14 აპრილი, 1921: სილიბისტრო ჯიბლაძის წერილი თანამებრძოლებს
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 2117, ანაწერი 1, საქმე 11.
სალამი ამხანაგებს. რაღაც სულმა მომთხოვა და მინდა ეს მისი ბუნებრივი მოთხოვნილება დავიკმაყოფილო – მინდა ორიოდე სტრიქონი მოგწეროთ.
მე, რასაკვირველია, არ მიკისრია და არც ვკისრულობ დაწვრილებით აქაური ცნობების მოწოდებას (ეს როლი სხვას აქვს ნაკისრები, თუ შეასრულა). მინდა ისე უბრალო მოკითხვის ბარათი, თუ მოვახერხე, გამოვაგზავნო.
ვფიქრობდი, როგორც იცით, გურიაში გამოვლას (ბათუმიდან), მაგრამ ქუთაისიდან გრიშას [ლორთქიფანიძის] დაბრუნების შემდეგ გადავიფიქრე. პირდაპირ თფილისში წამოსვლა ვარჩიე.
სილიბისტრო ჯიბლაძე, ძველი რევოლუციონერი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის უხუცესი წევრი, რომელსაც წილად ხვდა დამფუძნებელი კრების გახსნა, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ საქართველოში დარჩა და პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას შეეცადა ჯერ ლეგალურად, მერე კი იატაკქვეშეთში. “სილვა” 1922 წლის 17 თებერვალს, 63 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისში, კონსპირაციულ ბინაზე, სავარაუდოდ გულის შეტევით.
მინდოდა, ძალიან მინდოდა მოსკოველისათვის მომესწრო და მისი საშუალებით გამოუსწორებელი საქმე გამემესწორებია – სხვის მიერ მითვისებული ერთად ერთი ჩვენი ოჯახის თავ-შესაფარი [სოციალ-დემოკრატიული პარტიისა – რედ.] ისევ უკან დაგვებრუნებია. სამწუხაროდ გზა ნამეტანი გამიგძელდა და ვეღარ მივახწიე ჩემს წადილს, გამასწრო რაღაც ნახევარი საათით. დროებით ნ. გიორგიძის ბინის ერთ გადარჩენილ ოთახში მოვთავსდით მე და ანანია [სალუქვაძე]. დილით ადრე ჩვეულებისამებრ ინსტიკტიურად ჩვენი … ნამოსახლევისკენ გავსწიე. მივდივარ და თან ისე ვგრძნობ თავს, როგორც ალბათ, თქვენ იქ – უცხოეთში. შევჩერდი იქ მოსახვევში და „ერთობა-ბორბას“ ადგილზე წითელი ასოებით „კომუნისტი-პრავდა“ გამოჭიმულია… განვაგრძე ქვევით. იქ ვიტრინაში, ნოე ნიკოლოზის ძის ადგილას მისი „მემკვიდრე“ ფილიპე იესიჩი გამოჭიმულა – ღრმად ჩაფიქრებული და თან გაკვირვებული – თითქო არ სჯერა, რომ თავის საოცნებო მიზანს მიაღწია…
აქედან მეორე სახლისკენ ვიბრუნე პირი. რა ჯურის ხალხი არ გინდა – ვინ არ შედის და გამოდის. მეც შევჩერდი – მაინც-და მაინც არსად მეჩქარება – და ვათვალთვალებ გამვლელ-გამოვლელთ. აგერ ეყურება ჩემსავით მოცლილი და მოთვალ-თვალე, ჩემკენ იბრუნებს პირს, მიცქერს და ჩემკენ გამოექანება, გადამეხვევა და ბავშვური სიცილ ქვითინით მკოცნის თან მელუღლუღება: „საიდან რა ღმერთმა, რა ანგელოზმა“… ნახევარი საათის შემდეგ კიდევ მეორე შემხვდა – ქრისტიანობა, ასეთივე ხოვნა კოცნა და… მივდივარ უკან სახლისკენ და თან მივბუტბუტენ: აგაშენა ღმერთმა, საქმე არც ისე წამხდარი ყოფილა: ორსაათ შორი, თუმცა შორი-ახლო, ნაცნობი, ორი ქრისტიანი, ორი მართლმადიდებელი. ეს რასმე ნიშნავს, ეს კაის მაჩვენებელია. და მართლაც იმავე დღეს იმავე მუშათა სასახლეში აღმოვაჩინე „აღორძინების“ კანტორიდან გადარჩენილი ერთი ოთახი და იქ მომუშავე რამდენიმე ამხანაგი.
მეორე დღეს თავი მოიყარა პატარა ჯგუფმა. ჯგუფი თანდათან გაიზარდა პროვინციებიდან დაბრუნებული ამხანაგებისაგან. გაიმართა თათბირი, დაისვა პირველ ყოვლისა საჭირბოროტო საკითხი: რა ვქნათ, რა ვაკეთოთ. არჩეული იქნა: ა. კომისია სამი პირისაგან ჩვენი მომავალი მუშაობის მთავარ დებულებათა შესამუშავებლათ. 2. დელეგაცია ხუთი კაციდან, რომელსაც მიენდო შუამდგომლობა ვისთანაც ჯერ-არს [რევკომთან] გაზეთის ნებართვის ასაღებათ.
„სანამ გაზეთზე დავიწყებდეთ ლაპარაკს საჭიროა ვიცოდეთ, რას ფიქრობს, როგორი დამოკიდებულება სურს იქონის ჩვენთან თქვენმა თანამოაზრე მასამ – მოიწვიეთ პარტიული ყრილობა“-ო [კომუნისტებმა შეუთვალეს – რედ.]. ჩვენც სწორეთ ეს გვინდოდა. და აი კვირის 10 ამ თვეს თბილისის ყველა უბნიდან მოაწყდა ხალხი სახელმწიფო თეატრს. ყველა მსურველთ, რასაკვირველია, თეატრი ვერ დაიტევდა. ნახევარზე მეტი იძულებული იყო გულდაწყვეტილი უკანვე დაბრუნებულიყო უადგილობის გამო. ეს იყო ჭეშმარიტათ ისტორიული კრება ხალხი. რომლის ზურგზე გადაგორდა ამდენი მეწყერი, წელში გატეხილი, გარეტიანებული, დაქსაქსული – სასოწარკვეთილი, ეს ხალხი ერთად – ისევ ერთად თავს იყრის და აი მასთან ერთად თავს იყრიან დაკარგული იმედებიც. ისკვნება, მთელდება კავშირდება ძაფებიც.
ყველა ორატორები მომენტის შესაფერი სიდინჯით და სიფრთხილით უღებენ კარს დაგროვილ ბოღმას, მადლიერი აუდიტორიაც მჭექარე აპლოდისმენტებით ასაჩუქრებთ მათ. როცა ახალგაზრდა მარქსისტთა [სოციალ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ფრთა – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა] წარმომადგენელმა – თავისი ახალგაზრდული პათოსით გადაისროლა დარბაზში: „არა, არა არ გატყდება, არ მოკვდება სოციალ-დემოკრატიული პარტია და მისი ჭაღარა ბელადი ნოე ჟორდანია“-ო – უნდა გენახათ, რა აღტაცებით მიეგება მთელი კრება იმ სიტყვებს. ასეთივე ერთსულოვნებით იქნა მიღებული დეკლარაცია, წინასწარ კრებაზე შემუშავებული. არც ერთი თითი წინააღმდეგ, არც არავის მიერ თავის შეკავება..
შთაბეჭდილებებით დატვირთული და დამთვრალი წავბარბაცდი სახლისკენ და თან – როგორც პირველ დღეს – მივბუტბუტებდი: ხანდისხანს ავიც კარგია, ხან კი… კარგიც ავია. დღევანდელი ავი – კარგია. გატყდები, დაიმტრევა და გადახალისებული გული გადმოგორდება. ეს რასაკვირველია, ასე იქნება. მაგრამ ეს მომავალში.
დღეს კი ვფიქრობ, წარსული კვირის ფართო კრება პირველი და უკანასკნელი თავისუფალი კრება იყო ჩვენი პარტიის, თხელ კანზე მოსეირნე ბატონ-პატრონების მიერ ნება დართული.
წინააღმდგე ლენინის ინსტრუქციებისა – გაეწიოს ანგარიში ჩვენი ცხოვრების თავისებურებას და არ იმოქმედონ აქ რუსული შაბლონით, წინააღმდეგ გამოცმეული ამინისტიისა, წინააღმდეგ ჩეკის ჯერ-ჯერობით თავ დაჭერილობისა, – არაფერს უკეთეს იმისა რაც ხდება საბჭოთა სხვა სამფლობელოებში, არ მოველი. რასაკვირველია არ შეუძლიათ არ გაუწონ ანგარიში მათთვის არა სასურველ ძალთა განწყობილებას. აი რისთვის დაიწყეს არა ხვრეტით და ჟლეტით, რასაც საბუთიანათ მოელოდა ხალხი. და როცა ეს მოლოდინი სავსებით არ გამართლდა, ეს ვაჟბატონები ამაყათ გამოდიან და ყვირიან: „შეხეთ, რა ჭორებს ავრცელებდენ ჩვენზე, უბიწოებზე, თეთრგვარდიელები და მეშევიკები“-ო.
მარა თავიდათავი საქმე არა ფიზიკურ, არამედ იმ მორალურ ტერორშია, რაც უკვე დაიწყეს და რასაც ბოლოს და აუცილებლად მოჰყვება და მოაყოლებენ ჭერასაც და … ყოველ გვარ ბელას [გურ.: შარს – რედ.].
თუ შურისძიებამ არ დასძლიათ და გაზეთის გამოცემის საშუალება მოგვცეს, რასაც ასე აჭიანურებენ, – ეს არც თვით ადგილობრივ კომუნისტებს აწყენს, რომელთა ხელშია ჯერ კიდევ ძალაუფლება. საქმე იმაშია, რომ ხალხი ნამეტანი გაჭირვებულია და ზოგან ძალიან გაბოროტებულიც. მოსალოდნელია ამ ნაიდაგზე არა სასურველი ექსცესების შესაძლებლობა, რაც ასე სურს მოსულ ძალებს, რომლებიც არც ისე ნდობის თვალით უყურებენ ამ … რევკომებს.
მხოლოდ ჩვენი გავლენით შეგვიძლია ავიცილოთ ასეთი არა სასურველი გამოსვლები, რასაც, ცხადია, მოჰყვება საბედისწერო შედეგები, როგორც თვით ხალხისათვის, ისე დღევანდელი ძალათ მაცხონეთათვის… გადაჭრილ პასუხს მივიღებთ ხვალ მაშასადამე, მანამდის ნახვამდის.
თქვენი სილვა