ისტორიის რვეულირესპუბლიკა 100

წაგებული ომის მოგებული ბრძოლა

1921 წლის 19 თებერვალი, სოღანლუღი

თბილისის მისადგომებთან, ერთი საუკუნისა და სამი  წლის წინ, 19 თებერვლის სუსხიან და ვარსკვლავებით განათებულ ღამეს დიდი ბრძოლა მოხდა, რომელშიც ქართულმა რაზმებმა მომხდური ბოლშევიკური რუსეთის არმია უკუაგდეს და ქართველებს გამარჯვების იმედი ჩაუსახეს.


დიმიტრი სილაქაძე – ისტორიის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეროვნული არქივი


მტრის მოახლოებასა და წითელი კავალერიის ქალაქის ქუჩებში შემოჭრას ქალაქის მაცხოვრებლები შიშით ელოდნენ. ღამის განმავლობაში არტილერიის კანონადა მოსახლეობას მშვიდი ძილის საშუალებას უსპობდა, ქვემეხების ხმის დროებითი ჩაჩუმება კი კიდევ მეტად ზაფრავდა ხოლმე მომლოდინეთ – ვაითუ მოწინააღმდეგემ  თავდაცვის ხაზი გამოარღვია და ქალაქის ქუჩებში შემოაღწიაო. მოსახლეობის მეორე ნაწილი საბრძოლო სამზადისში იყო.

გამთენიას კი ქალაქში ხმა გავარდა – ჩვენმა ჯარებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს და  ქალაქში წითლები მალე არა ცხენებით, არამედ დატყვევებულებით შემოვლენო.

ასეც მოხდა: სასახლის წინ რუსი ტყვეები ჩამოატარეს. გამარჯვებამ მოსახლეობის და ჯარის საბრძოლო განწყობა აამაღლა. ახლა უკვე ფიქრობდნენ, რომ დიდი რუსეთის ჯარების დამარცხება შესაძლებელი იყო. ეს სიხარული არასრული კვირის განმავლობაში გაგრძელდა.

რუსი ტყვე ჯარისკაცები თბილისის ქუჩებში. წყარო: კინოქრონიკა, საქართველოს ეროვნული არქივი

ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ თბილისში ეს ამბავი ზოგს დაავიწყდა ან ზოგსაც დაავიწყეს. სოფელ სოღანლუღის ადგილას, იქ, სადაც 1921 წლის 19 თებერვალს ბრძოლა მოხდა, საბჭოთა ეპოქაში ფონიჭალის დასახლება აშენდა. იქ მცხოვრებმა ადამიანებმა კი ხშირად არაფერი იციან იმ ერთი ღამის შესახებ, რომელმაც თბილისს მოკლეხნიანი სიხარული მიანიჭა.

მოწინააღმდეგე მხარეთა ძალები და გეგმები

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომი ქართველებისთვის ძალიან ცუდად დაიწყო. სარდლობის შეცდომებისა და სხვა მიზეზთა გამო 11-16 თებერვლის ბრძოლებში სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის ჯარებმა სრული კატასტროფა განიცადეს. მოწინააღმდეგემ ტყვედ ჩაიგდო ოთხიდან ხუთ ათასამდე ქართველი ჯარისკაცი, დანარჩენი კი დაიფანტა. მხოლოდ მცირერიცხოვანმა ძალებმა მოახერხეს თბილისისკენ მწყობრად უკან დახევა.

ამ ყველაფრის გამო 16 თებერვალს მთავრობამ მთავარსარდალი ილია ოდიშელიძე გიორგი კვინიტაძით ჩაანაცვლა. მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ამავე დღეს უკვე თბილისიდან ევაკუაციაც განიხილებოდა, თუმცა ახალ მთავარსარდალს მიაჩნდა, რომ საქმე კი ძალიან ცუდად იყო, მაგრამ იარაღის ღირსება უნდა დაეცვათ და თბილისი მტრისთვის უბრძოლველად არ უნდა დაეთმოთ. 

გენერალმა კვინიტაძემ სარდლობა 16 თებერვალს ჩაიბარა

მას დაეთანხმნენ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია და გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელიც. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ, დამფუძნებელმა კრებამ, დაადგინა, რომ მათ სასწრაფოდ უნდა მიეღოთ ზომები ორი-სამი ათასი მებრძოლის შესაგროვებლად. კრების ზოგიერთი წევრი მებრძოლთა გასამხნევებლად ჯარში უნდა წასულიყო. 17 თებერვალს რუსები ქართული ჯარის ნარჩენების დევნას აგრძელებდნენ და თბილისის სიახლოვეს, ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მარნეული, კოდა და ასურეთი დაიკავეს.

გენერალმა კვინიტაძემ თავი მოუყარა არსებული ჯარის ნარჩენებს, მცირე დროში მობილიზაციით მოგროვებულ სათადარიგო ჯარისკაცებსა და მოხალისეებს და თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით თავდაცვის სამი სექტორი შექმნა.

მარჯვენა სექტორი მოიცავდა კოჯორს, ტაბახმელასა და თელეთის ქედის სივრცეს შავნაბადას მონასტრამდე და მას გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი მეთაურობდა. 18-19 თებერვალს, ქალაქთან რუსების მოახლოებისას, მის განკარგულებაში იყო არმიის ორი – მეოთხე და მეათე ბატალიონი, ასევე სამხედრო სკოლის იუნკერთა ასეული და ნაცვალთა (უნტერ-ოფიცერთა) სამი ასეული.

ცენტრალური სექტორი მოიცავდა მონაკვეთს თელეთის ქედზე არსებული შავნაბადას მონასტრიდან სოღანლუღის ჩათვლით, მდინარე მტკვრამდე. ამ მონაკვეთს მეთაურობდა გენერალი გიორგი მაზნიაშვილი. მის განკარგულებაში იყო არმიის მეცხრე და თბილისის სადარაჯო ბატალიონები, სასაზღვრო რაზმი და ხაშურისა და გორის გვარდიის ბატალიონები.

მარცხენა სექტორი მოიცავდა ტერიტორიას მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მდინარე ლოჭინის გაყოლებით სოფელ ლილომდე. ამ სექტორს გენერალი არტემ ჯიჯიხია მეთაურობდა და მას ექვემდებარებოდა გვარდიის სამი ბატალიონი. სოფელ ლილოში კი ქართული მცირერიცხოვანი საკავალერიო რაზმი იდგა.

18 თებერვლისთვის დედაქალაქის დამცველთა რიცხვი დაახლოებით ექვსი ათასი კაცისგან შედგებოდა. მათ განკარგულებაში იყო ოთხი ჯავშანმატარებელი, რამდენიმე ჯავშანმანქანა და ოცზე მეტი საარტილერიო დანადგარი. პარალელურად კი თბილისში მიმდინარეობდა ფრონტიდან დაბრუნებული და სათადარიგო ბატალიონების აღდგენა-დაკომპლექტების პროცესი.

საბჭოთა რუსეთის ძალები

11-12 თებერვლის ღამით დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებში საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია ღიად არ ჩართულა. ისინი საქმეს ისე წარმოაჩენდნენ, თითქოს მხოლოდ ბორჩალოს მაზრის ნეიტრალურ ზონაში მცხოვრები ადამიანები აუჯანყდნენ ქართველებს. სინამდვილეში, ამ ზონის მოსახლეობის ნაწილი ქართულ ნაწილებზე თავდასასხმელად 1920 წლის დეკემბრიდან სწორედ საბჭოთა რუსეთის მიერ შეგზავნილი დივერსანტების მიერ იწვრთნებოდა.

საარქივო დოკუმენტები დღეს უკვე იმის თქმის საშუალებასაც გვაძლევს, რომ მათთან ერთად იბრძოდა მე-11 არმიის 96-ე მსროლელი ბრიგადა, მე-20 მსროლელი დივიზიის საკავალერიო პოლკი და მე-60 მსროლელი ბრიგადის ერთი პოლკი.

კრემლში ომში ღიად ჩართვის გადაწყვეტილება 14-15 თებერვალს მიიღეს, ვითომდა  ნეიტრალური ზონის მცხოვრებთა და საქართველოს მოსახლეობის დასახმარებლად.  15 თებერვალს მე-11 არმიის სამხედრო-რევოლუციური საბჭოსადმი გაგზავნილ ლენინის წერილს, რომელიც თბილისის აღების ნებართვას იძლეოდა, სტალინმა მიაწერა, რომ თბილისის აღების ცნობას სამი დღის შემდეგ ელოდა.

სერგო ორჯონიკიძე კავკასიის ფრონტის პოლიტიკური მეთაური იყო.

16 თებერვლის დილიდან მე-11 არმიის ნაწილებმა უკვე ღიად დაიწყეს მოქმედება. 18 თებერვალს კი სტალინი სერგო ორჯონიკიძეს, კავკასიის ფრონტის პოლიტიკურ ლიდერს, სწერდა, რომ ქალაქის აღების დაჩქარება იყო საჭირო. მართლაც, რუსული სარდლობის გეგმით თბილისზე წითელი არმიის  შტურმი 18-19 თებერვლის ღამით უნდა დაწყებულიყო და 19 თებერვლის დილით ქალაქი მათ ხელში უნდა გადასულიყო. წითლების თავდაჯერებას, რომ ქალაქს აიღებდნენ, პირველ ბრძოლებში მოპოვებული იოლი გამარჯვება აორმაგებდა.  

რუსების მარჯვენა საბრძოლო დაჯგუფებას, რომელშიც ერთი მსროლელი ბრიგადა და საკავალერიო პოლკი შედიოდა, დილის რვა საათზე ნავთლუღის სადგური უნდა დაეკავებინა.

ცენტრალური საბრძოლო დაჯგუფება, რომელიც ორი ბრიგადისა და 24 საარტილერიო დანადგარისგან შედგებოდა, თბილისში დილის ათ საათზე უნდა შესულიყო. მარცხენა საბრძოლო დაჯგუფებას – ერთი ბრიგადით და 12 ქვემეხით – კოჯორი დილის 8 საათზე უნდა დაეკავებინა, შემდეგ კი თბილისში მტკვრის მარჯვენა სანაპირო და ხიდები აეღო.

რეზერვში მყოფ ერთ ბრიგადას დილის 7 საათზე სოფელი ბორბალო უნდა დაეკავებინა და შემდეგ კოჯრის გავლით თბილისში შესულიყო. მე-12 საკავალერიო დივიზიას დაევალა მანგლისი-კოჯრის მიმართულების კონტროლი, რის შემდეგაც უნდა ყოფილიყო რეზერვში და საჭიროების შემთხვევაში დახმარებოდა 96-ე ბრიგადას.

ქალაქ თბილისის კომენდანტად წინასწარ დაინიშნა 54-ე მსროლელი ბრიგადის მეთაური ტრომბასი. 18-19 თებერვლისათვის წითელი არმიის ძალები თბილისის დამცველთა რიცხვს მინიმუმ ორჯერ აღემატებოდა – სავარაუდოდ, მეტადაც.  

რუსულ ბრიგადებს ყველა სექტორში სინქრონულად უნდა ემოქმედათ. თუმცა ეს ასე არ მოხდა. 19 თებერვლის ღამეს ბრძოლაში მხოლოდ ერთი, 58-ე ბრიგადა ჩაება – თბილისის თავდაცვის ცენტრალურ ზონაში. სხვა ბრიგადებმა კი საბრძოლო მოქმედებები მხოლოდ 19 თებერვალს, დღის სხვადასხვა მონაკვეთში დაიწყეს. ამან დამცველ მხარეს დროის მოგებისა და სექტორიდან სექტორში ძალების გადასროლის საშუალება მისცა.

ძალთა ბალანსი და განლაგება სოღანლუღში

ზოგადად, თბილისის თავდაცვის ცენტრალური სექტორის წინააღმდეგ რუსებს ორი – 54-ე და 58-ე – ბრიგადები ჰყავდათ გამზადებული, 24 ქვემეხით. მათგან 58-ე ბრიგადას 12 ქვემეხით მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, რკინიგზისა და საავტომობილო გზის გასწვრივ უნდა შეეტია სოღანლუღისათვის  და ქართველების პოზიციების გარღვევის შემდეგ თბილისში უნდა შესულიყო. 54-ე ბრიგადას კი შავნაბადას მონასტრისა და მის მარცხნივ ქედზე განლაგებული ქართველების წინააღმდეგ უნდა ემოქმედა, თუმცა ამ ბრიგადამ მხოლოდ 19 თებერვლის დილით მიაღწია სოფელ კუმისამდე და სოღანლუღის ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღია.

ქვემო ფონიჭალის დასახლების, 1921 წლის ომის დროს კი სოღანლუღის
ბრძოლის ველის ხედი, ხაშურის გვარდიის ბატალიონის პოზიციებიდან.

რუსული 58-ე ბრიგადის პირადი შემადგენლობის ზუსტი მონაცემი არ გვაქვს, თუმცა ირიბი საარქივო მასალისა და სხვა ტიპის წყაროების შეჯერებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრიგადის პირადი შემადგენლობა არასაბრძოლო ნაწილების ჩათვლით დაახლოებით 4 000 კაცი იქნებოდა, მათ შორის 2 500-მდე მებრძოლით. 58-ე ბრიგადა საქართველოსთან ომში 16 თებერვალს წითელი ხიდის რაიონში ჩაერთო. წარმატებული ბრძოლის შემდეგ მათ ტყვედ 270 ქართველი სამხედრო აიყვანეს, ხოლო თავად დაეღუპათ რვა და დაეჭრათ 50 მებრძოლი.

ქართველთა თავდაცვის ცენტრალურ მონაკვეთზე განლაგებულ ნაწილთაგან ბრძოლაში მონაწილეობა მიიღო გორის გვარდიის ბატალიონმა, არმიის თბილისის სადარაჯო ბატალიონმა, მესაზღვრეთა რაზმმა, სამმა ჯავშანმატარებელმა, ორმა ჯავშანმანქანამ და ათამდე ქვემეხმა. ცენტრალურ სექტორში მყოფი კიდევ ერთი, მე-9 ბატალიონი ოთხი ქვემეხით სოღანლუღის მარჯვნივ, შავნაბადასა და თელეთის ქედზე იდგა. მათ ბრძოლაში მონაწილეობა, ბუნებრივია, არ მიუღიათ, თუმცა მოგვიანებით ვნახავთ, რომ სასარგებლო საქმე გააკეთეს. ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღია არც ხაშურის გვარდიის ბატალიონს, რომელმაც უბრძოლველად მიატოვა პოზიციები, თუმცა ეს მოწინააღმდეგემ ვერც შენიშნა.

ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოღანლუღის ბრძოლაში ქართული მხრიდან მონაწილეობას 1 500-2 000-მდე მებრძოლი იღებდა. სექტორის შტაბი მდებარეობდა სოღანლუღის რკინიგზის სადგურზე, დღევანდელი ფონიჭალის რკინიგზის სადგურის ადგილზე, თავდაცვითი პოზიციები კი – სადგურიდან ნახევარი კილომეტრით წინ.  ხაშურის გვარდიის ბატალიონი იდგა მარჯვენა ფლანგზე, რკინიგზის ლიანდაგიდან 150 მეტრით მარჯვნივ, კარგად გამაგრებულ გორაკზე, ე.წ ,,მარინეს“ დანგრეულ ეკლესიასთან. რკინიგზის ხაზზე იდგა სასაზღვრო რაზმი, რკინიგზის ხაზის მარცხნივ, საავტომობილო გზამდე და კიდევ უფრო მარცხნივ, ე.წ. სოღანლუღის კონცხზე, მდინარე მტკვრამდე კი იდგნენ თბილისის სადარაჯო და გორის გვარდიის ბატალიონები.

სოღანლუღის რკინიგზის ხიდი, რომლის მიმდებარედაც ბარბარეს ეკლესიასთან
იდგა ორი ქართული საარტილერიო ბატარეა და იქიდან ესროდა მოწინააღმდეგეს. ფოტო: დიმიტრი სილაქაძე

ფრონტის ხაზის ახლოს იდგა ორი სამთო ქვემეხი, ხოლო სექტორის ზურგში, ფრონტის ხაზიდან 2.7 კილომეტრში, სოღანლუღის სარკინიგზო ხიდის მარცხენა ნაპირზე, წმინდა ბარბარეს ეკლესიის მიმდებარედ განლაგებული იყო 8 საარტილერიო დანადგარი. ერთი ჯავშნიანი მატარებელი მოძრაობდა სადგურ კუმისის მიმართულებით და თვალს ადევნებდა მოწინააღმდეგის მოძრაობას, ხოლო ორი ჯავშნოსანი ავტომობილი სადგურიდან 4 კილომეტრით იყო წაწეული გზატკეცილზე, ასევე მოწინააღმდეგის მოძრაობის გასაკონტროლებლად. მთავარსარდალმა კვინიტაძემ სექტორის სარდალს, მაზნიაშვილს ურჩია, რომ შტაბი ცოტა უკან დაეწია, რადგანაც ფრონტის ხაზთან სახიფათოდ ახლოს იყო.

18 თებერვლის საღამოს, 22-24 საათის შუალედში, ჯერ გორის გვარდიის მზვერავებმა და შემდეგ ჯავშნოსანმა ავტომობილებმა მაზნიაშვილის შტაბს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მტერი მათკენ მოიწევდა. ვერც ჯავშნოსანმა მატარებელმა და ვერც ხაშურის გვარდიისა და მე-9 ბატალიონის მზვერავებმა მოწინააღმდეგე კუმისის მიმართულებით ვერ აღმოაჩინეს. გენერალმა დაასკვნა, რომ წითლები მის პოზიციებს რკინიგზის ხაზსა და მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მონაკვეთზე შემოუტევდნენ.

სოღანლუღის ბრძოლა 

ბრძოლის მიმდინარეობა თავის მემუარებში აღწერილი აქვთ გენერალ კვინიტაძესა და გენერალ მაზნიაშვილს, ასევე სხვა ქართველ სამხედროებს. მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა პრესის მასალები და რუსული დოკუმენტებიც. ყველა ეს წყარო, მიუხედავად მათ შორის არსებული მცირე განსხვავებებისა, მეტწილად ერთ ამბავს მოგვითხრობს. მათი შეჯერება და ანალიზისას ბრძოლის ველის რელიეფის გათვალისწინება ბრძოლის სრული სურათის აღდგენის საშუალებას იძლევა.

ბრძოლა 19 თებერვლის დილის ორ საათზე დაიწყო. იმ დროისთვის გენერალ მაზნიაშვილს საკუთარი შტაბი დატოვებული ჰქონდა და გორის გვარდიის ბატალიონის განლაგებაში იყო გადასული, რომელთან დამაკავშირებელი სატელეფონო ხაზიც გაფუჭდა და შტაბში მათგან ინფორმაცია აღარ მიდიოდა. როგორც კი გენერალი გორის გვარდიის სანგრებში მივიდა, მტერმა მათ პოზიციებზე იერიში მიიტანა, რასაც რუსების შეტევა სხვა ქვედანაყოფების განლაგებაზეც მოჰყვა.

თბილისის თავდაცვის ცენტრალური სექტორის შტაბი, ქვემო ფონიჭალის
(სოღანლუღის) რკინიგზის ძველი სადგური, 2021 წლის ფოტო. ახლა ამ შენობის
მხოლოდ საძირკველია შემორჩენილი. ფოტო: დიმიტრი სილაქაძე.

მაზნიაშვილი შტაბში ვეღარ დაბრუნდა და ბრძოლის ხელმძღვანელობა, რაც, ფაქტობრივად, ორი ბატალიონის მართვაში გამოიხატებოდა, თბილისის სადარაჯო ბატალიონის განლაგებიდან განაგრძო. აღნიშნული ბატალიონი სატელეფონო ხაზით უკავშირდებოდა შავნაბადას სიმაღლეზე მდგარ მე-9 ბატალიონს, რომლის მეთაურიც ნათელი და უღრუბლო ღამის გამო სიმაღლიდან ცეცხლის წარმოების მიხედვით კარგად ხედავდა ბრძოლის მსვლელობას და ინფორმაციას მაზნიაშვილს გადასცემდა. გორის გვარდიისა და სადარაჯო ლეგიონის სანგრებთან დიდი ბრძოლა იყო გაჩაღებული, თუმცა მოწინააღმდეგე ვერ ახერხებდა მათი პოზიციების დაუფლებას.

სამაგიეროდ, წითლებმა რკინიგზის ხაზთან სასაზღვრო რაზმის წინააღმდეგობის დაძლევა მოახერხეს. როცა მათ უკან დაიხიეს, წითლებმა ხელში ჩაიგდეს ორი სამთო ქვემეხი და შტაბითურთ დაიკავეს რკინიგზის სადგური. რუსები რკინიგზის სადგურიდან წინ ვეღარ წავიდნენ – როგორც ჩანს, უკანდახეული მესაზღვრეები და ჯავშანმატარებელი მათ ამის საშუალებას არ აძლევდა. კიდევ უფრო მარჯვნივ, კარგად გამაგრებულ გორაკზე მდგარმა ხაშურის გვარდიის ბატალიონმა ისე დატოვა პოზიციები, რომ ეს ვერც მტერმა შენიშნა და ვერც მოყვარემ. სავარაუდოდ, მათ არა თბილისში, არამედ მხოლოდ მათ უკან არსებული თელეთის ქედის უკიდურეს მარცხენა ფერდობზე დაიხიეს, თუმცა უნებართვოდ. მათ შეეძლოთ ფლანგიდან დიდი ზიანი მიეყენებინათ მოწინააღმდეგისთვის, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს.

როგორც კი თბილისში, მთავარსარდლის შტაბში, არტილერიის სროლის ხმა გაიგეს, გენერალი კვინიტაძე მაზნიაშვილის სექტორის შტაბის უფროს უთნელიძეს დაუკავშირდა.  უთნელიძემ გენერალს უთხრა, რომ მის მარჯვნივ და მარცხნივ ისროდნენ. თავდაპირველად ჩაითვალა, რომ ეს ცრუ განგაში იყო, რადგან მტერი დაუზვერავ პოზიციებზე ღამით იერიშს არ მიიტანდა. შემდეგი დარეკვის მცდელობაზე კი უკვე კავშირი გაწყვეტილი იყო – ეს ის დრო იქნებოდა, როცა სადგური წითლებმა დაიკავეს.  

კვინიტაძემ ამბის გასაგებად სექტორისკენ მანქანა გაგზავნა. პარალელურად, მთავარსარდალი მესანგრეთა ყაზარმებში მყოფ ოფიცერ გურგენიძეს დაუკავშირდა, რომელიც სოღანლუღთან უფრო ახლოს იყო და მისგან გაიგო, ახლოვდებოდა თუ არა სროლა, ისროდა თუ არა ქართველების არტილერია, რაც იმის ნიშანი იქნებოდა, რომ მოწინააღმდეგეს ის ხელში არ ჩაუგდია.

ამასობაში, მთავარსარდალმა ნავთლუღის სანიტარული პუნქტიდან პირველი დაჭრილების მიყვანის შესახებ მიიღო ცნობა. უკვე აშკარა იყო, რომ სრულმასშტაბიანი ბრძოლა მიმდინარეობდა. მან მაშინვე გაგზავნა გვარდიის ერთი ბატალიონი ვალიკო ჯუღელის მეთაურობით სოღანლუღის რკინიგზის ხიდის მარჯვენა მხარეს არსებული ვიწრობის გასამაგრებლად იმ შემთხვევისთვის, თუკი მოწინააღმდეგე სოღანლუღის სექტორის თავდაცვას გაარღვევდა. ასევე კვინიტაძემ გასცა ბრძანება, ბრძოლაში ჯავშანმატარებლები და ჯავშანმანქანები ჩაერთოთ. ქალაქში კი სოღანლუღისკენ გადასასროლად დაკომპლექტება-აღდგენის პროცესში მყოფი ბატალიონების მომზადება დაიწყეს. 

თბილისელებს არ ეძინათ, ყველა ბრძოლის შედეგს ელოდა. ხალხს განსაკუთრებით შიშს ჰგვრიდა დროდადრო არტილერიის გაჩუმება – ისინი ღელავდნენ, ვაითუ მტერმა თავდაცვითი ხაზი გაარღვია, არტილერიაც ხელში ჩაიგდო და სადაცაა ქალაქში შემოვაო. ზოგი არსენალის ზემოთ, მახათას მთის ფერდობებზე ადიოდა, რათა არტილერიის ცეცხლისთვის ეყურებინა.

ბრძოლა გრძელდებოდა. გორის გვარდიისა და თბილისის სადარაჯო ბატალიონის ჯარისკაცები კარგად გამაგრებული სანგრებიდან ტყვიამფრქვევისა და შაშხანების ცეცხლით ძირს აფენდნენ მოწინააღმდეგეს, რომლის შეტევის ტალღები არა და არ წყდებოდა. ამასობაში, დილის ექვს საათზე, რკინიგზის ხაზის მონაკვეთზე ქართული ჯარი ერთი ჯავშანმატარებლის , ორი ჯავშანმანქანისა და არტილერიის დახმარებით კონტრიერიშზე გადავიდა. მათ ეხმარებოდა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ბაქოსკენ მიმავალი რკინიგზის ხაზიდან კიდევ ორი ჯავშანმატარებლის არტილერიის ცეცხლი. ჯავშანმატარებლებიდან გახსნილი ცეცხლი ყარაჯალარის მიმართულებიდან, ფლანგიდან ზურგში ურტყამდა მოწინააღმდეგეს.

სოღანლუღთან ქართველების გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს ჯავშანმატარებლებმა. ფოტო: ეროვნული არქივი.

დილის რვა საათისთვის ქართველებმა დაკარგული პოზიციებიცა და არტილერიაც სრულიად დაიბრუნეს. გორის გვარდია და თბილისის სადარაჯო ბატალიონები ამოვიდნენ სანგრებიდან და მთელი ღამის განმავლობაში შეტევაზე მყოფი რუსი ქვეითების წინააღმდეგ უკვე თავად გადავიდნენ ხიშტებით შეტევაზე. რუსებმა ბრძოლა არ მიიღეს.  ნაწილი ქართულ ჯარს ტყვედ ჩაუვარდა, ნაწილი კი გაიქცა. გაქცეულ მტერს ქართველებმა არტილერიის ცეცხლი დაუშინეს, ასევე ჰაერიდან მათ ორი ქართული აეროპლანი ბომბავდა.

ამ დროისათვის თბილისიდან ბრძოლის ველისკენ ახალი ქვედანაყოფების გაგზავნა დაიწყო.  მოსახლეობა მათ გასაცილებლად ქუჩებში გამოეფინა. დილის ათი საათისთვის ქალაქში ნელ-ნელა დაიწყო მითქმა-მოთქმა დიდი გამარჯვების შესახებ. თურმე ჯავშანმატარებელთა რაზმის მეთაურს ვალოდია გოგუაძეს დილით ცოლისთვის დეპეშა გაუგზავნია, თბილი ფეხსაცმელი გამომიგზავნე, მტერი დავამარცხეთ და უამრავი ტყვე ავიყვანეთო. ეს ინფორმაცია თბილისის რკინიგზის სადგურიდან მთელ ქალაქს მოედო. მალე ორთაჭალაში რამდენიმე ცხენოსანი მახარობელი შემოიჭრა, რომლებიც გაჰყვიროდნენ – „გავსრისეთ, გავსრისეთ სამუდამოდო!”

მთავარსარდალი კვინიტაძე სოღანლუღის ფრონტზე ახალ ბატალიონებთან ერთად მივიდა და სექტორის სარდალს, მაზნიაშვილს, შეხვდა. ისინი ერთმანეთს უსიტყვოდ, ხმისამოუღებლად გადაეხვივნენ. კვინიტაძე იგონებს, რომ მოგვარებული საქმე სიტყვებზე მჭევრმეტყველი იყო, თუმცა მან მაინც უსაყვედურა მაზნიაშვილს, რატომ ამბავი არ მომაწვდინე და, შტაბის უკან გადატანას რომ შემპირდი, რატომ არ შეასრულეო. გენერალმა მაზნიაშვილმა მთელი ღამის ნაბრძოლი, დაღლილი ჯარების დადევნება 58-ე ბრიგადის ნარჩენებისთვის ვერ გაბედა.

ის თავის მოგონებებში სარდლობას საყვედურობს, რომ მას ცხენოსანთა ერთი ესკადრონიც კი არ გაუგზავნა მტრისთვის დასადევნებლად, როდესაც ცხენოსანი პოლკი ლილოსთან უსაქმოდ იდგა. სარდლობა ამ რისკზე ვერ წავიდოდა, რადგანაც მოწინააღმდეგე მტკვრის მარცხენა სანაპიროზეც იწყებდა 19 რიცხვში მოქმედებას და ფლანგის მოშიშვლება სახიფათო იყო. ღამით ქალაქში დაკომპლექტებული და დილით სოღანლუღში მიყვანილი ბატალიონებიდან ოთხის გადასროლა სარდლობას თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორისკენ მოუწია, სადაც წითლებმა დღისით დაიწყეს შეტევა. შესაბამისად, 58-ე ბრიგადის ნარჩენებს ვერც ეს ბატალიონები დაედევნებოდნენ.

ბრძოლის შედეგი

ბრძოლა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში 2 კილომეტრის სიგანის ფრონტის ხაზზე მიმდინარეობდა, რუსული მე-11 წითელი არმიის  58-ე მსროლელი ბრიგადის მძიმე მარცხით დასრულდა. განსაკუთრებით დიდი იყო ტყვეთა რიცხვი. გენერალ კვინიტაძის, მაზნიაშვილის, ჩხეიძის, თუ სხვა ქართველ ოფიცერთა მოგონებებში რუსი ტყვეების რაოდენობა 1 000-დან – 1 600-მდე მერყეობს. გენერალური შტაბის ოფიციალური ცნობა 19 თებერვლის დილით მოსახლეობას აუწყებდა, რომ ჯერჯერობით ხელში ჩაიგდეს 1000-მდე ტყვე. 1000-მდე ტყვეზე საუბრობს თბილისის მაზრის გენერალ-გუბერნატორის მოადგილე შალვა მაღლაკელიძეც 19 თებერვალს ბათუმის ოლქის რწმუნებულისადმი გაგზავნილ დეპეშაში. წითელი არმიის ოპერატიულ ცნობებში კი უბრალოდ წერია, რომ მათმა ნაწილებმა მძიმე დანაკარგებით დატოვეს სოღანლუღის რკინიგზის სადგური.

მგაზეთი ,,საქართველოს რესპუბლიკა“ 1921 წლის
22 თებერვალი.

რუსული საბჭოთა ისტორიოგრაფიაც ვერ გაურბოდა მძიმე დანაკარგების აღნიშვნას. მაგალითად, არნოლდ კადიშევი 1960 წელს მოსკოვში გამოცემულ წიგნში ,,ინტერვენცია და სამოქალაქო ომი ამიერკავკასიაში“ წერდა, რომ 58-ე ბრიგადის დანაკარგმა იმ დღეს 530 კაცი შეადგინა. კადიშევი ამაში თუ მხოლოდ დაღუპულებს გულისხმობდა, მაშინ ეს სავსებით ლოგიკური რიცხვია, ხოლო თუ ზედ ტყვედ ჩავარდნილებსაც ათვლიდა, მაშინ რიცხვი აშკარად შემცირებულია. მარკ ტრასკუნოვი კი 1962 წელს თბილისში გამოცემულ ნაშრომში ,,საბრძოლო თანამეგობრობის სახელოვანი ფურცელი“ წერდა, რომ ბრიგადამ ბრძოლაში წითელარმიელთა სამი მეოთხედი და თითქმის სრული სამეთაურო შემადგენლობა დაკარგა. ასევე ცნობილია, რომ ბრძოლაში დაიღუპა ბრიგადაში შემავალი სამი პოლკიდან ერთ-ერთის, 173-ე პოლკის მეთაური და ამავდროულად სამხედრო კომისარი ხარლამოვი. 

ქართველების გამარჯვება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. რუსულმა სარდლობამ რამდენიმე შეცდომა დაუშვა: პირველ ბრძოლებში გამარჯვებით ზედმეტად თავდაჯერებულებმა, შეტევა მათ ღამით, დაზვერვის გარეშე დაიწყეს. ამასთანავე, მათ თავიანთი ბრიგადების ბრძოლაში სინქრონულად ჩართვა ვერ მოახერხეს. ფრონტის სხვა მონაკვეთებზე კი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს აქტივობა – თანაც სხვადასხვა დროს – როდესაც 58-ე ბრიგადა უკვე დამარცხებული იყო.  ამის გამო, თბილისის მიმართულების ჯარების დაჯგუფების მეთაურმა, 28 წლის მიხეილ ველიკანოვმა კავკასიის ფრონტის სარდლის, ვლადიმერ გიტისის, მძაფრი კრიტიკა დაიმსახურა.

რუსების შეცდომებთან ერთად, კარგად მოქმედებდნენ ქართველი სარდლები – მიუხედავად სექტორის შტაბის ფრონტის სიახლოვეს განთავსებით დაშვებული შეცდომისა, რამაც სექტორისა და ცენტრის კავშირი გაწყვიტა. ამით შექმნილ ექსტრემალურ პირობებში არც მაზნიაშვილი დაბნეულა და არც კვინიტაძე. მათ ბრძოლის სადავეები ხელიდან არ გაჰქცევიათ. ქართველებმა მოახერხეს, მათ ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებების ბრძოლაში ჩართვა და ეფექტურად გამოყენება, რამაც, საბოლოო ჯამში, მოწინააღმდეგის სრული მარცხი განაპირობა.

ამ ბრძოლის მთავარი შედეგი კი ქართველებისთვის იმ რწმენის დაბრუნება იყო, რომ რუსული ჯარის დამარცხება შესაძლებელი იყო – რწმენისა, რომელიც 11-16 თებერვლის კატასტროფის შემდეგ თითქმის დაკარგული იყო.

თბილისის ქუჩებში რუსი ტყვეები გამოჩნდნენ. ცუდად ჩაცმული პატარა ბიჭები თავს იმართლებდნენ, რა ვქნათ, მობილიზაციით გამოგვრეკესო. ეს ჯარი სულაც არ ჩანდა დაუმარცხებელი. ქუჩებში მათი მსვლელობა შემოინახა კინოქრონიკის კადრებმაც.

გაზეთებში დაიბეჭდა ქართველ ჯარისკაცთა ინტერვიუები. ერთი მათგანი ამბობდა, სახლიდან წამოსვლისას ქალებმა მითხრეს, უკან დამარცხებული არ მოხვიდე, თორემ ლეჩაქს დაგახურავ თავზეო და აბა დამარცხებული როგორ მივალ სახლშიო. ბრძოლისას ალყა შემოგვარტყეს და დანებებას გვთხოვდნენ, მაგრამ დავცხეთ და დავცხეთო.

მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ თბილისს საქართველოს ვერდენი, პირველი მსოფლიო ომის საფრანგეთის გაუტეხელობის სიმბოლოდ ქცეული ციხე-ქალაქის სახელი უწოდა.

მომდევნო დღეებში ქართველებმა უკვე ფრონტის სხვა სექტორებში მოიგერიეს თბილისზე მიტანილი პირველი იერიში. შემდეგ ქალაქს რუსული საკავალერიო დივიზიები და სხვა დამატებითი ნაწილებიც მიადგნენ, მაგრამ  ეს უკვე ამ ომის ისტორიის შემდეგი ეპიზოდია.

სოღანლუღის ბრძოლა კი ისტორიას წაგებული ომის გამარჯვებულ ბრძოლად შემორჩა.

Back to top button