ახალი ამბები

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 103 წელი გავიდა

საბჭოთა წითელი არმიის მიერ საქართველოს დედაქალაქის აღებისა და საბჭოთა ოკუპაციის დაწყებიდან 103 წლისთავთან დაკავშირებით 25 თებერვალს, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს.

საბჭოთა ოკუპაციის დღე საქართველოში ოფიციალურად მას შემდეგ აღინიშნება, რაც 2010 წელს პარლამენტმა ერთხმად მიიღო დადგენილება, რომლითაც მთავრობას კომუნისტური საოკუპაციო რეჟიმის პოლიტიკური რეპრესიების ასიათასობით მსხვერპლის მოსახსენიებლად, ყოველ 25 თებერვალს სხვადასხვა მემორიალური ღონისძიების ორგანიზება დაევალა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და დეპუტატებმა 25 თებერვალს დილას კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაწერა ტვიტერზე: „მომავლის შესანარჩუნებლად წარსულის გაკვეთილების გახსენება აუცილებელია. დღეს დამოუკიდებლობამ და თავისუფლებამ გაიმარჯვა! რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოსცადოს ჩვენი სიმტკიცე ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ ჰიბრიდულ ზომების გამოყენებით, წარსულს ვერ აღადგენს. საქართველო თავისუფალი და მტკიცეა, მტკიცედ მიემართება ევროპისკენ და ვერავინ გადაიყვანს იმ გზიდან, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია“. საბჭოთა ოკუპაციის წლისთავის აღსანიშნავად პრეზიდენტის სასახლეში რიგი ღონისძიებები დაიგეგმა.

აღნიშნა რა, რომ „ეს დღე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი და ტრაგიკულია“, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში, რომ „მიუხედავად ქართველ პატრიოტთა დიდი ძალისხმევისა მაშინდელმა ახლადშექმნილმა რესპუბლიკამ ვერ შეძლო გამკლავებოდა ბოროტ ძალას, რომელმაც ჩვენ ქვეყანას მოუსპო განვითარების და თავისუფლების პერსპექტივა“. მისი თქმით, „ოკუპაცია დღესაც გრძელდება“, მაგრამ „განსხვავებით გასული საუკუნის 20-იანი წლებისა, დღეს ჩვენ გაცილებით ძლიერი, სუვერენული და თავდაჯერებულები ვართ. ჩვენ შეგვწევს ძალა და გვაქვს მიზანი, რომ დავასრულოთ ოკუპაცია, გავამთლიანოთ ქვეყანა და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი“.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა: „უმძიმესი დღეებია საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ამავდროულად, ამ დღეებში მთელმა მსოფლიომ დაინახა, თუ რაოდენ დიდი იყო სიმამაცე, პატრიოტიზმი საქართველოს სახელმწიფოს მცველების“.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ, რომელიც ასევე იმყოფებოდა კოჯორში, განაცხადა, რომ „ჩვენ დღეს მოვედით აქ გმირების დაფასებისთვის, იმისათვის, თუ როგორი გაფრთხილება უნდა თავისუფლებას და სახელმწიფოებრიობას“. მისი თქმით, „ყველამ ვიცით, ვინცაა ქართული ოცნება, მაგრამ დღეს მაინც თავს შევიკავებ იმიტომ, რომ არსებობს დღეები, როცა პარტიულ კუთვნილება მნიშვნელობა არ აქვს“.

„ჩვენი დღევანდელი მტერი პირდაპირი მემკვიდრეა ბოროტებისა, რასაც იუნკრები და ის ადამიანები შეეწირნენ, ვისაც პატივს დღეს მთელი საქართველო მივაგებთ“, – განაცხადა პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ. „დღესაც, იმავე ტიპის გამოწვევის წინაშე ვართ, ამ ისტორიულ მომენტში უნდა მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის შიგნით შეკვრა, ჩვენი მტრისთვის ქვეყნის შიდა ეროვნული სხეულისა, არანაირი სივრცის არ დათმობა; თავისუფალ სამყაროსთან ინტეგრირებით, ჩვენი თავდაცვის გაძლიერებით, ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვა. ნებისმიერი სხვა ალტერნატიული გზა მტერთან რაიმე სახის დალაგების მცდელობის ისე, რომ ჩვენ არ ვიყოთ ძლიერები და თავისუფალი სამყაროს ნაწილი, არის კარგ შემთხვევაში თავის მოტყუება, ხოლო უარეს შემთხვევაში, მტრის საქმის პირდაპირ კეთება“.

საბჭოთა რუსეთი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1921 წლის 11-12 თებერვლის ღამით შემოიჭრა, მიუხედავად იმისა, რომ ის 9 თვით ადრე აღიარა. თბილისის გარშემო რამდენიმედღიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ, წითელი არმია დედაქალაქში 25 თებერვალს შემოვიდა და ამ დღეს დაიწყო საქართველოს 70 წლიანი საბჭოთა ოკუპაცია. ქართველების წინააღმდეგობა კიდევ ხუთ კვირას გაგრძელდა. მთავრობა ჯერ ქუთაისში გადავიდა, შემდეგ ბათუმში, საიდანაც 1921 წლის 17 მარტს საფრანგეთში გაიხიზნენ. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღადგინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button