skip to content
ახალი ამბები

სტრასბურგმა საქართველოს მთავრობა 2013 წ. ლგბტ აქტივისტებზე თავდასხმის საქმეზე გაამტყუნა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ხელისუფლება 2013 წლის 17 მაისს თბილისში ლგბტ აქტივისტებზე თავდასხმისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აქციის ჩაშლის საქმეზე გაამტყუნა. სასამართლომ აღნიშნა, რომ აქტივისტების წინააღმდეგ „უპრეცედენტო ძალადობა“ სახელმწიფომ თავის ნებაზე მიუშვა.

სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ იმ დღეს ვერ შეძლო მშვიდობიანი დემონსტრანტები ჰომოფობიური და ტრანსფობიური აგრესიისგან დაეცვა და რომ მოგვიანებით, თავდასხმის საქმეების გაჭიანურებული გამოძიება „არაადეკვატურად“ ჩატარდა.

სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა) და მე-11 მუხლი (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება), მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთობლიობაში. მთავრობას მოსარჩელეებისთვის საერთო ჯამში 193 500 ევროს გადახდა დაეკისრა.

სასამართლოს თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ კარგად იცოდა ლგბტ დემონსტრაციის ჩატარებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ და რომ ვიდეომტკიცებულებები ძალადობაში ხელისუფლების პასუხისმგებლობას ასახავს.

„რა თქმა უნდა, სასამართლო ვერ გამორიცხავს იმ შესაძლებლობასაც, რომ ძალადობის უპრეცედენტო მასშტაბზე გავლენა იქონია ხელისუფლების წარუმატებლობამ, რომ ერთი წლით ადრე, 2012 წლის 17 მაისს ლგბტ თემის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები დროულად და ობიექტურად გამოეძიებინა“, – განაცხადა სასამართლომ.

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ადგილობრივი პოლიციის მიერ 2013 წლის ძალადობის გამოძიებაში რეალური შედეგების არქონამ გამოავლინა ხელისუფლების უუნარობა ან შესაძლოა სურვილის არქონა, რომ ჰომოფობიის და/ან ტრანსფობიის ნიადაგზე განხორციელებული ძალადობა გამოეძიებინა.

იმ პერიოდში, საქართველოში ლგბტ თემის წინააღმდეგ დოკუმენტებით გამყარებული მტრული განწყობის გათვალისწინებით, სასამართლომ განაცხადა, რომ საჭიროა ხელისუფლებამ ის ალბათობაც გამოიძიოს, რომ დისკრიმინაციამ თავისი როლი ითამაშა დანაშაულის ჩადენაში.

სარჩელი საქართველოს 35-მა მოქალაქემ და ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა და იდენტობამ – 2013 წლის 15 და 16 ნოემბერს შეიტანეს. სასამართლომ იმ 27 მოსარჩელის განაცხადი განიხილა, რომლებიც უშუალოდ დაზარალდნენ თავდასხმების დროს. დანარჩენმა რვამ თავის დაღწევა მოახერხა.

2013 წლის 17 მაისს, ლგბტ აქტივისტების ჯგუფს, რომლებიც თავისუფლების მოედნის მახლობლად ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავდნენ, სასულიერი პირების ხელმძღვანელობით მიმდინარე კონტრაქციის, დაახლოებით, 35 000 – 40 000 მონაწილე დაესხა თავს. იმ დღეს სულ ცოტა 28 ადამიანი დაშავდა.

2015 წელს, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციამ სათანადოდ ვერ დაიცვა გეი უფლებების დამცველთა მცირე ჯგუფი თავდასხმისგან, როდესაც ისინი 2012 წლის 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button