skip to content
ახალი ამბები

სოხუმმა ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი შემოიღო 

ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის გამო, რასაც „ქსელზე მასობრივი უკანონო მიერთებები“ განაპირობებს, მიწოდებაზე შეზღუდვები დააწესა.

კომპანია „ჩერნომორენერგომ“, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის განაწილებას უზრუნველყოფს, 15 ნოემბერს განაცხადა, რომ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გაჩერების თავიდან აცილების მიზნით, დენის მიწოდება დღეში სამჯერ ორ-ორი საათით შეწყდება.

აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ ჟურნალისტებს 17 ნოემბერს უთხრა, რომ რეგიონი, შესაძლოა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს, თუ ისინი არასასურველ, თუმცა საჭირო ზომებს არ მიიღებენ.

ოკუპირებულ რეგიონში ბოლო დროს ენერგოდეფიციტი შეინიშნება და პრობლემა სხვა საკითხებთან ერთად, კრიპტოვალუტის უკანონო მოპოვებას უკავშირდება, რაც რეგიონის ისედაც მყიფე ენერგოსტაბილურობას კიდევ უფრო აუარესებს.

„ჩერნომორენერგოს“ ინფორმაციით, ელექტროენერგიის მოხმარება რეგიონში, რომლის მოსახლეობაც მეოთხედ მილიონზე ნაკლებია, ყოველწლიურად 5-9%-ით იზრდება. კომპანიის ცნობით, ხელმისაწვდომი შესაძლებლობებით მოხმარების არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაც კი შეუძლებელია.

„ჩერნომორენერგომ“ 16 ნოემბერს სხვადასხვა რაიონში რეიდი განახორციელა და კრიპტოვალუტის მომპოვებელი საშუალებები ქსელიდან გამორთო. თუმცა, ოპოზიცია „უფრო მკაცრ ზომებს“ ითხოვს.

„კრიპტოვალუტის მომპოვებელთა საქმიანობების გარეშეც, ენერგოსექტორში კრიტიკული სიტუაცია რამდენიმე წლის წინ შეიქმნა“, – განაცხადა ბჟანიამ და დასძინა, რომ მათ პრობლემის მოსაგვარებლად სერიოზული კერძო ინვესტიციები სჭირდებათ, ვინაიდან აფხაზეთს საჭირო ფინანსები არ გააჩნია.

ბჟანიამ ასევე აღნიშნა, რომ ენგურჰესის სარემონტო სამუშაოების დროს მოსკოვი აფხაზეთს ელექტროენერგიით დაეხმარება: „მომავალი წლის გაზაფხულზე, ენგურჰესი რამდენიმე თვით გაჩერდება სარემონტოდ. ჩვენ გვჭირდება ელექტროენერგია და სხვა ვარიანტი, გარდა რუსული დახმარებისა, არ გვაქვს“, – განაცხადა ბჟანიამ. მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ გამართულ შეხვედრაზე პუტინი მას რეგიონისთვის დახმარებას დაჰპირდა.

ოკუპირებული აფხაზეთი მთლიანად ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული, რომლის 271.5 მეტრი სიმაღლის ბეტონის თაღოვანი კაშხალი ადმინისტრაციული საზღვრის თბილისის კონტროლირებად მხარეს მდებარეობს, ხოლო მისი ხუთი გენერატორი გალის რაიონში ოკუპირებული აფხაზეთის მხარესაა.

თბილისსა და სოხუმს შორის არსებული არაფორმალური შეთანხების თანახმად, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთში მიდის, ხოლო 60%-ს დანარჩენი საქართველო იღებს. თუმცა, ბოლო წლებში, აფხაზეთი რეალურად 40%–ზე ბევრად მეტს მოიხმარს და 2019 წლის მდგომარეობით, ენგურჰესიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის 48% მიდის აფხაზეთში, ხოლო 52%-ს დანარჩენი საქართველო იღებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button