skip to content
ახალი ამბები

შამბა თბილისთან ვაჭრობის ლეგალიზების საჭიროებაზე საუბრობს

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ და რეგიონის უშიშროების საბჭოს მოქმედმა ხელმძღვანელმა სერგეი შამბამ თბილისთან „ლეგალური ვაჭრობის“ დამყარების მოწოდებები გააკეთა და განაცხადა, რომ დანარჩენ საქართველოსთან ოფიციალური სავაჭრო ურთიერთობები აფხაზეთის ხაზინას ფინანსური სახსრებით შეავსებს.  

30 იანვარს აფხაზურ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში შამბამ განაცხადა, რომ მთლიანი შემოსავალი იმ გაყიდული საქონლიდან, რომელიც გამყოფი ხაზის გასწვრივ მიედინება, კერძო პირების ხელში მიდის, რომლებიც სარგებლობენ არსებული რეჟიმით და ამიტომაც, დანარჩენ საქართველოსთან „პროცესის ლეგალიზაციას“ ეწინააღმდეგებიან.  

შამბამ ასევე განაცხადა, რომ „არალეგალური“ სავაჭრო ქსელი კოვიდ-19-ის პანდემიის „რთულ დროსაც კი“ მოქმედებს. მისი თქმით, მიუხედავად „დახურული საზღვრებისა“, ქართული საქონელი აფხაზურ ბაზარზე მაინც შემოდის.  

„აქ ერთდაერთი გზა ვაჭრობის ლეგალიზაციაა“, განაგრძო მან და დასძინა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ოფიციალურ ვაჭრობას ეწინააღმდეგებიან, ამას „ბიუჯეტის გვერდით ავლით ვაჭრობაში” პირადი დაინტერესების მიზეზით აკეთებენ.

შამბას განცხადებას აფხაზეთის ოპოზიციური ორგანიზაციების კრიტიკა მოჰყვა. აფხაზეთის ომის ვეტერანების გავლენიანმა ჯგუფმა „არუაა“-მ დღეს განაცხადა, რომ სოხუმსა და თბილისს შორის ოფიციალური ვაჭრობა „ჩვენი [აფხაზეთის] სახელმწიფოს დასასრულის დასაწყისი“ იქნება.  

„არუაა“ დაიმუქრა, რომ შამბას გადადგომას მოითხოვენ, თუ ის დანარჩენ საქართველოსთან ვაჭრობის საკითხის „ლობირებას“ კვლავაც გააგრძელებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button