ახალი ამბები

ბჟანია აიბღას სასაზღვრო მონაკვეთზე, ენერგეტიკისა და თბილისთან ვაჭრობის შესახებ საუბრობს 

თითქმის სამსაათიან პრესკონფერენციაზე ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ რეგიონის აქტუალური საკითხების, მათ შორის, სოფელ აიბღას გარშემო არსებული უთანხმოების, კრიპტოვალუტის მოპოვების, თბილისთან ვაჭრობისა და მოსკოვთან ორმაგი მოქალაქეობის თაობაზე შეთანხმების შესახებ ისაუბრა.

აიბღას გარშემო რუსეთთან უთანხმოება გრძელდება

ჟურნალისტებმა ბჟანიას სოფელ აიბღას სასაზღვრო მონაკვეთზე რუსეთთან არსებული უთანხმოების დეტალებზე ესაუბრა. ორად გაყოფილი სოფელი მდინარე ფსოუს ორივე ნაპირზე მდებარეობს. ერთი მხარე რუსეთს ეკუთვნის, ხოლო მეორე — საქართველოს აფხაზეთის რეგიონს. ისინი გასულ კვირას აფხაზეთ-რუსეთის „სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის“ შეხვედრებითაც დაინტერესდნენ.

„დღეს არავინ არავის ტერიტორიულ პრეტენზიებს არ უყენებს“, – იტყობინება „აფსნიპრესი“ ბჟანიას სიტყვებზე დაყრდნობით. მან განმარტა, რომ სამუშაოები აღმოსავლეთიდან დასავლეთით ხორციელდება და აიბღამდე ის ჯერ არ მისულა.

აიბღას საკითხზე შეთანხმებას სოხუმი და მოსკოვი უკვე ათწლეულებია ვერ ახერხებენ. საკითხზე ერთიმეორეს აფხაზეთის პოლიტიკურ სპექტრშიც ედავებიან ხოლმე. გასულ კვირას აფხაზეთის სახალხო მოძრაობამ, რომელსაც 2020 წლის არჩევნებზე ბჟანიას მთავარი მეტოქე და ყოფილი „ეკონომიკის მინისტრი“, ადგურ არძინბა ხელმძღვანელობს, ხელისუფლებას კომისიის მუშაობის დეტალების გასაჯაროებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საკითხი „განსაკუთრებით მგრძნობიარეა“.

ენერგოსექტორი, კრიპტოვალურის მოპოვება

აფხაზეთის ლიდერმა ასევე ისაუბრა კრიპტოვალუტის მოპოვების შესახებაც, რამაც 2020 წელს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მწვავე ენერგოკრიზისს რეგიონში და რასაც ელექტროენერგიის დეფიციტი მოჰყვა.

ბჟანიამ თავისი წინამორბედი რაულ ხაჯიმბა 2018 წელს კრიპტოვალუტის მოპოვების აკრძალვის გამო გააკრიტიკა, ვინაიდან, მისი თქმით, არავინ იცოდა როგორ გაეკონტროლებინა ეს აკრძალვა. „კრიპტოვალუტის მოპოვება კარგი ბიზნესია. ეს არ არის ძარცვა. მას შემოსავალი მოაქვს. მაგრამ ეს საქმიანობა არ უნდა განხორციელდეს სხვების საზიანოდ“, – იტყობინება „აფსნიპრესი“ ბჟანიას სიტყვებზე დაყრდნობით.

„გვინდა, რომ ჩვენს მოქალაქეებს ამ ბიზნესის ცივილიზებულ ორგანიზებაში დავეხმაროთ. პრობლემა კი არ უნდა მოვახრჩოთ, არამედ ის უნდა მოგვარდეს“, – განაცხადა მან.

მისი ადმინისტრაციის მიერ 2020 წელს კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის განკუთვნილი კომპიუტერების იმპორტზე დაწესებული შეზღუდვის შესახებ საუბრისას, ბჟანიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ დაახლოებით 6 000 მოწყობილობა ამოიღო, თუმცა 30 000 მოწყობილობა კვლავ ადგილობრივების ხელში რჩება.

რაც შეეხება ელექტროენერგიის საკითხებს, ბჟანიამ ხაზი გაუსვა, რომ ელექტროენერგიის 24-წლიანი სამომხმარებლო დავალიანება 1.8 მლრდ რუბლს შეადგენს, მიუხედავად დაბალი ტარიფისა (40 რუსული კაპიკი). მისი თქმით, ზოგიერთი სოფელი დავალიანებას სრულად არ იხდის.

მისივე თქმით, იგეგმება ტარიფის ეტაპობრივი ზრდა, რომელიც მომხმარებელთა განსხვავებულ კატეგორიაზე იქნება მორგებული.

აფხაზეთის ენერგოკრიზისი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2021 წლის დასაწყისში ენგურჰესი, რომელიც რეგიონს ელექტროენერგიით ამარაგებს, რამდენიმე თვით რეკონსტრუქციის გამო გაითიშა და რეგიონს მხოლოდ რუსეთის მიერ მოწოდებული ელექტროენერგიის გამოყენება მოუწია. აფხაზეთმა ელექტროენერგიის მიწოდებაზე დაწესებული შეზღუდვები 28 აპრილს, ჰესის ჩართვისთანავე გააუქმა.

ენგურჰესის 271.5 მეტრი სიმაღლის ბეტონის თაღოვანი კაშხალი ადმინისტრაციული საზღვრის თბილისის მიერ კონტროლირებად მხარეს მდებარეობს, ხოლო მისი ხუთი გენერატორი გალის რაიონში ოკუპირებული აფხაზეთის მხარესაა. თბილისსა და სოხუმს შორის არსებული არაფორმალური შეთანხების თანახმად, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიას თბილისი და სოხუმი იყოფენ.

კონტრაბანდა ენგურზე

დანარჩენ საქართველოსთან გამყოფ ხაზზე არსებული კონტრაბანდის შესახებ საუბრისას, ბჟანიამ თბილისთან „ლეგალური“ ვაჭრობისკენ მოუწოდა. სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, მან განაცხადა, რომ დაახლოებით 1 მლრდ რუბლის საქონლის კონტრაბანდულად გადაზიდვა ხდება თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და იმავე რაოდენობის უკან. მისი თქმით, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ძირთადად თხილის მიწოდება ხდება, რომელსაც „საექსპორტო გადასახადი“ არ ეკისრება.

მისივე თქმით, ოკუპირებულ რეგიონში კონტრაბანდულად შემოტანილ საქონელზე გადასახადის დაკისრების შემთხვევაში, რეგიონი შემოსავლის სახით 50 მლნ რუბლს მიიღებს.

ბჟანიამ ოპონენტები თბილისთან ვაჭრობის საკითხის პოლიტიზებაში დაადანაშაულა და აღნიშნა – „მე მომხრე ვარ, რომ ვაჭრობის პროცესი ამ საზღვარზე ლეგალური იყოს. ჯერჯერობით ამას ვერ ვახერხებთ, მაგრამ ამ საკითხს დავუბრუნდებით. დრო გვაიძულებს, რომ აქამდე მივიდეთ“.

2021 წლის თებერვალში, ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა სერგეი შამბამ თბილისთან „ლეგალური ვაჭრობის“ დამყარების მოწოდებები გააკეთა, რასაც აფხაზეთის ოპოზიციური ორგანიზაციების კრიტიკა მოჰყვა. აფხაზეთის ომის ვეტერანების გავლენიანი ჯგუფი „არუაა“ დაიმუქრა, რომ შამბას გადადგომას მოითხოვდნენ, თუ ის დანარჩენ საქართველოსთან ვაჭრობის საკითხის „ლობირებას“ კვლავაც გააგრძელებდა.

რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობა

ბჟანიას თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების პროექტი შეაჯერა და 25 აგვისტოს უკან გადაუგზავნა, იტყობინება „აფსნიპრესი“. ახლა შეთანხმებას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უნდა მოაწეროს ხელი, რაც აფხაზეთის მოსახლეობას რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გაუმარტივებს.

ამჟამად, აფხაზეთის, დაახლოებით 200 000 მკვიდრი რუსული პასპორტის მფლობელია.

ორმაგ მოქალაქეობაზე შეთანხმება სოხუმისა და მოსკოვის მიერ 2020 წლის ნოემბერში საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის შესახებ ხელმოწერილი პროგრამის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. თბილისმა დაგმო ეს შეთანხმება და მას დე-ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯი უწოდა.

დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა

ბჟანიამ ასევე ისაუბრა ხელისუფლების ძალისხმევაზე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში და განაცხადა, რომ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მძიმე დანაშაულების რაოდენობა შემცირებულია. მისი თქმით, ხელისუფლებამ შეძლო სამართალდამცველი ორგანოების მობილიზება, თუმცა ეს „არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა მოგვარებულია“.

„აფსნი თუდეის“ ინფორმაციით, ბჟანიამ აღნიშნა, რომ მან „შინაგან საქმეთა სამინისტროს“, „უშიშროების სამსახურს“ და „პროკურატურას“ ახალი ხელმძღვანელობები შეურჩია. მისი თქმით, სამივე ეს სტრუქტურა დიდი ხანია საზოგადოების კრიტიკის სამიზნე იყო. თუმცა, მან აღიარა, რომ პრეტენზიები კვლავ რჩება.

ბჟანიას თქმით, „კრიმინალური ავტორიტეტები“ პატიმრობაში ან ადმინისტრაციული ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან. მან გაიხსენა, რომ წლების წინ, ჩვეული მოვლენა იყო, რომ კრიმინალური ავტორიტეტები ქუჩაში თავისუფლად სეირნობდნენ.

მან სამართალდამცველები უკანონო იარაღის და საბრძოლო მასალის ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლაში განხორციელებული ძალისხმევისთვის შეაქო და აღნიშნა, რომ 2020 წელს 2.7 მლნ ერთეული საბრძოლო მასალა იქნა ამოღებული.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button