skip to content
რესპუბლიკის ამბები

მოქალაქეებმა და კომპანიებმა გერმანიაში მყოფი ქართველი სტუდენტების დასახმარებლად ფული შეაგროვეს

გაზ. ერთობა, 1921 წლის 22 იანვარი, N15

დახმარება გერმანიაში მყოფ არა სტიპენდიანტ ქართველ სტუდენტობას

გერმანიაში მყოფი არა სტიპენდიანტი სტუდენტობა მეტის მეტ ნივთიერ სივიწროვეს განიცდის.

დახმარების აღმოსაჩენათ შესდგა კომისია, რომელიც შეუდგა სხვადასხვა წყაროების გამოძებნას. ერთი უმთავრესი საშუალება,  – ეს ნებაყოფილობითი, შემოწირულობის სახით მიღებული დახმარებები იყო. ამ მხრივ სათანადო მიმართვა გაეგზავნა ქართველ საზოგადოებას პრესის საშუალებით.

ბერლინში არსებულმა საქართველოს საელჩომ თავის მხრივ მიმართა სხვა და სხვა კერძო პირებს და საზოგადოებებს დახმარებისთვის. ამ მიმართვებმა დღემდის, შეიძლება ითქვას სასურველი შედეგი მოგვიტანა, იმ მხრივ, რომ შეგროვილი იქნა საგრძნობი თანხა, რომლითაც ქართველ სტუდენტობას (მათ შორის საქართველოში მცხოვრები გერმანელებიც არიან) ცოტაოდენი დახმარება გაეწია.

დღემდის შემოვიდა სტუდენტობის დასახმარებლათ: 1) ბ-ნ ხოშტარიასაგან 35 ათასი მარკა,  2) გელზენკიხნერის სააქციო საზ. და გუსტავ ტესენისაგან 30 ათასი მარკა, 3) კავკასიის მაღაროების საზ. მ. ბერბენის სახლი 10  ათასი მარკა,  4) ბ-ნ რ. დათეშიძისაგან 2 ათასი მარკა, 5) ბ-ნ ა. მეტრეველისაგან 2 ათასი მარკა. სულ 7 ათასი მარკა.

დამხმარე კომისია უღრმეს მადლობას უძღვნის აღნიშნულ პირებს და საზოგადოებებს დახმარებისთვის.

აღნიშნული თანხა გაუნაწილდა უღარიბეს სტუდენტებს. ორიოდე თვე კიდევ და ეს თანხა გამოილევა. ერთად ერთ იმედათ მომავალში ისევ საზოგადოების გულშემატკივრობა მიგვაჩნია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული პირების მაგალითს სხვებიც მიბაძავენ და თითქმის, უკვე გამოლეულ თანხას, თავის წვლილს შემატებენ, რომ ამ წვლილით გაჭირვებაში მყოფ სტუდენტობას ცოტაოდენი დახმარება გაეწიოს და ამით საშვალება მიეცეს დაწყებული საქმე ბოლომდის მიიყვანოს.

ყოველივე დახმარება და წვლილი მიიღება ბერლინის საქართველოს ელჩის ვლადიმერ ახმეტელის სახელზედ საგარეო საქმეთა სამინისტროს საშვალებით.

ვთხოვ სხვა გაზეთებს გადაბეჭდონ.

კომისიის თავმჯდომარე: ელჩი ვლადიმერ ახმეტელი

კომისიის წევრნი: ი. ნარსია, ნ. იმნაიშვილი, ს. ბერეჟიანი, ლ. ბალინკი, ა. ნიკოლაიშვილი, ლევ. ხუნდაძე.

მსგავსი/Related

Back to top button