skip to content
რესპუბლიკა 100რესპუბლიკის ამბები

16 მაისი, 1921: სილიბისტრო ჯიბლაძის წერილი ემიგრაციაში მყოფ მთავრობის წევრებს

წყარო:საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 2117, ანაწერი 1, საქმე 11.

პასუხი მივიღეთ, მოსალოდნელი იყო, შურისძიების გრძნობამ გადასწონა გონიერებას და … უარი გვითხრეს [გაზეთის გამოცემისთვის ნებართვის მიცემაზე]. აღარც გაზეთი, არც თავშესაფარი [პარტიის ბინა], აღარც თუგინდ ერთი პატარა ოთახი, რომ შეძლება გვქონდეს ერთმანეთის შეხვედრის, გაგზავნილი დელეგაციის მოსმენის. იძულებული ვიყავით ალექსანდროვის ბაღში მოგვესმინა, თანდასწრებით რასაკვირველია, მკვდრეთით აღმდგარის ნიკოლოზის მფარველთა მთელი ჯოგისა.

ქალაქზე უფრო უნუგეშო მდგომარეობაა სოფლად. თქვენ წარმოიდგინეთ, რა ჯურის პირები იქნება იქ გაბატონებული და როგორ გამოიყენებენ ისინი ამ ბატონობას, მარა ეგებ თქვენ არ იცით, რომ არის ისეთი სოფელი, ისეთი საზოგადოებაც კი, სადაც არ აღმოჩნდა სულ [ერთი კაციც კი] კომუნისტები, ან აღმოჩნდა მარა ვერ გაბედა გავრდნილი ძალა-უფლების ხელში აღება.

რა ქნას ხალხმა განაგრძობს თვითონ ძველებურათ თავისებურათ – ვაი, თუ გაჯავრდენ…  და აი აქ ისეთი ხერხისთვის მიუმართავთ: ხელოვნურათ გაუკომუნისტებიათ რამოდენიმე სინდისიერი არაკომუნისტი და მათ კალთაში ჩაუბარებიათ რამოდენიმე თავი… ასეთია ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, რაზედაც უთითებენ იქიდან, მოსკოვიდან, და ისე უწევენ ანგარიშს აქაურები ამ თავისუფლებას…

სახელმწიფო ენას ვითომ იცავენ, მარა ენით, საქმით კი, როგორ შეუძლიათ აწარმოვონ საქმეები ქართულად არა ქართველებმა. ასეთები კი ბევრ დაწესებულებებში ბევრათ ჭარბობენ.

დავკარგეთ ყველამ გონება, პანიკას გამოვეკიდეთ, ყველამ ყველაფერი უკუ ვაგდეთ და გაგდებული სხვებმა აიღეს.

სილიბისტრო ჯიბლაძე

აქ რასაკვირველია, ყველაფერს მათ ვერ დავაბრალებთ, დავკარგეთ ყველამ გონება, პანიკას გამოვეკიდეთ, ყველამ ყველაფერი უკუ ვაგდეთ და გაგდებული სხვებმა აიღეს. მარა მე არ მინდა აქ ვილაპარაკო ჩვენს შეცდომებზე, ჩვენს დეფეკტებზე, რაზედაც არა მარტო მტრები, მოკავშირეებიც ყვიროდენ და რამაც ყველას დასანახათ წამოყო თავი როცა მეხი გავარდა. თუ გვეშველა და როდესმე ფეხზე დავდექით (რამე სასწაულით) წასული გაკვეთილი, მწარე გაკვეთილი, ბევრს რასმეს გვაწავლის, ასეა მოკლეთ აქ.

როგორია იქ, როგორი ხართ და რას ფიქრობთ? რად არ დაუცადეთ მაშინ გრიშას [ლორთქიფანიძის] დაბრუნებას ქუთაისიდან [1921 წლის 17 მარტს გრიგოლ ლორთქიფანიძე ჯერ კიდევ ქუთაისში იმყოფებოდა სადაც ბოლშევიკებთან მოლაპარაკებებს მართავდა ბრძოლების დროებით შეჩერებისათვის. მთავრობის წევრები ბათუმიდან ლორთქიფანიძის გარეშე წავიდნენ ემიგრაციაში – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა], ან რატო ორი სტრიქონით მაინც არ გვამცნეთ რაიმე წასვლისას – აკი დღენახევარი იდექით?

აქ ბევრს ლაპარაკობენ სხვათა შორის გაზიდული საქონლის შესახებ. ეს მეტად მტკივანი ადგილია და თქვენ ამას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ამას გარდა ახლავე უნდა დასძრათ იქიდან ყველანი, ვისი დაძვრაც კი შეიძლება მეტადრე იმ ჯგუფებიდან, რომელიც მთავრობის ხარჯზეა: რას აკეთებს მაგალითად ბატონი მთავარსარდალი [გენერალი კვინიტაძე]? იმას აქ ხომ დასაჩუქრების მეტი არა მოელის რევკომიდან, ეს განა მან არ იცის? განა მან არ იცის ის ფაქტი რომ როცა ის ჩვენ თავგანწირვით მებრძოლ ჯარს უკან ახევინებდა, ასეთი უკან დახევა უკვე ნაბრძანები ჰქონდა ჩვენს მტერს!.. (ეს ეგებ თქვენც არ იცით). ყველა ჩვენს გენერლებში ყველაზე უფრო ოდიოზური მათთვის იყო მაზნიევი [გიორგი მაზნიაშვილი]. მიუხედავათ ამისა მთელი წითელი ჯარის შედგენა ადგილობრივ მას მიანდვეს. ერთი სიტყვით საჭიროა ხალხის, ოფიცრების დაძვრა უკან [ემიგრაციიდან საქართველოში].

თქვენი სილვა

მსგავსი/Related

Back to top button