skip to content
ახალი ამბები

აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების სპეციალური წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ

აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების სპეციალური წარმომადგენლების დელეგაცია 6 ნოემბერს საქართველოში ჩამოვიდა. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს სამუშაო ლანჩის ფორმატში. ასევე გაიმართა შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ცხინვალის საოკუპაციო ხაზის მონახულებაც.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ევროკავშირის 20-მდე წევრი ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია და ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს“. 8 ნოემბერს, ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე მოხსენებას გამოაქვეყნებს.

შეხვედრა პრეზიდენტთან

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში შეხვდა. შეხვედრა გუშინ კირბალში მომხდარ ფაქტზე საუბრით დაიწყო.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები არ იცვლება და ხაზი გაუსვა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის ევროპა და ევროპული მომავალი, ასეთ რთულ ვითარებაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-რელიზის თანახმად, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ არ შეიძლება საქართველოს უარი ეთქვას სტატუსზე, რადგან ყოველდღიურად ასეთ რთულ ვითარებაში უწევს ქართველ ხალხს ცხოვრება.

შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციაზე იმსჯელეს და ამ გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი შეაჯამეს.

ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობას და ისეთ „ხელშესახებ შედეგებზე“ გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი; გაძლიერებული თანამშრომლობა უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. მან ასევე აღნიშნა, რომ დელეგაციის ვიზიტი საქართველოს ევროპული მომავლისადმი მათი მხარდაჭერის „თვალსაჩინო დადასტურება“.

შეხვედრაზე ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში დირკ შუბელმა აღნიშნა, რომ „სამომავლო ნაბიჯების კუთხით ორივემ – უკრაინამაც და მოლდოვამაც – ისევე, როგორც საქართველომ სამომავლოდ შეიძლება კარგად გამოიყენონ აღმოსავლეთ პარტნიორობა“. „ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 17 და ევროკავშირიდან 2 კოლეგა გავერთიანდით. მე და ევროკომისიის ერთი თანამშრომელი ევროსტრუქტურებს წარმოვადგენთ. მგონია, რომ ეს კარგის ნიშანია, რადგან ასეთ მნიშვნელოვან დროს ვიმყოფებით საქართველოში“, – განაცხადა მან.

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა 12 რეკომენდაციის შესრულებაში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ძალისხმევა რეფორმების კუთხით აღიარებული იქნება ევროკომისიის მოხსენებაში, რასაც კანდიდატის სტატუსის შესახებ რეკომენდაცია მოყვება.

შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან

7 ნოემბერს, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების სპეციალური წარმომადგენლების დელეგაციას შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც საქართველოსადმი მხარდაჭერის გამოვლინებას ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, ნათქვამია პარლამენტის პრეს-რელიზში.  

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მიმართულ პარლამენტის საქმიანობაზე, მიღწეულ შედეგებსა და მოლოდინებზე. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროკავშირმა სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და მხარი დაუჭიროს საქართველოს შემდგომ პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

დირკ შუბელმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენლმა, აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის ევროკომისიის მოსაზრების გამოქვეყნებას. მისი თქმით, დელეგაციის ვიზიტის მიზანი იმის განხილვაა, თუ როგორ შეუძლია აღმოსავლეთ პარტნიორობას, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს, რეგიონული მშვიდობის საკითხებს, საქართველოში უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე პოლიტიკურ განვითარებებს, საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციას, ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით, საპარლამენტო დონეზე.

შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილი დელეგაციის წევრებს 6 ნოემბერს შეხვდა. ევროკავშირის ოცამდე წევრი ქვეყნის წარმომადგენლობით დელეგაციას ხელმძღვანელობს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში, დირკ შუბელი. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იმყოფება ესპანეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი გაბრიელ კრემადესი.

შეხვედრის მთავარ საკითხს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატი და მისი სამომავლო განვითარების შესაძლებლობები წარმოადგენდა. მინისტრმა დელეგაციის წარმომადგენლებს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა გააცნო. დარჩიაშვილმა დეტალურად ისაუბრა ქართული მხარის მიერ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე გატარებული რეფორმებისა და მიღწეული შედეგების შესახებ. მხარეებმა რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევები მიმოიხილეს და ამ კონტექსტში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე გაამახვილეს ყურადღება.

საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის პროცესში ევროკავშირის როლს, მათ შორის ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ფუნქციონირების, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში თანათავმჯდომარეობისა და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების გზით. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ შეფასდება, „ევროპელი პარტნიორები ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და საქართველოს მიმდინარე წელს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება“.

ამ კონტექსტში, ილია დარჩიაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. „შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროპული ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის პროცესის გაგრძელების მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ამბიციური დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებისთვის“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-რელიზში.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button