skip to content
ახალი ამბები

ილია დარჩიაშვილი თურქეთს ესტუმრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ესტუმრა. 15 თებერვალს, იგი თავის თურქ კოლეგას, ჰაქან ფიდანს და თურქეთის დიდი ეროვნული კრების სპიკერს, ნუმან ქურთულმუშს შეხვდა.

შეხვედრა თურქ კოლეგასთან

საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე, ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. მათ შორის, თანამშრომლობის საკითხები ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სტრატეგიული რეგიონული პროექტების, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში. მათ წარმატებულად შეაფასეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა.

მინისტრებმა განიხილეს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანზიტო პოტენციალი. ამ კონტექსტში, აღნიშნეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის, ასევე, შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობა. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების  მნიშვნელობას და  ასევე  საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფორმატის მნიშვნელობას.

მათ ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და უსაფრთხოების გამოწვევები. შეხვედრაზე, თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მათ ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობაში.

შეხვედრის ბოლოს საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატს. ასევე, მინისტრებმა აქტუალურ საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაცვალეს  და განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

შეხვედრა თურქეთის დიდი ეროვნული კრების სპიკერთან, ნუმან ქურთულმუშთან

ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული კრების სპიკერს, ნუმან ქურთულმუშს შეხვდა, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას.

დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა სპიკერს თურქეთის ურყევი მხარდაჭერის გამო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მიმართ. ასევე, საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხში აქტიური მხარდაჭერისათვის.

„წარმატებულად“ შეფასდა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა, რა დროსაც ყურადღება გამახვილდა სტრატეგიულ სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციის საკითხზე. მხარეებმა საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სამმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მჭიდრო თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button