ისტორიის რვეულირვეულები

როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

საქართველოში  „ძველით ახალ წელს“ ჯერ ისევ ბევრი აღნიშნავს. მართალია, 14 იანვარს ახალი წლის ზეიმი წლიდან წლამდე კარგავს პოპულარობას, მაგრამ ღამის 12 საათზე მაშხალის ხმა აქა-იქ ჯერ კიდევ გაისმის ხოლმე.


ავტორი: ირაკლი ირემაძე


ზოგი ამ დღეს ნახევრად ხუმრობით აღნიშნავს, ზოგი კი ძველით ახალ წელს სრული სერიოზულობით ელოდება და ისიც სწამს, რომ ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. სინამდვილეში, საქართველოში “ძველით ახალი წელი” პირველად 105 წლის წინ, 1919 წლის 13 იანვრის ღამეს დამკვიდრდა, როცა საქართველოს პირველი რესპუბლიკა ბათქაბუთქმა აიკლო. ეს კი ფრიად საინტერესო გარემოებებმა განაპირობა და სულაც არ შემოიფარგლება მხოლოდ კალენდრის ცვლილებით.

კალენდრის ცვლილება

1918 წლის 17 აპრილის ერთ არაფრით გამორჩეულ ღამეს ქართველებმა საწოლებს ჩვეულებისამებრ მიაშურეს, მაგრამ როცა დილით გაიღვიძეს, უკვე 1 მაისი დამდგარიყო. ამ უჩვეულოდ “ხანგრძლივი” ძილის მიზეზი კი ამიერკავკასიის სეიმის მიერ 13 აპრილს გატარებული საკანონმდებლო ცვლილება გახდა. სეიმის თავმჯდომარის, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის ხელმოწერით გამოქვეყნებული კანონი ამიერკავკასიის რესპუბლიკაში 1918 წლის 17 აპრილიდან „იულიუსის კალენდრის“ ნაცვლად „გრიგორიანული კალენდრის“ გამოყენების წესს ადგენდა.

ამ გადაწყვეტილებას არაერთი უხერხულობა უნდა აღმოეფხვრა. მაგალითად, კანონი ბოლოს და ბოლოს დაასრულებდა გრიგორიანულ კალენდარზე დიდი ხნის წინ გადასულ ევროპულ ქვეყნებთან კომუნიკაციისას თარიღებთან დაკავშირებულ გაუგებრობებს. ოღონდ შუა წელს კალენდრის შეცვლა დამატებით თავის ტკივილსაც წარმოქმნიდა: დასაზუსტებელი შეიქნა დეკრეტებისა და კანონების გამოცემისა და მოქმედების ვადები.

ხელისუფლება საზოგადოებას კალენდრის ცვლილების მიზეზს პრესის მეშვეობით განუმარტავდა. „ჩვენი კალენდარი დღემდე 13 დღით ჩამორჩენილი იყო ნამდვილ დროთა ბრუნვას…“ – წერდა გაზეთი “ერთობა”.

მართლაც, 1582 წლიდან საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, იტალია და პოლონეთი რომის პაპის, გრიგორ XIII-ის, მიერ შემუშავებულ ე.წ. „გრიგორიანულ კალენდარს“ იყენებდნენ. ახალი კალენდარი ასწორებდა წლის ხანგრძლივობის გამოთვლის კუთხით ძველ კალენდარში არსებულ მცირე უზუსტობას, ხოლო ასტრონომიულ ათვლებთან დასაახლოებლად ნაკიან წლებსაც ხელახლა ადგენდა. 1610 წელს გრიგორიანული კალენდარი პრუსიამაც შემოიღო, 1752 წლიდან კი მას დიდი ბრიტანეთის სამეფოც იყენებდა.

რუსეთის საიმპერიო ხელისუფლება ტრადიციულად კონსერვატიულ დამოკიდებულებას იჩენდა და მისი არსებობის განმავლობაში ახალი კალენდრის გამოყენებაზე ჯიუტად ამბობდა უარს. გრიგორიანული კალენდარი რუსეთში მხოლოდ 1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ შემოიღეს. ამიერკავკასიასა და რუსული მარწუხებისგან გათავისუფლებულ საქართველოში კი ახალი კალენდრის შემოღება შედარებით დაგვიანდა.

რატომ გადაწყდა კალენდრის შეცვლა მაინცდამაინც შუა წელიწადში? პირველ რესპუბლიკაში ცვლილების საბაბად პირველი მაისის, მშრომელთა საერთაშორისო დღის, ზეიმს ასახელებდნენ. იმხანად, ქართველი სოციალ-დემოკრატები პირველ მაისს ევროპის სოციალისტური მოძრაობების მსგავსად აქტიურად აღნიშნავდნენ.

გაზაფხულზე კალენდრის ცვლილების ერთ-ერთ საბაბად პირველ მაისს მშრომელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას ასახელებდნენ. ამ დღეს ქართველი სოციალ-დემოკრატები დასავლელი მემარცხენეების მსგავსად ზეიმობდნენ. ფოტო: პირველი მაისის დემონსტრაცია ნიუ იორკში, 1909 წელს. ფოტო: Library of Congress

აი, რას წერდა კალენდართან დაკავშირებული უხერხულობებისა და პრობლემების გადაჭრის შესახებ „ერთობა“:

„თუ დახედავთ, დღევანდელ კედლის კალენდარს, ამოიკითხავთ, რომ იქ [ევროპაში] დღეს უკვე 30 აპრილია, ხვალ კი 1 მაისი. ამ პირველ მაისს ხვალ მთელი ქვეყნის მუშები იდღესასწაულებენ, უნდა ვიდღესასწაულოთ ჩვენც. მაგრამ აქამდე ჩვენში ამ დღეს 18 აპრილი ერქვა, ევროპაში კი 1 მაისი. ასეთივე არევ დარევა კალენდრის ბევრ უხერხულობას იწვევდა ცხოვრებაში. ამიტომ ჩვენმა მთავრობამ გადასწყვიტა ერთხელ და სამუდამოთ მოეღო ბოლო ასეთ წესისათვის. ამიტომ ხვალიდან ჩვენშიაც, 1 მაისი იქნება. ასე რომ წელს ანგარიშში არ შევა 18-30 აპრილია ეს სახელები დაიკარგება ამ ერთი წლით. წლევანდელი წელიწადი ამიტომ 13 დღით მოკლე იქნება ჩვეულებრივ წელიწადზე. მას ექნება მხოლოდ 252 დღე. ამით ჩვენ გადავალთ ევროპიულ კალენდარზე. ყველა დღესასწაულები თავის ადგილს დარჩება. მაგ. მიძინება ისევ 15 აგვისტოს იქნება, ღვთისმშობლობა 8 ენკენისთვეს, შობა 25 დეკემბერს…“

რელიგია და ახალი კალენდარი

კალენდრის ცვლილების მიმართ კრიტიკა ძირითადად რელიგიურ არგუმენტებს შეიცავდა. მართლმადიდებელ რელიგიურ მოღვაწეთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ ქრისტესშობამდელი იულიუსის კალენდარი იესოს დროინდელ კალენდარს უფრო მეტად შეესაბამებოდა, ვიდრე კათოლიკური ეკლესიის მეთაურის მიერ შესწორებული. ეს აზრი მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებლურ წრეებში არ ტრიალებდა – ამავე მიზეზით გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლა საბერძნეთშიც 1923 წლამდე შეყოვნდა.

ხელისუფლება კი კრიტიკის საპასუხოდ ირწმუნებოდა, რომ კალენდრის ცვლილების მიზნები სარწმუნოებასთან არაფერ შუაში იყო.  „…მომავალ [საეკლესიო] დღესასწავლებსაც წელს სხვა საქრისტიანოსთან ერთათ ვდღესასწავლობთ. მაგ. აღდგომა რუსეთში და სხვა საქრისტიანო ქვეყნებშიაც 5 მაისს არის, ესე იგი მომავალ კვირას. აქედან ცხადია კალენდრის გამოცვლას მიზნათ აქვს არა სარწმუნოების შეხება, როგორც ზოგიერთები ჭორი-კანობენ, არამედ ევროპიული ანგარიშის შემოღება, განათლებულ ქვეყნებთან გათანასწორება“, – აცხადებდა ხელისუფლება.

მიუხედავად კალენდრის გასწორებისა, საეკლესიო წრეებში რელიგიურ დღესასწაულთა დიდი ნაწილი მაინც ე.წ. „ძველი სტილით“ აღინიშნებოდა, ამიტომ 1919, 1920 და 1921 წლებში შობა 7 იანვარს აღინიშნა. კალენდრის ცვლილებაზე უარის მიზეზად მრევლს შორის თარიღთან დაკავშირებით აღრევის საფრთხე სახელდებოდა.

პირველი „ძველით ახალი წელი“

საქართველოს მოქალაქეებმა პირველი „ძველით ახალი წელი“ 1919 წლის 13 იანვრის ღამეს აღნიშნეს. როგორც პრესა აღწერს, ამ ღამით ქართული ქალაქები და სოფლები ნამდვილ საზეიმო განწყობაში იყო გახვეული და ცაში თოფის სროლისა და ყიჟინის ხმა მთელი ღამე ისმოდა. დედაქალაქში კი ამგვარ „ხმაურიან“ აღნიშვნას, კალენდრის ცვლილებასთან ერთად, სხვა მიზეზიც ჰქონდა.

1918 წლის დეკემბერში სომხეთთან მიმდინარე ომის გამო თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს დიდ ნაწილში სამხედრო წესები მოქმედებდა. 31 დეკემბრის ღამემდე თბილისის გენერალ გუბერნატორმა, გენერალმა შალვა მაღლაკელიძემ, სპეციალური განკარგულება გამოსცა –  „თფილისის გენ. გუბერნატორის განკარგულებით ნებადართულია ქუჩებში მოძრაობა ღამის 2 საათამდე, ჩვეულებრივათ მიღებული სროლა დღესასწაულის გამო აკრძალულია. დამნაშავე დაისჯება ერთ ნახევარი წლით დაპატიმრებით ან ათი ათასი მანეთის ჯარიმის გადახდევინებით“.

პრესისა და თვითმხილველთა ცნობით, 31 დეკემბრის ღამით მოქალაქეებმა მართლაც შეიკავეს თავი სროლისგან და ხმაურისაგან. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თბილისელებმა ზნეს მაინც არ უღალატეს. მათ შენიშნეს, რომ მაღლაკელიძის აკრძალვა მხოლოდ 31 დეკემბრის ღამეს ეხებოდა, მოთმინებით დაელოდნენ ხელსაყრელ დროს და 13 იანვრის ღამეს, როცა შეზღუდვა აღარ მოქმედებდა, ქალაქი თოფისწამლის კვამლსა და ხმაურში გახვიეს.

ახალი წელი ევროპასა და აზიას შორის

რას შვრებოდა ამ დროს რესპუბლიკის მეტად მოზომილი ლიდერი ნოე ჟორდანია? პირველი „ძველით ახალი წლის“ აღნიშვნის მიმართ ჟორდანიას დამოკიდებულების შესახებ საინტერესო მოგონება შემოგვინახა მისმა მრჩეველმა, ცნობილმა ეკონომისტმა ვლადიმერ ვოიტინსკიმ. ის წერს:

„ეს ევროპული ყაიდის კაცი მჭიდროდ არის დაკავშირებული უეშმაკო ქართველი ხალხის უბრალო არსებობასთან რაზეც თავისთავად უმნიშვნელო ერთი ფაქტი მოწმობს:

საქართველოში კვლავაც არსებობს ზეიმისას სიხარულის ნიშნად თოფის სროლის ჩვეულება. ისროდნენ ქორწილებზე, დღესასწაულებზე და განსაკუთრებით, ახალ წელს.

1918-1919 წლებში, უკიდურესად რთული პოლიტიკური ვითარების გამო მთავრობამ მკაცრად აკრძალა ახალი წლის დადგომისას იარაღის სროლა. მოსახლეობამ ეს აკრძალვა უსიტყვოდ დაიცვა და 31 დეკემბერს თბილისში ერთხელაც არ გაუსვრიათ.

ხალხს ძალიან უნდოდა ამ დანაკლისის ანაზღაურება – ახალი წელი ძველი კალენდრით 13 იანვრის ღამეს, 14 იანვრის გათენებისას, აღნიშნეს. ღამით ქუჩებში ისეთი ზათქი და გრუხუნი იყო, რომლის მსგავსი სპარსელთა შემოსევების შემდეგ არ სმენია ქალაქს.

სროლა გათენებამდე გაგრძელდა. თითქოს მთელი ქალაქი აჯანყებულიყო. მეორე დღეს ნოე ჟორდანია ამ სიტყვებით შემხვდა:

“– გაიგეთ? რა ღამე იყო! ჩვენი ბიჭები სულ მთლად გაგიჟდნენ!“, თუმცა მის ხმაში სიამაყე იგრძნობოდა და თვალები უციმციმებდა:აბა, რას ფიქრობთ ჩვენს ბიჭებზე? აი ვინ იცის გართობა!

ძალიან კარგად ვხდებოდი, მთავრობის თავმჯდომარე რომ არ ყოფილიყო, ასაკის მიუხედავად, ნოე ჟორდანიაც ჩაერთვებოდა ღამის ბათქა-ბუთქში, რათა საუკუნობრივი ტრადიციებისთვის არ ეღალატა.

ეს კარგად იცოდნენ ქართველმა ამხანაგებმაც, რომელთა საქციელსაც ჟორდანია ტუქსავდა:გაუგონარია! ჩვენ ქალაქში ბევრი უცხოელია! რას იტყვიან? თავი აზიაში ეგონებათ!” ამგვარად ელაპარაკებოდა მთავრობის თავმჯდომარე ქალაქის წესრიგზე პასუხისმგებელ ერთ-ერთ პირს. მეორე სიცილით იჩეჩავდა მხრებს:ეს ადათია! ხალხი არაფერ შუაშია.“

1919 წლის 13 იანვარს „ძველი სტილით“ ახალი წლის მასშტაბურად აღნიშვნის შესახებ ცნობები მრავლად გამოქვეყნდა პრესაში. „გუშინ, ძველი სტილით, ახალ წლის ღამეს მთელ ქალაქში განუწყვეტლივათ სროლა სწარმოებდა, მთელ ქალაქში დღესასწაულობდენ ახალწელს“, – წერდა გაზეთი “სალი კლდე”.

ამგვარად, „ძველით ახალი“ წლის „ტრადიციის“ დავიწყებული შემოქმედები, საუკუნეების წინანდელი ჩვენი წინაპრები კი არა, აგერ 105 წლის წინ მოღვაწე გენერალი მაღლაკელიძე, ნიკოლოზ ჩხეიძე და ამიერკავკასიის სეიმის წევრები არიან. მათ კი, ვინც დღეს საახალწლოდ პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვას იმედოვნებს, საჭირო გაკვეთილის სწავლაც შეუძლიათ: თუკი ასეთ კანონს მიიღებენ, იქვე 13-14 იანვრის ჩაწერაც არ დაივიწყონ – ვინ იცის, იქნებ და ქართველებმა ძველ ხრიკებს მიმართონ.

მსგავსი/Related

Back to top button