ახალი ამბები

ილია დარჩიაშვილი ირლანდიას სტუმრობს

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი 13-15 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ირლანდიაში იმყოფება, სადაც სენატის თავმჯდომარეს ჯერი ბუტიმერს, პარლამენტის სპიკერს შონ ო ფარელს, ირლანდიის  საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრს, ვიცე-პრემიერ მიჰოლ მარტინს, ევროპულ საქმეთა და თავდაცვის სახელმწიფო მინისტრს პიტერ ბურკეს, სახელმწიფო მინისტრს საერთაშორისო განვითარებისა და   დიასპორის საკითხებში, შონ ფლემინგსა და დუბლინის ლორდ-მერს დოჰი დე როისტის ხვდება.

ვიზიტის ფარგლებში, დარჩიაშვილი ასევე შეხვდება ირლანდიაში მყოფი ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-რელიზის თანახმად, მრავალი წლის შემდგომ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი ოფიციალური ვიზიტი ირლანდიაში პირველად ხორციელდება.

შეხვედრა ირლანდიის პარლამენტის სპიკერთან

ირლანდიაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი 14 სექტემბერს ირლანდიის პარლამენტის სპიკერს, შონ ო’ფარელს შეხვდა, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ „მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები“ განიხილეს და „მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის არსებულ დინამიკას“ მიესალმნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციის საკითხზე. ილია დარჩიაშვილმა ვრცლად ისაუბრა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და მთავრობის ძალისხმევაზე ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. თავის მხრივ, პარლამენტის სპიკერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ირლანდიის „ურყევი მხარდაჭერა“ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებს და ევროკავშირის როლს მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში. ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარემ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

შეხვედრა ირლანდიის სენატის თავმჯდომარესთან

ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ირლანდიის სენატის თავმჯდომარეს, ჯერი ბუტიმერს შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, დარჩიაშვილი მიესალმა ირლანდიის პარლამენტის კონსოლიდირებულ მიდგომას საქართველოსთან დაკავშირებული საკითხებისადმი, რაც ნათლად დაფიქსირდა სხვადასხვა მხარდამჭერ რეზოლუციასა თუ საპარლამენტო მოსმენაზე. შეხვედრაზე ირლანდიის სენატის წევრებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ირლანდიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ და გამოთქვეს მზადყოფნა „გაუზიარონ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების საკუთარი გამოცდილება“. დარჩიაშვილმა, თავის მხრივ, მათ გააცნო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ არსებული პროგრესი.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გეოპოლიტუკური მნიშვნელობა და გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე გაწეული ძალისხმევა სათანადოდ იქნება ასახული ევროკომისიის ანგარიშში. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ირლანდიის პარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრები. მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, სენატორმა ვილსონმა, კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ  ირლანდიელი პარლამენტარები  მხარს უჭერენ  საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

ირლანდიის სენატის თავმჯდომარემ განსაკუთრებით აღნიშნა ირლანდიაში ქართული დიასპორის მნიშვნელოვანი როლი ირლანდიის კულტურული მრავალფეროვნებისა და ქვეყნების დაახლოების პროცესში. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მიმოიხილეს  რეგიონში არსებული გამოწვევები და უსაფრთხოების გარემო. ილია დარჩიაშვილმა ჯერი ბუტიმერს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე, როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ურყევი მხარდაჭერისთვის.

შეხვედრა საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრთან

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ირლანდიის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრს,  მიჰო მარტინს შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს  ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ, რაც ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის განვითარებასა და ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში  ურთიერთობების გაღრმავებას დაეხმარება, ასევე ხელს შეუწყობს ირლანდიის მხრიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პრაქტიკულ მხარდაჭერას.

ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე გააჟღერა ირლანდიის გადაწყვეტილება ირლანდიაში მგზავრობისას დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეების ვიზისგან გათავისუფლების შესახებ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამჟამად მიმდინარეობს გადაწყვეტილების ტექნიკური იმპლემენტაცია.

შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. დარჩიაშვილმა კოლეგას რეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ იქნება დაფასებული სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. თავის მხრივ, ირლანდიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ვრცლად იქნა მიმოხილული ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი. მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის სექტორული, განსაკუთრებით კი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსაც. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ირლანდიის აქტიური ჩართულობისთვის. მხარეებმა ასევე განიხილეს მიმდინარე წელს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის თბილისში გამართვის საკითხი. 

შეხვედრა დუბლინის ლორდ-მერთან

ირლანდიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დუბლინის ლორდ-მერს დოჰი დე როისტის შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეები მიესალმნენ თბილისისა და დუბლინის წარმატებულ პარტნიორობას და ისაუბრეს ორ ისტორიულ ქალაქს შორის  გამოცდილების გაზიარებაზე ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სატრანსპორტო პოლიტიკა, ისტორიული უბნების განვითარება და ეკოლოგია.

დუბლინის ლორდ მერი დაინტერესდა საქართველოში არსებული ეფექტიანი სამოქალაქო სერვისებით, მოქალაქეთა ერთი ფანჯრის მომსახურების პრინციპით და აღნიშნა, რომ „ურთიერთსასარგებლო იქნება თანამშრომლობა თანამედროვე გამოწვევების დასაძლევად“. ამასთან, „მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოს აქტიური მონაწილეობა წმინდა პატრიკის დღისადმი მიძღვნილ გლობალურ მწვანე კვირეულში, რომელიც ირლანდიის ინიციატივით მთელ მსოფლიოში იმართება“, – ნათქვამია საგარეო უწყების პრეს-რელიზში.

შეხვედრა ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანთან

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, პიტერ ბურკეს. ილია დარჩიაშვილმა მინისტრს გააცნო ამომწურავი ინფორმაცია იმ პროგრესის შესახებ, რომელსაც საქართველომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით მიაღწია და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მტკიცედ მისდევს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საჭირო რეფორმების განხორციელების დღის წესრიგს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების სტრატეგიულ მნიშვნელობას როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის. მხარეებმა აღნიშნეს ამ პროცესში ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, ირლანდიის მხარდაჭერის მნიშვნელობა. თავის მხრივ, ირლანდიის სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ისე პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების კუთხით.

ზოგადად, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროკავშირს ძლიერ და დინამიკურ პარტნიორობას და აღინიშნა საქართველოს, როგორც ძლიერი პარტნიორის მნიშვნელობა ევროკავშირისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს და აღინიშნა ევროკავშირის განსაკუთრებული როლი ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფის საქმეში.

შეხვედრა დიასპორის მინისტრთან

ილია დარჩიაშვილი დიასპორის მინისტრს, შონ ფლემინგს შეხვდა, სადაც მხარეებმა  ვრცლად  მიმოიხილეს ირლანდიის წარმატებული პოლიტიკა დიასპორის საკითხებში და ამ კუთხით  გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები.  

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირლანდიურ მხარეს გააცნო საქართველოს სახელმწიფოს მიდგომები უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მიმართ და აღნიშნა, რომ სახელმწიფო აქტიურად მუშაობს ქართული დიასპორის გასაძლიერებლად როგორც შესაბამისი პოლიტიკის იმპლემენტაციის, ისე ცალკეული პროექტებისა თუ პროგრამების სახით.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა დიაპორის მნიშვნელოვან როლს  ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ამოცანების შესრულების პროცესშიც. 

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ირლანდიას ირლანდიელი ექსპერტის აქტიური მონაწილეობისთვის საქართველოს დიასპორის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების პროცესში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button