ახალი ამბები

რუსულ–აფხაზური უთანხმოება სოფელზე “სასაზღვრო მოლაპარაკებებში”

მოსკოვსა და სოხუმს შორის სასაზღვრო მოლაპარაკებების დროს არსებული დავის მოგვარება "მნიშვნელოვანი გამოცდა“ იქნება რუსულ–აფხაზური "მეგობრული ურთიერთობებისთვის,“ იტყობინება "აფსნიპრესი“ სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტის ვიცე–სპიკერის ირინა აგრბას სიტყვებზე დაყრდნობით.

"რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის საზღვის დელიმიტაციისა და დემარკაციის“ ერთობლივმა აფხაზურ–რუსულმა კომისიამ თავისი მეორე შეხვედრა მოსკოვში მიმდინარე კვირას გამართა.

აფხაზური ტელეკომპანია "აბაზა“ იტყობინებოდა 31 მარტს, რომ შეხვედრის შემდეგ მიღებულ ერთობლივ კომუნიკეში კომისიამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები "კონსტრუქციული სულისკვეთებით“ გაიმართა და შემდეგ რაუნდზე მხარეებს მოუწევთ ზუსტად განსაზღვრონ სასაზღვრო ზოლი სოფელ აიბგას მიმდებარე ტერიტორიაზე.

ეს საკითხი მას შემდეგ მოექცა ყურადღების ცენტრში, რაც აფხაზურმა გაზეთმა “ნოვი დენ”, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი მთავრობის მიმართ, 14 მარტს გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც მოსკოვს 160 კვადრატული კილომეტრი მიწის მიერთება სურს აფხაზეთის ტერიტორიის სიღმეში.

თუმცა, როგორც რუსეთის საგარეო უწყების წყარომ რუსულ გაზეთ „კომერსანტს“ განუცხადა, სადავო ტერიტორია "ბევრად უფრო პატარაა, ვიდრე 160 კვადრატული კილომეტრი“.

"ეს საკითხი არსებობს, თუმცა ის ვერ იქნება განხილული, როგორც პრობლემა,“ – განაცხადა წყარომ.

სადავო სოფელი აიბგა აფხაზეთის საზღვრის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი არც თუ ისე შორსაა კრასნია პოლიანადან – ეს რუსეთის სათხილამურო კურორტია, რომელმაც სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშების დროს სპორტულ შეჯიბრებებს უნდა უმასპინძლოს.

"სოფელი აიბგა ჩვენს ტერიტორიაზე მდებარეობს; ის როგორც გეოგრაფიულად, ისე ისტორიულად აფხაზეთის ტერიტორიაა; თუმცა, მოსკოვის მიერ წარმოდგენილ პროექტში, ის რუსეთს მიეკუთვნება,“ – განაცხადა ირინა აგრბამ.

მისი თქმით, მთელი ისტორიის მანძილზე აფხაზეთის ტერიტორია "კლებულობდა, ამიტომ მიწის საკითხი აფხაზი საზოგადოების მიერ ძალიან მგრძობიარედ აღიქმება, ვინაიდან ის აფხაზეთის სუვერენიტეტს უკავშირდება“.

"ეს იქნება გარკვეული შემოწმება ჩვენი სანდო და მეგობრული ურთიერთობებისა რუსეთთან და მათ უნდა გაუძლონ ამ მნიშვნელოვანი საკითხის გამოცდას,“ – დასძინა მან.

აგრბამ ასევე აღნიშნა, რომ რუსული მხრიდან არ არსებობდა სურვილი "უმალ გაეზიარებინათ აფხაზეთის პოზიცია“.

"აფხაზურ მხარეს ბევრი მუშაობა მოუწევს ისტორიულ მასალასთან, არქივებთან და რუქებთან, და კიდევ ახალი არგუმენტები იქნება წარმოდგენილი იმისათვის, რომ წერტილი დაესვას ამ საკითხს,“ – განაცხადა მან.

თუმცა, მან ასევე გააფრთხილა, რომ არ ღირს წარსულში ზედმეტად ჩაღრმავება, ვინაიდან "ეს ჩიხში შეგვიყვანს, საიდანაც ორივე მხარესთვის ძალიან რთული იქნება გამოსვლა“.

სეპარატისტული აფხაზეთის პრემიერ–მინისტრმა სერგეი შამბამ განუცხადა „კომერსანტს“, რომ რუსეთ–აფხაზეთის ე.წ. საზღვარი მდინარე ფსოუზე უნდა გავიდეს, აფხაზეთის ყოფილი საბჭოთა ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრის მიხედვით.

"ჩვენ ამგვარი მიდგომა სამართლიანი მიგვაჩნია და ჩვენ დავიცავთ [ამ პოზიციას],“ – განაცხადა შამბამ "კომერსანტთან“ ინტერვიუში, რომელიც 31 მარტს გამოქვეყნდა.

მან განაცხადა, რომ მოსკოვს განსხვავებული პოზიცია გააჩნია, თუმცა დასძინა, რომ მოლაპარაკებების პროცესში ყველა უთანხმოება მოგვარდება.

"ეს პროცესი ახლახანს დაიწყო… ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკითხი უნდა მოგვარდეს რაიმე უარყოფითი შედეგების გარეშე – ეს ყველაზე მნიშვნელოვანია,“ – დასძინა შამბამ.

საქართველომ დაგმო რუსულ–აფხაზური მოლაპარაკებები და განაცხადა, რომ მათ შორის მიღწეულ შეთანხმებებს არავითარი სამართლებრივი შედეგები არ ექნება.

“საერთაშორისო-სამართლებრივი თვალსაზრისით ოკუპანტ ქვეყანასა და მის მიერვე შექმნილ საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. მოლაპარაკებები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთის დელიმიტაციისა და დემარკაციის თაობაზე არის უკანონო და მათ შორის მიღწეულ შეთანხმებებს არ ექნება არავითარი სამართლებრივი შედეგები,“– განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 18 მარტს. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button