ახალი ამბები

ომბუდსმენმა 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ სამართლებრივ დევნის დაწყება მოითხოვა

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას 6 სექტემბრის განცხადებით, მან ტელევიზია „ალტ ინფოს“ წამყვან ზურაბ მახარაძისა და მღვდელმსახურ სპირიდონ ცქიფურიშვილის წინააღმდეგ 5 ივლისის ჰომოფობიური ძალადობის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.

ომბუდსმენის თქმით, 5 ივლისის მოვლენებიდან ორი თვის შემდეგაც კი, ძალოვან უწყებებს არავისთვის წარუდგენიათ ბრალი ძალადობის ორგანიზებისათვის. თუმცა, ლომჯარიას განცხადებით, საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები საკმარისია, რათა მახარაძისა და ცქიფურიშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯარო მოწოდების ფაქტებზე.

ნინო ლომჯარიამ ვიდეო მასალაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ „ალტ ინფოს“ წამყვანი 5 ივლისს „უშუალოდ ხელმძღვანელობდა“ ძალადობას, ხოლო ცქიფურიშვილმა ღირსების მარშის კონტრაქციის დამსწრეებს ღიად მოუწოდა „სამშობლოსთვის“ ძალადობისაკენ.

5 ივლისის მოვლენების შედეგად თბილისში 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაზარალდა, ხოლო დაგეგმილი ღირსების მარში „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო გააუქმეს. ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილეობის გამო პროკურატურამ ბრალი დღემდე ჯამში 27 პირს წარუდგინა.

პოლიციელებმა ლევან ვასაძესთან დაკავშირებული ტელევიზია „ალტ ინფოს“ წამყვანები 16 ივლისს გამოკითხეს და მათი სახლებიც გაჩხრიკეს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ გამოძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ცნობები აღარ გაუვრცელებია.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 23 ივლისს განაცხადა, რომ ყველა მოძალადე იყო „დაჭერილი“ და „დასჯილი“. მისივე თქმით, „ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა“.


შსს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ სახალხო დამცველის საპასუხოდ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა „მხოლოდ“ პროკურორების უფლებამოსილებაა. მან ასევე აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი საკითხის შეფასებისას მხოლოდ საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას ეყრდნობოდა და მას 5 ივლისის მოვლენების გამოძიების მასალებზე წვდომა არ ჰქონია.

დარახველიძის განცხადებით, პროკურორი განსჯის, არსებობს თუ არა საკმარისი მტკიცებულება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე ბრალის წარსადგენად.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button