ნაძალადევი ზეიმი: საქართველო ოკუპაციის ერთი წლის თავზე
1922 წლის 25 თებერვალი, საბჭოთა ჯარების მიერ თბილისის ოკუპაციის წლისთავი, საქართველოში უქმე დღედ გამოცხადდა.
კომუნისტური პრესა საზეიმო სურათს ხატავდა. ქალაქებში ხალხს სადღესასწაულო ღონისძიებებზე მიერეკებოდნენ. პირველ ყრილობაზე კი ბოლშევიკები ახალი კონსტიტუციის მიღებას გეგმავდნენ.
თუმცა მოჩვენებით სადღესასწაულო განწყობას ცოტა თუ ჰქონდა საერთო იმ რეალობასთან, რომელშიც ქართველები და თავად ბოლშევიკებიც იმყოფებოდნენ. ახალი რეჟიმისადმი შეუგუებლობა არსად გამქრალიყო და წინააღმდეგობა მძიმე მარცხიდან ერთი წლის შემდეგაც აქტიურად იჩენდა თავს ქვეყანაში.
გაბრიელ ჩუბინიძე, ისტორიის მკვლევარი
„დღეს საქართველოს მუშებისა და გლეხების მენშევიკურ რეჟიმზე გამარჯვებისა და საბჭოთა რეჟიმის დამყარების ერთი წლისთავია! დღევანდელი დღე, ერთი წლის დაუღალავი მუშაობის საბჭოთა ყრილობით დაგვირგვინების ბრწყინვალე და საზეიმო დღეა. დღეს სრულიად საქართველოს საბჭოთა ყრილობა ამცნობს მთელ ქვეყნიერებას, ჩვენი ქვეყნის მშრომელთა გულის ნადებს!“
1922 წლის 25 თებერვალს გაზეთი „კომუნისტი“ სადღესასწაულო განწყობის შექმნას ცდილობდა და მკითხველს იმ დღეს გასამართი საქართველოს პირველი საბჭოთა ყრილობის შესახებ აუწყებდა. იგეგმებოდა საზეიმო ღონისძიებებიც.
წინა დღეს გამოცხადებული გეგმის თანახმად, ყველა მუშა და მოსამსახურე სისხამ დილით თავიანთ საწარმოებში უნდა გამოცხადებულიყო, საიდანაც ისინი სპეციალურად გამოყოფილ „შესაკრებ ადგილებში“ გაეშურებოდნენ. ასეთ ადგილებს შორის იყო ნაძალადევის მოედანი, ავჭალის მოედანი („კომეტას“ ფაბრიკა), კახეთის (დღევანდელი ავლაბრის) მოედანი, ლენინის (დღევანდელი მერაბ კოსტავას) ქუჩა და ადელხანოვის ტყავის ქარხანა. „სახელდახელო მიტინგების“ შემდეგ კი შეკრებილები მსვლელობით უკვე რუსთაველის პროსპექტისკენ გაემართებოდნენ და იქ გამწკრივდებოდნენ.
საქართველოს ბოლშევიკებს საქმე თითქოს საზეიმოდ ჰქონდათ. ცოტა ხნით ადრე, პირველ საბჭოთა არჩევნებში, მათ სხვა პარტიები უპირობოდ დაამარცხეს. მათ შორის, თბილისის საბჭოში მათ 351 ადგილიდან 301 მოიპოვეს. პირველ დაგეგმილ საბჭოთა ყრილობაზე კი სულ რაღაც ერთი წლით ადრე მიღებული საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია ახლით – ბოლშევიკურით – უნდა ჩაენაცვლებინათ.
თუმცა გამარჯვების აჟიოტაჟიც და საზეიმო განწყობაც სრულიად მოწყვეტილი იყო იმდროინდელ რეალობას.
მოჩვენებითი დღესასწაული
1922 წლისთვის საქართველოში ბოლშევიკების მდგომარეობა არც მარტივი იყო და არც სტაბილური. იმ დროს ქვეყანაში მათ მხარდამჭერები თითქმის არ ჰყავდათ და მათი ძალაუფლება მხოლოდ ძალმომრეობაზე იდგა. თუკი სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში ბოლშევიკთა მთავარ საყრდენს მუშათა კლასი წარმოადგენდა, საქართველოში მუშები, ძირითადად, სოციალ-დემოკრატებს ემხრობოდნენ – მეტიც, რესპუბლიკის არსებობის პერიოდში სწორედ ეს ჯგუფი აკომპლექტებდა სახალხო გვარდიას.
ბოლშევიკებს არც პარტიული კადრების კუთხით ედგათ კარგი დღე. 1922 წლისთვის მხოლოდ გურიაში სოციალ-დემოკრატებში 8 000 – 10 000 წევრი ირიცხებოდა, მაშინ, როცა ქალაქებს მიღმა ბოლშევიკებს ერთად აღებული 6 000 წევრი თუ ეყოლებოდათ.[1]
თბილისში დარჩენილი სილიბისტრო ჯიბლაძის წერილები 1921 წლიდან კარგად ასახავს ოკუპირებული საქართველოს პოლიტატმოსფეროს:
- 14 აპრილი, 1921: სილიბისტრო ჯიბლაძის წერილი თანამებრძოლებს
- 16 მაისი, 1921: სილიბისტრო ჯიბლაძის წერილი ემიგრაციაში მყოფ მთავრობის წევრებს
- 9 ივნისი, 1921: სილიბისტრო ჯიბლაძის წერილი ემიგრაციაში მყოფ თანაპარტიელებს
- 10 ივნისი, 1921: სილიბისტრო ჯიბლაძე: დიდი სიმშილი გვიდგას წინ …
- 12 ივნისი, 1921. სილიბისტრო ჯიბლაძე: ბოლშევიკები უფრო და უფრო მკაცრად გვეპყრობიან
ამას ემატებოდა საქართველოსკენ მომართული საერთაშორისო ყურადღებაც. ჯერ კიდევ ოკუპაციამდე საქართველო ამიერკავკასიის სხვა რესპუბლიკებთან შედარებით ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერით სარგებლობდა. ინტერესი არც ოკუპაციის შემდეგ გამქრალა და დასავლეთში საქართველოს ამბებს თვალყურს ისევ ადევნებდნენ. ამავე დროს, გენუაში იგეგმებოდა კონფერენცია, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში ძირითადი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების დარეგულირებას ეძღვნებოდა. კონფერენციაზე ემიგრაციაში მყოფი საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლებაც შეეცდებოდა საბჭოთა ოკუპაციის საკითხის დღის წესრიგში დაყენებას. ბოლშევიკებს დიდი სიფრთხილე მართებდათ.
შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა არჩევნების ჩატარება სწორედაც რომ ფორმალური სახალხო ლეგიტიმაციის მისაღებად გახდა საჭირო. ეს ბოლშევიკებს შემდგომში საშუალებას მისცემდა, არჩევნების შედეგებით ემანიპულირათ და საქმე ისე წარმოეჩინათ, თითქოს საოკუპაციო რეჟიმს შიდა სახალხო მხარდაჭერა ჰქონდა. თუმცა ამ არჩევნებში “უპირობო” გამარჯვებაც მარტივად აიხსნებოდა: არჩევნებს პოლიტიკურმა ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა.
„ქართველი ხალხი, დაპყრობილი, ყოველგვარ ეროვნულ, პოლიტიკურ უფლება აყრილი, საშინელ რეპრესიებით და სამხედრო დიქტატურით დამონავებული, არ ღებულობს უცხოეთის საოკუპაციო ჯარების მიერ მოწყობილ არჩევნებში მონაწილეობას და ბოიკოტით ხვდება მას”, – ვკითხულობთ თემთა წარმომადგენლების განცხადებაში, – “ქართველი ხალხი მოელის სრულ განთავისუფლებას, თავის უფლებრივ ორგანოების აღდგენას…“[4]
უწყვეტი ამბოხი
დაბალი მხარდაჭერისა და ლეგიტიმაციის არარსებობის ფონზე ბოლშევიკებს უწყვეტი ამბოხის კერებთან გამკლავებაც უწევდათ.
1921 წლის 28 ოქტომბერს სვანეთში შეიარაღებულმა აჯანყებამ იფეთქა, რომლის განეიტრალებაც საბჭოთა ხელისუფლებამ 1922 წლის აგვისტომდე ვერ მოახერხა. საპროტესტო აქციები იმართებოდა თბილისშიც. 1921 წლის [ძველი სტილით] 21 დეკემბერს, ეროვნული გვარდიის დღეს, მოსწავლეებმა სასწავლებლები დატოვეს და მასობრივად გაეშურნენ ნაძალადევის ძმათა სასაფლაოზე, სადაც თებერვალ-მარტის ბრძოლებისას დაცემული მებრძოლები განისვენებდნენ. ხელისუფლებამ დემონსტრანტები დაარბია და დააპატიმრა.
„ნაძალადევი სდუმს. ის დარბეულია ყოველ მხრივად… ამ რაიონიდან როგორც ეშელონები ისე გადაასახლეს მუშები ციხეებში, ბევრი გაიქცა, ბევრმაც სხვა უბნებს მიაშურა… საქართველოს რევოლუციური მოძრაობის კერა თითქოს ჩააქრეს… მუშათა კლასის ასეთი დარბევა, თვით რუსეთის თვითმპყრობელობასაც კი შეშურდებოდა“, – ასე ეხმაურებოდა დარბევას „თავისუფალი საქართველო“, ქვეყნის გარეთ გამოცემული ყოველთვიური სოციალ-დემოკრატიული ჟურნალი.
ჟურნალის ცნობით, დარბევას მალევე მოჰყვა რეპრესიები უნივერსიტეტებშიც. დემონსტრაციასთან კავშირის მქონე პირებს იჭერდნენ და აშინებდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ამან თბილისელი სტუდენტები ვერ გატეხა. ერთ-ერთი კრება, რომელსაც ორი ათას სტუდენტზე მეტი დასწრებია, „დასრულდა ეროვნული ჰიმნის დიდების სიმღერით და ძახილით გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოსო“.[1]
1922 წლის 11 თებერვალს, წითელი არმიის საქართველოში შემოჭრის წლისთავზე, სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო მსვლელობები მოეწყო, რასაც რეპრესიები უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით მოჰყვა. „სოფლებში ეკზეკუციები[2] ჩააყენეს, იჭერენ მოწინავე გლეხებსა და მუშებს, დაჭერილების უმეტესობას თფილისში გზავნიან, სოფლები სავსებით დარბეულია და გლეხების საუკეთესო ნაწილი ტყეშია შეხიზნული“, – წერდა „თავისუფალი საქართველო“.
ჟურნალის ცნობით, ეკზეკუციები – ანუ ბოლშევიკთა დამსჯელი რაზმები – სასტიკად მოქმედებდნენ ჩოხატაურის, ხიდისთავისა და ბახვის რაიონებში, მაცხოვრებლებს სთხოვდნენ იარაღსა და ინფორმაციას მეთაურებისა და დამალული მებრძოლების შესახებ. ბოლშევიკებმა პოლიტიკური პარტიების დევნაც დაიწყეს. „მოქმედებს საველე სასამართლოც: ლიხაურში დახვრიტეს 3 კაცი, შემოქმედში 2. გურიიდან ჩამოიყვანეს 100 ტუსაღი, ბათუმიდან 60“.[3]
პარალელური რეალობა
ოკუპაციის ერთი წლის თავზე კი გაზეთი „კომუნისტი“ მკითხველს პარალელურ რეალობას უხატავდა. „გაუმარჯოს სრულიად საქართველოს მუშათა, გლეხთა, წითელ არმიელთა და მატროსთა პირველ ყრილობას. გაუმარჯოს საბჭოთა რესპუბლიკების ფედერაციას!“ – წერდა გაზეთი. სინამდვილეში, არც მუშურ-გლეხური მხარდაჭერა იგრძნობოდა სადმე და არც საზეიმო განწყობა – დემოკრატიულ პროცესზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
თებერვალში ბოლშევიკები არამხოლოდ ახალ კონსტიტუციას მიიღებენ, სადაც აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და აჭარას განსაკუთრებული პოლიტიკური სტატუსი მიენიჭება, არამედ ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნის პროექტსაც დაამტკიცებენ.
სულ მალე, ორივე საკითხი კომუნისტურ პარტიაში უდიდესი განხეთქილებისა და დაპირისპირების საგნად იქცევა – როგორც მოსკოვში, ისევე კავკასიაში.
[1] Stephen Jones – Establishment of Soviet Power in the Caucasus, გვ.629
[1] ჟურნალი თავისუფალი საქართველო, 1922, N17
[2] დამსჯელი რაზმების ჩაყენება მთავრობის საწინააღმდეგოდ განწყობილ სოფლებში, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ლექსიკონი
[3] თავისუფალი საქართველო, N20
[4] https://firstrepublic.ge/ka/theme/102