Placeholder canvas
მოსაზრებაწერილები

მოსაზრება | საქართველოს სჭირდება დემოკრატიის ახალი მოდელი


სტივენ ჯონსი ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში საქართველოს შესწავლის პროგრამის დირექტორია.

ნატალი საბანაძე მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯში მიწვეული პროფესორია. მანამდე ის საქართველოს ელჩი იყო ევროკავშირში.

ეს წერილი პირველად “ევრაზიანეტში” გამოქვეყნდა, ინგლისურ ენაზე.


ფართომასშტაბური დემონსტრაციების შემდეგ, 9 მარტს, “ქართული ოცნების” მთავრობამ უკან დაიხია და ჩააგდო “უცხოეთის აგენტების” წინააღმდეგობრივი კანონი, რომელიც ორი დღით ადრე თავადვე დაამტკიცა პარლამენტში. ეს კანონი 2012 წელს რუსეთში მიღებულის მსგავსი იყო და მას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია ჰქონდა მიზანში ამოღებული.

ამ კვირის მოვლენებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა ქართული პოლიტიკის ციკლური ბუნება. დემოკრატიის მიმართულებით აღმაფრთოვანებელ წინსვლას ავტორიტარიანიზმისკენ დაცურება მოჰყვება ხოლმე. მთავრობები რეფორმებისა და წინსვლის დევიზებით მოდიან სათავეში, მაგრამ ბოლოსკენ განწირულად ებღაუჭებიან ძალაუფლებას. სააკაშვილის მმართველობიდან ათი წელი გამოხდა და ერთპარტიულ მმართველობას, საპარლამენტო ბოიკოტებსა და ტალახის სროლას დავუბრუნდით. ასე გაქარწყლდა ქართული დემოკრატიის წინსვლის, მეტი ანგარიშვალდებულების, გადაწყვეტილებების მიღებაში ხალხის – მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების – უფრო ეფექტური ჩართულობის იმედები.

საქართველოს მმართველების ლეგიტიმურობას ძირს ყოველთვის უთხრიდა დასავლეთიდან იმპორტირებული პოლიტიკური ინსტიტუტების – მათ შორის არჩევნების – სტრუქტურული ხარვეზები. არჩევნები საქართველოში ელიტების ქიშპის დემონსტრაციად იქცა, რომელიც საზოგადოებას ზედამხედველობის განხორციელების იშვიათ საშუალებას აძლევს – საარჩევნო ციკლში ერთხელ – სინამდვილეში კი საარჩვენო ოლიგარქიის სისტემას უხანგრძლივებს სიცოცხლეს.

არჩევნები არც შეჯიბრებითობას უწყობს ხელს და მათი შედეგები არც საქართველოს მოქალაქეობის საზრუნავს ან მოთხოვნილებებს ასახავს. არჩევნები და ელიტური პარტიები – NDI-ს უკანასკნელი გამოკითხვით ამომრჩეველთა 61% აზრით მათ ინტერესებს არც ერთი პარტია არ გამოატავს – საარჩევნო სისტემის ყველაზე სუსტი წერტილია. 2003 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ; 2012 წელს, “ქართული ოცნების” საარჩევნო გამარჯვების შემდეგ, არსებობდა იმედი, რომ მოქალაქეთა მონაწილეობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ქართულ დემოკრატიას გამოაცოცხლებდა.

მაგრამ არა – ახლადარჩეული რეჟიმები თანდათანობით მაინც საქართველოსთვის ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდნენ: ერთი დომინანტი პარტია განაგებს ქვეყნის რესურსებს, ხელში იგდებს ბიზნესსა და სასამართლოს იმისთვის, რომ მოქალაქეები გააკონტროლოს.

საქართველოს დემოკრატია ბათუმში აღმართულ ცათამბჯენს წააგავს, რომელსაც დასავლეთის მშვენიერი ხედისკენ უქნია პირი, მაგრამ შიგნიდან კი დიდი ხანი ცარიელი იყო. უკანასკნელ ხანებში ეს ცათამბჯენი ფეშენებელურ სასტუმროდ აქციეს, რომელიც მთლიანადაა მოწყვეტილი უხარისხო ბინებში გამოკეტილი ბათუმელებისაგან.

საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში ჩართულობის საშუალება იმდენად არათანაბარია, რომ სახალხო არჩევნებით ხელისუფლებაში მყოფი პარტიის ცვლილების შესაძლებლობა მინიმალურია. დიდი საპარლამენტო უმრავლესობა საშუალებას აძლევს მმართველ პარტიას მიიღოს კანონები, რომლებითაც ბორკავს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, პოლიტიკურ კონტროლს ახორციელებს სასამართლო ხელისუფლებაზე და ზღუდავს სამოქალაქო უფლებებს. პოლიტიკის ენა გაჯერებულია ღალატში დრამატული ბრალდებებით, რომლის თანახმადაც, საზოგადოება მთავრობის მომხრე პატრიოტებად და ანტისამთავრობო უცხოეთის აგენტებადაა გახლეჩილი.

რუსეთ-უკრაინის ომი

საქართველო ადგილნაცვალი ქვეყანაა – ფიზიკურად ერთ რეგიონშია, მენტალურად და პოლიტიკურად კი სხვა რეგიონის ნაწილი სურს რომ იყოს. საქართველოს უწინარესი საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტი ყოველთვის თავისი კულტურული, პოლიტიკური და გეოგრაფიული ევროპელობის აღიარება იყო. ამის დასაბუთებას ცდილობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა 1918-21 წლებშიც, როცა მათი მთავარი გაცხადებული სურვილი ბოლშევიკების “აზიური დესპოტიზმისგან” ევროპული დაცვის მოპოვება იყო.

2021 წელს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ე.წ. “ასოცირებულ ტრიოში” გაერთიანება, საქართველოსთვის ამ საგარეო პოლიტიკური კურსის კიდევ ერთი რეინკარნაცია იყო. ამით ის ევროპული ალიანსის ნაწილად ცდილობდა საკუთარი თავის წარმოჩენას.

ოღონდაც, 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის გამძაფრებამ საქართველოს პრო-ევროპული ორიენტაციის შესახებ სერიოზული უთანხმოება გამოავლინა. მის წინააღმდეგ გაჩაღებულმა ომმა უკრაინის ევროპელობა განამტკიცა, საქართველო კი “ნაცრისფერ ზონაში” მიაბრუნა. მართალია, უკრაინის წაბაძვით საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში წევრობის განაცხადი 2022 წლის მარტში წარადგინა, მაგრამ რუსული შურისძიების შიშმა და რუსეთის მხოლოდ თავშეკავებულმა კრიტიკამ ის პრო-დასავლურ “ასოცირებულ ტრიოს” ჩამოაშორა. საქართველოს მთავრობის რიტორიკა მზარდ იდეოლოგიურ თანხვედრაშია ვიქტორ ორბანის მიერ უნგრეთში გატარებულ ხაზთან. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” რუსული ყაიდის კანონის პარლამენტში წარდგენა კი დასავლეთისა და მისი ღირებულებებისაგან საქართველოს გაუცხოების მხოლოდ უკანასკნელი ნიშანი იყო.

პოლარიზაცია და დემოკრატიზაცია

პოლიტიკურ პარტიებს შორის პოლარიზაციას საქართველოში ეკონომიკური პოლარიზაცია უმაგრებს ზურგს, რაც პოლიტიკურ და სოციალურ გარიყულობას იწვევს და ხელს უწყობს მოქალაქეების იზოლირებას პოლიტიკური პარტიებისაგან. 2022 წლისათვის საქართველოში მოწინავე პოლიტიკური პარტიები ადრინდელზე უფრო არიან გახლეჩილი – ისინი ვერ ახერხებენ თანამშრომლობას და კონსენსუსის მიღწევას ისეთ თემებზე, როგორიცაა სამუშაო ადგილები, ჯანდაცვის ან საბინაო პირობების გაუმჯობესება. ეკონომიკურმა პოლარიზაციამ ქალაქსა და სოფელს შორის უფსკრული გააჩინა, რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები კი პოლიტიკურ ცხოვრებას მოწყვიტა.

ქართველ პოლიტიკურ კლასსა და ქართველ ხალხს შორის ხიდი ჩატეხილია. პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ შეძლეს მოქალაქეებს შორის საკუთარი სოციალური და პოლიტიკური საყრდენის შექმნა. პარტიებს შორის არსებული განსხვავებები კი უფრო პიროვნულია, ვიდრე იდეოლოგიური.

დასავლეთის მთავრობების მიერ მხარდაჭერილმა დემოკრატიზაციის მოდელმა ვერ დააზღვია საქართველო ჰიბრიდული (ან შეჯიბრებითად ავტორიტარული) რეჟიმისკენ დაღმასვლისაგან. დემოკრატიული უკუსვლა პოლიტიკური პოლარიზაციის ღვიძლი ძმაა. სტივენ ლევინსკი და დანიელ ციბლატი, წიგნში “როგორ კვდებიან დემოკრატიული ქვეყნები” წერენ, რომ “თუკი ისტორიიდან რაიმე დასკვნის გამოტანა შეგვიძლია, ეს ისაა, რომ უკიდურეს პოლარიზაციას შეუძლია დემოკრატიის მოკვლა.”

ოღონდაც, ყოველი დემოკრატიული სახელმწიფო პოლარიზაციას ერთგვარად როდი უმკლავდება. კონსენსუსზე, ანუ მსჯელობაზე დაფუძნებული დემოკრატიები – განსხვავებით ვესტმინსტერის, ანუ შეჯიბრებითი ტიპის მაჟორიტარული დემოკრატიებისაგან – სტრუქტურულად ისე არიან მომართულნი, რომ სოციალური კონფლიქტისგან თავი დაიზღვიონ ან მართონ ის. დიახ, ამგვარი მმართველობა ნელია და ხშირად მოყოყმანეც, მაგრამ პოლარიზაციის პრობლემას უკეთ უმკლავდება, ვიდრე არჩევნებზე ზედმეტად ფოკუსირებული მოდელები, რომლებსაც დასავლეთის ქვეყნები საქართველოსდაგვარ ქვეყნებში უჭერდნენ მხარს.

არჩევნები საკმარისი არაა

პოლარიზაციას შეიძლება მრავალი განზომილება ჰქონდეს, მაგრამ მისი საკვანძო ელემენტი მოქალაქეების დემოკრატიული, ინსტიტუციური გზებით პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის მოშლაა. საქართველოს მოქალაქეები უღონონი არიან როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად.

დემოკრატიის მხარდაჭერის დასავლური პროგრამების მთავარი საზრუნავი საპარლამენტო მოდელი იყო, მაგრამ მათი ყოველი მცდელობა გაეძლიერებინათ პარლამენტი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შედარებით, პოლიტიკური პარტიების შიდა დემოკრატიისთვის დაეჭირათ მხარი, შეექმნათ დამოუკიდებელი სასამართლო და გაეძლიერებინათ ადგილობრივი მმართველობა არასაკმარისი აღმოჩნდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების ჩაკეტილობის დასაძლვევად.

ქართული სახელმწიფო მოქალაქეებისაგან დამოუკიდებელი შეიქნა და მოვიდა დრო, მასში მოქალაქეები დავაბრუნოთ. მხოლოდ არჩევნებით ეს ვერ მოხერხდება – ისინი ხომ არაანგარიშვალდებული პარტიების დაუბალანსებელი შეჯიბრის რიტუალში მოქალაქეების პერიოდულ, სიმბოლურ მონაწილეობადაა გადაქცეული.

ამომრჩევლების ნებელობა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ვლინდება: 2003 წელს, როცა მოპარული არჩევნების წინააღმდეგ მასობრივმა დემონსტრაციებმა იფეთქა, ანდა 2012 წელს, როცა ოლიგარქს საკმარისი რესურსები აღმოაჩნდა მმართველი პარტიის შესავიწროვებლად. საპარლამენტო არჩევნები ძალაუფლების გადანაწილებას არ იწვევს, არჩევნებში დამარცხება კი ძალაუფლებიდან განკვეთას უდრის. ძალაიფლებიდან განკვეთას მოსდევს პოლიტიკდან გარიცხვა, შემდეგ კი სამართლებრივი დევნის შიში.

რაა საპარლამენტო დემოკრატიის მიღმა?

ქართული დემოკრატიის პრობლემა ჩვეულებითიცაა და სტრუქტურულიც. ჩვეულებითად მოვიხსენიებთ საქართველოში პოლიტიკური ცხოვრების ტრადიციულად კონფრონტაციულ ხასიათს. სტრუქტურულში კი ვგულისხმობთ ისეთ მოტივაციურ სტრუქტურას, რომელსაც ქმნის “გამარჯვებული ყველაფერს იგებს” ტიპის საარჩევნო სისტემა და ვერტიკალურად აწყობილი, ლიდერს დაქვემდებარებული პარტიები. საქართველოს დემოკრატიული მმართველობის ისეთი სისტემა სჭირდება, რომელიც მოქალაქეებს მონაწილეობის საშუალებას მისცემს და შექმნის არაპარტიული წარმომადგენლობის ფორმებს როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ.

როცა ევროპის საბჭომ 2022 წლის ივნისში საქართველოს ევროკავშირში წევრობის საგზაო რუკა შესთავაზა, სუსტ მხარეებად ჩამოწერეს დემოკრატიული მმართველობის ისეთი ელემენტები, როგორიცაა ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, მონაწილეობა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა (განსაკუთრებით სასამართლოსი). პოლიტიკური პოლარიზაცია ევროპის საბჭოს მიერ მოცემული ჩამონათვალის თავშია. ბრიუსელს კონკრეტულად არ უთქვამს, როგორ შეიძლება პოლარიზაციის შემცირება, თუმცა ოპოზიციასა და მთავრობას შორის 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება კი ახსენეს. ამ შეთანხმებით დგინდებოდა სრულად პროპორციული სისტემა, ორპროცენტიანი ბარიერი პარლამენტში შესასვლელად და პარლამენტში გავლენის ისეთი გადანაწილება, რითაც ოპოზიციას ხუთი კომიტეტის თავმჯდომარეობა და ერთი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელობა მაინც ერგებოდა.

კონსენსუსური მოდელი გულისხმობს, რომ არავინ – მათ შორის არც დამარცხებული – არ უნდა გამოეთიშოს გადაწყვეტილების მიღების პროცესს ანდა ჩამოერთვას უფლება გავლენა მოახდინოს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მათ ეხებათ. კონსენსუსური მოდელითაა შექმნილი ევროკავშირი და მისი სტრუქტურები – მათი ამოცანაა არა გამარჯვებულების ვინაობის გარკვევა, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ არ არსებობენ აბსოლუტურად დამარცხებულები. არენდ ლიპჰარტს თუ ვენდობით, კონსენსუსზე დაფუნძნებული დემოკრატიის მახასიათებელია ძალაუფლების დიფუზია და არა კონცენტრაცია. ქართული მოდელი სწორედ ძალაუფლების კონცენტრაციას გულისხმობს, ერთპალატიანი პარლამენტით, უნიტარული სახელმწიფო სტრუქტურით, მაჟორიტარული (ან შერეული) საარჩევნო სისტემით, რომელშიც ძირითადად ორი პარტია ეჯიბრება ერთმანეთს. ამ სისტემამ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პოლიტიკაში საკუთარი წარმომადგენლების გარეშე დატოვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტერიტორიული დეცენტრალიზაცია და უმცირესობებისთვის ხმის მიცემაა.

პარლამენტის მიღმა

1918 და 1921 წლებს შორის პერიოდში, საქართველოს სოციალ-დემოკრატმა ლიდერებმა მოქალაქეთა მმართველობის ინოვაციური სისტემა შექმნეს. მაშინდელ ეკონომიკურ და ინსტიტუციურ კოლაფსს რესპუბლიკის დამფუძნებლებმა მოქალაქეების თვითმმართველობის სისტემა დაუპირისპირეს. ეს სისტემა არ იყო სრულყოფილი და მუდმივად განიცდიდა ფინანსური რესურსების ნაკლებობას, მაგრამ მან შექმნა დემოკრატიის განსხვავებული ფორმის მონახაზი.

ნოე ჟორდანია, რესპუბლიკის არჩეული ლიდერი, იმედით აღწერდა ისეთ პოლიტიკურ სისტემას, რომელშიც პარლამენტი თავის ძალაუფლებას უზიარებს საჯაროდ არჩეულ სხვა ინსტიტუტებს. “საპარლამენტო რესპუბლიკა დემოკრატიული რესპუბლიკის ფუნდამენტურად განსხვავებული ფორმაა,” წერდა ის. დემოკრატიული რესპუბლიკა “თავის საფუძვლის მიერ პრინციპად აღიარებს ხალხის პოლიტიკურ თვითმმართველობას… ძალაუფლება ცენტრში კიარაა შეკრებილი, არამედ გადანაწილებულია ცენტრსა და პერიფერიას შორის. ხალხი ირჩევს არა მხოლოდ პარლამენტის ხმოსნებს, არამედ აღმასრულებლებს, ადმინისტრატორებს, მოსამართლეებს და ასე შემდეგ.” მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ “მმართველობის საკუთარი ორგანოები, დამოუკიდებელი პარლამენტისაგან.”


გაინტერესებთ, მეტი გაიგოთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თვითმმართველობის შესახებ?


ჟორდანიას ხედვა ძალაუფლებით მოსილი მოქალაქეების საზოგადოებრივი მონაწილეობაა და არა თვითწარმოებაზე ორიენტირებული მმართველი ელიტა. საკანონმდებლო ორგანო ძალაუფლებას უზიარებს თვითმმართველ ერობებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ადგილობრივი სასამართლოების მუშაობაზე, ფოსტის, საავადმყოფოების, სკოლების, ადგილობრივი მილიციის ფუნქციონირებაზე, საკვების მარაგებზე, მიწის რეფორმაზე, და გადასახადების შეკრებაზე. ამგვარი მექანიზმები, რომლებიც პარლამენტარიზმის საზღვრებს აფართოებს, შეიძლება ქართველ ამომრჩეველს დღესაც გამოადგეს.

ღია დემოკრატია?

საქართველოს საარჩევნო დემოკრატიის სისუსტე წარმომადგენლობითი დემოკრატიების ზოგად კრიტიკას ეხმიანება. უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე ბევრი რამ დაიწერა იმის შესახებ, რომ არჩევნებზე ფოკუსირებული, წარმომადგენლობითი დემოკრატიის მოდელი დასახული მიზნის მისაღწევად არაა ადექვატური.

ჰელენ ლანდმორი თვლის, რომ წარმომადგენლობით სისტემებს, როგორც მოქალაქეების მიერ ძალაუფლების განხორციელების საშუალებას, საფუძვლიემიერი ხარვეზები გააჩნიათ. ისინი ახალისებენ პარტიული ინტერესებისა და პოლარიზაციის ისეთ ფორმებს, რომლებიც ძირს უთხრის პოლიტიკურ ჩართულობას და აბრკოლებს მოქალაქეების პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას ყველგან, გარდა არჩევნებისა. მისი თქმით, საქართველოსდაგვარი საარჩევნო სისტემები იწვევს “ძალაუფლების შემოღობვას” და საბოლოოდ მივყავართ არჩევითი ოლიგარქიისაკენ – საქართველოს შემთხვევაში ისინი მანკიერი არჩევნებით ინარჩუნებენ ძალაუფლებას, არჩევნებთ, რომლებიც მათი მმართველობის გაგრძელებაზე მოქალაქეების თანხმობის ილუზიას ქმნის. საქართველოს არჩეული წარმომადგენლები არა მხოლოდ ვერ წარმოადგენენ ამომრჩეველს, არამედ არც კი ჰგვანან მათ.

საქართველოში არსებული საარჩევნო სისტემა ძირს უთხრის დემოკრატიულ განვითარებას – ქვეყანაში წესადაა ქცეული იმედგაცრუება, ნდობის ნაკლებობა და პოლიტიკაში მინიმალური მონაწილეობა. არსებობს ოთხ წელიწადში ერთხელ გასამართ არჩევნებზე უფრო ეფექტური მეთოდები მონაწილეობის, ანგარიშვალდებულების და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის წასახალისებლად. თბილისის ქუჩებში მთავრობის იძულებისთვის გამართული დემონსტრაციებიც არაა გამოსავალი: ისინი მხოლოდ მოქალაქეების ინსტიტუციურ უძალობას ასახავს.

შეგვიძლია შევხედოთ უგანდას, ისლანდიას, ირლანდიას, კანადას და სხვა ქვეყნებს და ჩვენ ვნახავთ მოქალაქეთა ასამბლეებს ეროვნულ დონეზე, მოქალაქეთა საბჭოებს რომლებიც კონკრეტულ რეგიონულ პოლიტიკურ თემებზე იღებენ გადაწყვეტილებას – მაგალითად ჯანდაცვის ან ქალაქგეგმარების მხრივ, რომლებიც მოქალაქეთა მოსაზრებებს აწოდებენ ეროვნულ, მუნიციპალურ ან სათემო დონეზე მიმდინარე პოლიტიკის შემუშავების პროცესებს. საზოგადოებრივი ჩართულობის ამგვარი მეთოდები – თუკი ისინი შესაბამისადაა ინსტიტუციონალიზებული და მართული – შესაძლოა ქართული დემოკრატიის გადარჩენისა და განვითარების საკვანძო ელემენტებად იქცეს. ის ხომ ცხადია, რომ არსებული საარჩევნო სისტემით დამდგარმა შედეგებმა საქართველოში დემოკრატიის ლპობამდე მიგვიყვანა.

პოლიტიკური ცხოვრების მოწესრიგებისადმი ახალი მიდგომების გარეშე, საქართველო ისეთ ხარისხიან დემოკრატიულ სახელმწიფოდ ვერ შედგება, რომელსაც მოქალაქეთა მონაწილეობის მაღალი დონე, ინსტიტუტების გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და პოლიტიკური სტაბილურობა ახასიათებს. მოვიდა დრო, ქართული დემოკრატიის მხარდამჭერებმაც – მათ შორის დემოკრატიის მშენებელმა საზღვარგარეთულმა ინსტიტუტებმა და ფონდებმა – გადახედონ არჩევნებზე ორიენტირებულ მაჟორიტარულ მოდელებს და დაასკვნან, რომ ისინი წარუმატებელი აღმოჩნდნენ.

შემოქმედებითი და შორსმიმავალი სისტემური ცვლილებების გარეშე ნაკლებსავარაუდოა, რომ საქარტველო მოახერხებს იმ მანკიერი ციკლიდან გამოსვლას, რომელშიც დემოკრატიულ წინსვლას პროცესის დამყაყება მოსდევს და რომელიც აგერ უკვე ოცდაათი წელია, გრძელდება. მომავლის სტრუქტურის შეცვლის დრო მოვიდა.

Via
Eurasianet
პირველწყარო
Elections are not enough: Georgia needs a new model of democracy

მსგავსი/Related

Back to top button