ახალი ამბები

მოსკოვმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება დაიწყო 

რუსეთმა 11 დეკემბრიდან ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მას შემდეგ დაიწყო, რაც ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გაჩერების თავიდან აცილების მიზნით, 15 ნოემბრიდან რეგიონში დენის მიწოდების გრაფიკი ამოქმედდა და ელექტროენერგია დღეში სამჯერ, ორ-ორი საათით ითიშება.

აფხაზეთში რუსული ელექტროენერგიის იმპორტი წინ უსწრებს ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის დაწყებას, რაც 2021 წლის თებერვალში იგეგმება და რომლის დროსაც ელექტროენერგიის მიწოდება რეგიონისთვის კიდევ უფრო შეიზღუდება.

ოკუპირებულ რეგიონში ბოლო დროს ენერგოდეფიციტი შეინიშნება და პრობლემა სხვა საკითხებთან ერთად, კრიპტოვალუტის უკანონო მოპოვებას უკავშირდება, რაც რეგიონის ისედაც მყიფე ენერგოსტაბილურობას კიდევ უფრო აუარესებს.

ენერგოდეფიციტის ფონზე, ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ კრიპტოვალუტის მომპოვებლების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება 8 დეკემბრიდან 2021 წლის 1 ივნისამდე ხელახლა აკრძალა. მანამდე, სექტემბერში, რეგიონმა კრიპტოვალუტის მოპოვების დაშვების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მკაცრი შეზღუდვებით, რადგანაც წინა ხელისუფლების მიერ 2018 წელს შემოღებული აკრძალვა არაეფექტური გამოდგა.

აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ რეგიონის ენერგოსისტემის „სრულ აღდგენას“, დაახლოებით, 10 მილიარდი რუბლი დასჭირდებოდა.

ოკუპირებული აფხაზეთი უკვე წლებია მთლიანად ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული, რომლის 271.5 მეტრი სიმაღლის ბეტონის თაღოვანი კაშხალი ადმინისტრაციული საზღვრის თბილისის მიერ კონტროლირებად მხარეს მდებარეობს, ხოლო მისი ხუთი გენერატორი გალის რაიონში ოკუპირებული აფხაზეთის მხარესაა.

თბილისსა და სოხუმს შორის არსებული არაფორმალური შეთანხების თანახმად, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთში მიდის, ხოლო 60%-ს დანარჩენი საქართველო იღებს. თუმცა, ბოლო წლებში, აფხაზეთი რეალურად 40%–ზე ბევრად მეტს მოიხმარს და 2019 წლის მდგომარეობით, აფხაზეთში გამომუშავებული ელექტროენერგიის 48% მიდის, ხოლო 52%-ს დანარჩენი საქართველო იღებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button