის“ ოფისზე სამი თავდამსხმელი ელოდება, რომელთაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

საგულისხმოა, რომ სამართალდამცველ ორგანოებს 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე არ გამოუვლენია და ბრალი ჯერ არავისთვის წაუყენებია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button