ახალი ამბები

ენერგოდეფიციტის ფონზე, სოხუმმა კრიპტოვალუტის მოპოვების ახალი ზომები შემოიღო 

მოსალოდნელი ენერგოდეფიციტის ფონზე, ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ კრიპტოვალუტის მოპოვების დარეგულირების მიზნით, ახალი ზომები შემოიღო.

რეზოლუცია, რომელიც ოკუპირებული რეგიონის „მთავრობამ“ 21 სექტემბერს მიიღო, კრიპტოვალურის მოპოვებისთვის განკუთვნილი კომპიუტერების იმპორტზე სამოცდღიან შეზღუდვას აწესებს, სხვა ზომები კი – ელექტროენერგიის მოხმარებას, კრიპტოვალუტის მოპოვების ნებართვებსა და საგადასახო რეგულაციებს ეხება.

ოკუპირებული აფხაზეთის „ეკონომიკის სამინისტროს“ საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება და კრიპროვალუტის მოპოვებისთვის საჭირო საქმიანობის განსაზღვრა დაევალა, ხოლო კომპანია „ჩერნომორენერგოს“ ელექტროენერგიის მოხმარების დასაშვები ნორმებისა და კრიპროვალუტის მოპოვებისთვის მოხმარების ლიმიტის განსაზღვრა ეთხოვა.

ახალი რეგულაციის თანახმად, ის პირები, რომელთაც კრიპროვალუტის მოპოვება სურთ, იურიდიულ პირებად უნდა დარეგისტრირდნენ და საგადასახადო რეგისტრაცია გაიარონ, რომლის ამონაწერსაც „ეკონომიკის სამინისტრო“ არაუგვიანეს 7 ნოემბრისა გასცემს. შემდეგ, დარეგისტრირებულ პირებს მოსთხოვენ, რომ ელექტროსისტემაზე მიერთების შესახებ განაცხადი არაუგვიანეს 21 ნოემბრისა შეიტანონ.

გადაწყვეტილებით ასევე გაუქმდა 2018 წელს აფხაზეთის წინა ხელმძღვანელობის მიერ შემოღებული დროებითი ზომები, რომელიც „ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვის მიზნით“ კრიპროვალუტის მოპოვებას კრძალავდა.

კრიპროვალუტის მოპოვების თითქმის ორწლიანი აკრძალვის მიუხედავად, წინა შეზღუდვები კრიპროვალუტის მოპოვებისთვის საჭირო აპარატურის შემოტანას არ კრძალავდა, რასაც რეგიონში კრიპროვალუტის უკანონო მოპოვება მოჰყვა.

ოკუპირებული რეგიონის „საბაჟო კონტროლის“ ხელმძღვანელმა, გურამ ინაფშბამ განაცხადა, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში რეგიონმა კრიპროვალუტის მოპოვებისთვის საჭირო აპარატურის იმპორტიდან 6 მილიონი რუსული რუბლი მიიღო. მან ასევე დასძინა, რომ მხოლოდ თებერვალში „მებაჟეებმა“ 38 ასეთი კონტრაბანდული დანადგარის შემოტანა აღკვეთეს.

ენერგოდეფიციტი

ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგოდეფიციტის თემა ბოლო წლებში საკმაოდ აქტუალურია. აგვისტოში რეგიონმა რუსული ელექტროენერგია მიიღო და შემოდგომაზე რეგიონის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თაობაზე მოლაპარაკებებიც გაიმართა. არსებული პროგნოზით, ნოემბერში კიდევ ერთი ენერგოდეფიციტია მოსალოდნელი.

ოკუპირებუბლი აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ ენერგომომარაგებაზე, როგორც მოსახლეობის ყველაზე სერიოზულ პრობლემაზე არაერთხელ ისაუბრა და დაბალი ფასები და კრიპტოვალუტის მოპოვება ენერგომომარაგების მთავარ გამოწვევებად დაასახელა.

გარდა კრიპტოვალუტის მოპოვების შესახებ რეგულაციებისა, ოკუპირებული აფახეზეთის „მთავრობამ“ 21 სექტემბერს ელექტროენერგიის გამოყენების შესახებ ახალი რეგულაცია მიიღო, რომლითაც იმ პირებს, რომლებიც კრიპტოვალუტის მოპოვებაში არიან ჩართულნი, ჩვეულებრივ სამომხმარებლო ტარიფზე ოთხჯერ მეტი ტარიფის გადახდა მოუწევთ.

მიუხედავად ახალი რეგულაციებისა და განახლებული ტარიფებისა, იმ ფონზე, როდესაც ენგურჰესის სადერივაციო გვირაბში 2021 წლის თებერვალში სარემონტო სამუშაოები იგეგმება, ოკუპირებული რეგიონის ელექტროსისტემა, შესაძლოა, ენერგოდეფიციტის წინაშე, მაინც დადგეს.

ოკუპირებული აფხაზეთი მთლიანად ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული, რომლის 271.5 მეტრი სიმაღლის ბეტონის თაღოვანი კაშხალი ადმინისტრაციული საზღვრის თბილისის კონტროლირებად მხარეს მდებარეობს, ხოლო მისი ხუთი გენერატორი გალის რაიონში ოკუპირებული აფხაზეთის მხარესაა. თბილისსა და სოხუმს შორის არსებული არაფორმალური შეთანხების თანახმად, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთში მიდის, ხოლო 60%-ს დანარჩენი საქართველო იღებს. თუმცა, ბოლო წლებში აფხაზეთი რეალურად 40%–ზე ბევრად მეტს მოიხმარს და 2019 წლის მდგომარეობით, აფხაზეთში გამომუშავებული ელექტროენერგიის 48% მიდის, დანარჩენი საქართველო კი – 52 %-ს იღებს.

„ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან მებონიამ თებერვალში განაცხადა, რომ ვინაიდან ჰესი რემონტისთვის დაიკეტება, აფხაზეთის ელექტროგომომარაგება ამ პერიოდში იმპორტის მეშვეობით უნდა განხორციელდეს. ამ ეტაპზე აფხაზეთის ხელისუფლება რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა რემონტის დროს აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება რუსეთიდან უზრუნველყონ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button