Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

ნოე ჟორდანიამ საფრანგეთის დიპლომატიური და სამხედრო  წარმომადგენელები მიიღო

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 14 იანვარი, N9

საქართველო და საფრანგეთი

[1921 წლის დასაწყისში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა სოციალისტმა არისტიდ ბრიანმა, რომელიც კეთილგანწყობილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და ზოგადად საქართველოს დამოუკიდებლობისადმი, ბრიანის დავალებით საფრანგეთის წარმომადგენლები აქტიურად გადიოდნენ კონსულტაციებს დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიულად აღიარებისა და სამხედრო დახმარების გაწევისათვის. – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].

იანვრის 12-ს საქართველოში დანიშნულმა სრულუფლებიანმა მინისტრმა ბ. აბელ შევალემ და შავი ზღვაზე მყოფ საფრანგეთის ფლოტის სარდალმა ამირბარმა დიუმელინმა ინახულეს მთავრობის თამჯდომარე ნოე ჟორდანია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის აღმასრულებელმა კონსტანტინე საბახტარაშვილმა.

დიუმენილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას იმ პატივისცემისათვის, რომელიც მას გაუწიეს ბათომიდან ტფილისამდე მგზავრობის დროს. ამასთანავე საფრანგეთის წარმომადგენლებმა საფრანგეთის მთავრობის სახელით საქართველოს მთავრობას გადასცეს რესპუბლიკის დამოუკიდებლობისადმი პატივისცემა და თანაგრძნობა საქართველოს სახელმწიფოებრივი მიზნებისადმი.

ბატონი დიუმენილი არის შავი ზღვის ფლოტის მთავარ-სარდლის მოადგილე; იგი ერთ-ერთი ახალგაზრდა და გამოჩენილი ამირბარია საფრანგეთში. დიუმენილის ჩამოსვლას პირადული ხასიათი აქვს. იანვრის 12-ს ამირბარი დიუმენილი დაესწრო სახაზინო თეატრში ოპერას. იანვრის 13-ს იგი დაესწრება ოფიციალურ სადილს. პარასკევს [14 იანვარს] ამირბარ დიუმენილს საფრანგეთის უმაღლეს კომისრის ბინაზედ გაუმართავენ საზეიმო სადილს. შემდეგ ბრიტანეთის უმაღლეს კომისართან გაიმართება სადღესასწაულო საღამო. შაბათს [15 იანვარს] დიუმენილი ტფილისიდან მიემგზავრება.

მსგავსი/Related

Back to top button