skip to content
ახალი ამბები

სოვლაბის ინიციატივით, საქართველოს ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დაარსების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა   

19 ოქტომბერს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ინიციატივით, სოვლაბის ოფისში არჩევნებში მონაწილე სუბიექტებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დაარსებისა და წარსულის ცოდნის უფლების ყოვლისმომცველი რეალიზების შესახებ. მემორანდუმს სამმა ძირითადმა ოპოზიციურმა კოალიციამ მოაწერა ხელი. მათ შორის არიან „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“.

მემორანდუმში ნათქვამია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არ მომხდარა სრულყოფილი ლუსტრაცია, საბჭოთა არქივების ყოვლისმომცველი გასაჯაროება და თანმდევი ღონისძიებების გატარება. „უკანასკნელ წლებში ქართული ოცნების მთავრობამ არაერთი დრაკონული რეგულაცია შემოიღო საბჭოთა პერიოდის არქივებზე წვდომის შესაზღუდად. არქივებზე წვდომის მნიშვნელოვანმა შეზღუდვამ, საბჭოთა წარსულის კვლევა მნიშვნელოვნად გაართულა, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო რუსულ დეზინფორმაციას, წარმატებით გამოეყენებინა  საბჭოთა წარსული, როგორც პროპაგანდის ქმედითი  ინსტრუმენტი“, – ნათქვამია მემორანდუმში.

დოკუმენტის თანახმად, მთელმა რიგმა  პოსტ-ტოტალიტარულმა სახელმწიფოებმა,  როგორიცაა:  გერმანია, პოლონეთი, ჩეხეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და უკრაინა, მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადეს  საბჭოთა კომუნისტური ტოტალიტარული გამოცდილების კვლევისა და გადააზრების მხრივ. კერძოდ, მათ შექმნეს ქმედითი ინსტიტუციური ჩარჩო ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტების სახით.

მემორანდუმი ითვალისწინებს, რომ პოლონეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და უკრაინის პრაქტიკის გათვალისწინებით, შეიქმნას პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სამეცნიერო საზოგადოების მიერ დაკომპლექტებული და დაბალანსებული  ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი, შემდეგ ამოცანათა შესასრულებლად:

1. ლუსტრაცია – საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ლუსტრაცია უნდა განიხილებოდეს არა როგორც სადამსჯელო ღონისძიება, არამედ როგორც მოქალაქეთა წნეხისგან გათავისუფლების მექანიზმი;

2. საბჭოთა პერიოდის არქივების ღიაობის უზრუნველყოფა – ბოლო წლების განმავლობაში დაწესებული შეზღუდვების გაუქმება.

3. მეხსიერების ადგილების დაცვა, კვლევა და მემორიალიზაცია – მათ შორის რეპრესიის მსხვერპლთა საძმო სამარხების დაცვა, საქართველოს საბჭოთა რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებული ადგილების მემორიალიზაცია.

4. საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა.

ევროპარლამენტმა 9 ოქტომბერს „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის მიმართ არსებული საფრთხების შესახებ“ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ უფრო გააუარესა წვდომა საჯარო ინფორმაციაზე, მათ შორის საბჭოთა პერიოდის არქივებზე, „გამოიყენა ევროკავშირის ზოგად მონაცემთა დაცვის რეგულაცია არქივთან წვდომის დრაკონული შეზღუდვების გასამართლებლად“. მან ასევე აღნიშნა, რომ „საქართველოს ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი საბჭოთა პერიოდის არქივი (მათ შორის ყოფილი კგბ-ს და კომუნისტური პარტიის ყოფილი ცენტრალური კომიტეტის არქივები) 2023 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მთლიანად დაიხურა“. რეზოლუცია სინანულს გამოთქვამს სტალინის კულტისა და მასთან დაკავშირებული საბჭოთა ნოსტალგიის ზრდაზე საქართველოში, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი ძალა.

სოვლაბის თანამშრომელს თავს დაესხნენ

იმავე დღეს, მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, თბილისის ცენტრში, სოვლაბის ოფისის მახლობლად გადაადგილებისას სოვლაბის თანამშრომელი და აქტივისტი ბადრი ოკუჯავა გააჩერეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და საღებავი შეასხეს.

ოკუჯავას თქმით, მას 3-4 მამაკაცი დაესხა თავს, რომლებსაც მანქანიდან კიდევ რამდენიმე შეუერთდა. ოკუჯავამ განაცხადა, რომ მან თავდამსხმელები იცნო და რომ ისინი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იყვნენ.

სოვლაბის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი კანდელაკი მომხდარს პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს. მისი თქმით, ბადრი ოკუჯავა აქტივისტია და უდავოა, რომ ინციდენტს პოლიტიკური მოტივი ჰქონდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button