მოსაზრებაწერილები

დაგვიანებული Waldeck-Rousseau

დავით ხვადაგიანი – საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარია.


1921  წლის 19 თებერვალს, როდესაც საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ თბილისს შეუტია, პარალელურად საბჭოთა რუსეთის მე-9 არმია აფხაზეთის მხრიდან შემოიჭრა საქართველოში. შავი ზღვის სანაპიროზე მცურავმა ფრანგულმა ჯავშნოსანმა კრეისერმა „ვალდეკ-რუსომ“ ( ფრანგ. Waldeck-Rousseau) შეტევაზე გადმოსულ საბჭოთა რუსული წითელი არმიის ნაწილებს საგემბანო არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნა და ქართულ არმიას და სახალხო გვარდიას საარტილერიო მხარდაჭერას უწევდა ომის დასრულებამდე. თუმცა ფრანგულმა კრეისერმა და იარაღმა დააგვიანა…


საბჭოთა რუსეთმა ევროპას ერთი ნაბიჯით დაასწრო. საბჭოთა რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ იმ დღეს, 1921 წლის 26 იანვარს, მიიღო საქართველოს წინააღმდეგ ინტერვენციის დაწყების საბოლოო გადაწყვეტილება, რა დღესაც მოკავშირეთა უმაღლესმა საბჭომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა „დე-იურე“ სცნო და აღიარებასთან ერთად სამხედრო დახმარების გაწევის და იარაღის მოწოდების გადაწყვეტილება მიიღო. საფრანგეთის ხელისუფლებაში ახლადმოსული არისტიდ ბრიანი, რომელიც საქართველოს „დე-იურე“ აღიარების მთავარი ინიციატორი იყო, საქართველოს დახმარებით და გამაგრებით ფიქრობდა „სანიტარული კორდონი“ მოეწყო საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ და ასე შეეჩერებინა მომავალი რუსული წითელი საფრთხე.

აგრესიული საბჭოთა რუსული ინტერვენციის წინააღმდეგ მარტო დარჩენილი საქართველო მძიმე ომში, რომელიც თითქმის თვენახევარი შეუწყვეტლად მიმდინარეობდა, დამარცხდა, თუმცა 1920-იანი წლების განმავლობაში წინააღმდეგობის მოძრაობას და საბჭოთა რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყებულ ქართველებს არასდროს დავიწყებიათ ევროპული კრეისერები. ყოველი აჯანყებისას იმედით ისინი გაჰყურებდნენ შავი ზღვის უსასრულო სივრცეებს საიდანაც დიდი ევროპული ქვეყნების დრედნოუტები და კრეისერები უნდა მოსულიყვნენ.

ფრანგული და ბრიტანული სამხედრო გემები არც საბჭოთა პროპაგანდას დავიწყებია, ერთ-ერთ ქართულ მხატვრულ ფილმში „შეხვედრა წარსულთან“ (1966 წ.) ცნობილი, წინააღმდეგობის მოძრაობის მებრძოლი გოგია ღლონტის პროტოტიპი, რომელიც 1930-იან წლებში არალეგალურად ბრუნდება საქართველოში, მასობრივი ანტისაკოლმეურნეო მღელვარების მხარდასაჭერად და აჯანყების მოსაწყობად – მას მასპინძელი და ძველი თანამებრძოლი ალმასხანი ეკითხება; „ეს საზღვარგარეთი დაგვეხმარება თუ ისე იქნება, როგორც მაშინ (1924 წ. ანტისაბჭოთა აჯანყებისას.) ჯერ რომ დაგვპირდნენ და მერე მოგვატყუეს?!“ გოგია მას პასუხობს; „ყველაფერი იქნება ალმასხან, ჯარი, ზარბაზნები, ტანკები, ფოთსა და ბათუმს დრედნაუტები მოადგებიან!“

თუმცა 1920-იან და 1930-იან წლებში დასავლეთ ევროპას საქართველოსთვის არ ეცალა და ოკუპანტი რუსეთის მიერ შექმნილი ახალი რუსული იმპერია „საბჭოთა კავშირიც“ მალე აღიარეს, ვიდრე გაძლიერებულმა საბჭოეთმა და მისმა ბელადმა იოსებ სტალინმა სამოკავშირეო ხელშეკრულება არ გააფორმა და ზურგი გაუმაგრა ევროპაში გაძლიერებულ და შეტევაზე გადასულ გერმანულ ნაციზმს.

ქართველი ემიგრანტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, ალექსანდრე ასათიანი იხსენებდა თუ როგორ მოუწია მას 1940 წელს, პირისპირ შეხვედრა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილთან, როდესაც ნაცისტური გერმანიის და საბჭოთა კავშირის ხელშეკრულებით და თანამშრომლობით შეშფოთებულ ევროპელ ლიდერებს გაახსენდათ ძველი და გამოცდილი ანტისაბჭოთა პოლიტიკოსები და მებრძოლები.

როგორც ასათიანი იხსენებდა, შეხვედრისას მან მორიდებით შეახსენა ჩერჩილს, მიუხედავად დამოუკიდებელი საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობების თხოვნისა, როგორ დატოვა ბრიტანულმა სამხედრო ძალებმა 1919-1920 წლებში ამიერკავკასია და ამით ხელი შეუწყო საბჭოთა რუსეთის გაძლიერებას და გაფართოვებას. ჩერჩილმა საყვედური აირიდა და უპასუხა; „ლოიდ-ჯორჯს მაგაზე უფრო დიდი სისულელეებიც ჩაუდენიაო,“ თუმცა ბრიტანული ძალების გაყვანის მომხრეთა ჯგუფში ბრიტანეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ დევიდ ლოიდ-ჯორჯს სამხედრო მინისტრი უინსტონ ჩერჩილიც უჭერდა მხარს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლორდ ჯორჯ კერზონის წინააღმდეგ, რომელიც იმდენად შორსმჭვრეტელი აღმოჩნდა, რომ 1920-იანი წლების დასაწყისშიც კარგად ხედავდა რუსეთის შეკავების აუცილებლობას.

მეორედ ევროპული სამხედრო ხომალდების აჩრდილი შავი ზღვის სანაპიროებთან მეორე მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე გამოჩნდა, როდესაც საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ ნაცისტური გერმანიის მოკავშირე იყო, ევროპულ კაბინეტებში აქტიურად განიხილებოდა სამხრეთ კავკასიის რუსეთისგან ჩამოშორება, რაც ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ფრანგულ სამხედრო ძალებს და მათ მეთაურ გენერალ მაქსიმ ვეიგანს უნდა შეესრულებინა. თუმცა 1941 წელს, როდესაც ნაცისტური გერმანია უკვე ყოფილ მოკავშირეს, საბჭოთა კავშირს დაესხა თავს, ცივილიზებულ სამყაროს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, მათი აზრით ნაკლებად ძლიერი და საშიში ბოროტების, საბჭოთა კავშირის მხარდაჭერა მოუწია ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რითაც სსრკ-ს გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს.

„დაუმარხავი მკვდარი“

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მალევე საბჭოთა კავშირსა და დასავლეთს შორის წარმოქმნილი დაძაბულობა, რომელიც „ცივ ომში“ გადაიზარდა, თითქმის ნახევარსაუკუნიანი დაპირისპირების შემდეგ „ბოროტების იმპერიის“ მარცხით და დაშლით დასრულდა, საბჭოთა კავშირის დემონტაჟში გადამწყვეტი ფაქტორი ავღანეთის ომი გამოდგა, სადაც „უძრაობაში“ და კორუფციაში ჩაფლული საბჭოთა რეჟიმი იმდენად გაიხლართა, რომ ამ ომმა მისი დასასრული დააჩქარა.

1991 წლის 26 დეკემბერს საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა, თუმცა ამ დღეებში საქართველოში, თბილისში მოსკოვის მიერ ორგანიზებული სამხედრო გადატრიალება მიმდინარეობდა, რასაც ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა, საქართველოს რუსული გავლენის ქვეშ დაბრუნება და არჩეული პრეზიდენტი გამსახურდიას გაურკვეველ ვითარებაში ფიზიკური განადგურება მოჰყვა, რაც დიდი ალბათობით მოსკოვის დავალებით იქნა შესრულებული. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსეთის მიერ ორგანიზებულმა „ეთნიკურმა კონფლიქტებმა“ მათ შორის საქართველოში, აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის ომებმა საქართველო საგრძნობლად დააზარალა და ნორმალური განვითარების გზას ააცდინა.

დასავლური დემოკრატიის დაგვიანებულ რეაქციას რუსულმა იმპერიალისტურმა პოლიტიკამ და მოქმედებამ აქაც ერთი ნაბიჯით დაასწრო და პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმეტესობაში ქაოსის და შეუმდგარი სახელმწიფოების არსებობა უზრუნველყო, რაც მას დიდ იდეოლოგიურ და ფაქტობრივ უპირატესობას აძლევდა.

სიტუაცია მკვეთრად შეცვალა 2003 წელს მომხდარმა მშვიდობიანმა “ვარდების რევოლუციამ” რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში მოსულმა რეფორმისტულმა გუნდმა რეალური გახადა საქართველოს სუვერენული უფლებები, რეფორმებთან ერთად მკვეთრი ნაბიჯებით დაიწყო რუსული გავლენისგან თავის დაღწევა და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია რეალისტური გახადა, რასაც საპასუხოდ 2008 წლის რუსული აგრესია და სრულმასშტაბიანი ომი მოჰყვა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს წინააღმდეგობის გაწევა, რასაც მალე დასავლეთიდან რეაქცია, ომის შეჩერება მოჰყვა, სადაც გადამწყვეტი როლი ბათუმის პორტში შემოსულმა ამერიკულმა სამხედრო-საზღვაო ხომალდმა „მაუნთ უიტნიმ“ შეასრულა. რუსეთმა ვერ მიაღწია მთავარ მიზანს, საქართველოს დედაქალაქის აღებას, პოლიტიკური ხელისუფლების განადგურებას და მარიონეტული მთავრობის დასმას, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ რუსული ჰიბრიდული ომის მანქანამ, ფინანსურმა უზრუნველყოფამ, საქართველოს გარშემო დიდი რაოდენობით სამხედრო ძალების კონცენტრაციამ და ზეწოლამ, სხვა გარემო ფაქტორების და პირობების დახმარებით საქართველოს ხელისუფლებაში, ტიპური რუსი ოლიგარქი ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი მოიყვანა, რომელმაც 2012 წლის შემდეგ მეთოდურად და თანმიმდევრულად მკვეთრი ნაბიჯები გადადგა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შესაფერხებლად და ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხით საქართველო კვლავ მჭიდროდ დაუკავშირა რუსულ გავლენებს.

აგრესიული, რუსული, პუტინის რეჟიმის დაპირისპირება დასავლეთთან და პოსტსაბჭოთა სივრცესთან, რომლის ხელახლა რეინტეგრაცია „რუსულ სამყაროში“ ვლადიმერ პუტინის ოცნებად იყო გადაქცეული ბოლო 20 წლის განმავლობაში და საბჭოთა კავშირის ნგრევა, საჯაროდ არაერთხელ მოიხსენია „საუკუნის გეოპოლიტიკურ კატასტროფად“ 2022 წლის 24 თებერვალს შევიდა გადამწყვეტ ფაზაში, როდესაც რუსული არმიამ სრულმასშტაბიანი თავდასხმა დაიწყო უკრაინის სახელმწიფოზე და მისი ოკუპაცია სცადა.  

უკრაინის სწრაფი და უდანაკარგო ოკუპაციით რუსეთს არამარტო გაუადვილდებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე საბოლოო გავლენის აღდგენა, არამედ ხელი გაეხსნებოდა ევროკავშირისა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრ ბალტიის ქვეყნებზე ზეწოლისთვის, რომლებიც ასევე ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა კავშირში შედიოდნენ, რაც არამარტო დამოუკიდებელი სახელმწიფოების უსაფრთხოებას, არამედ მთლიანად მსოფლიო წესრიგს დააყენებდა საფრთხის წინაშე და განახლებული რუსული იმპერიის და პუტინის რეჟიმის ტრიუმფად გადაიქცეოდა. მნიშვნელოვანია, რომ რუსულ თავდასხმას უკრაინა და დასავლეთი ამჯერად მომზადებული შეხვდნენ: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა არათუ შეტევის მოგერიება შეძლეს თავად გადავიდნენ შეტევაზე და თანმიმდევრულად ათავისუფლებენ რუსული არმიის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ მიწებს, რასაც დასავლეთის – ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის დიდი ქვეყნების უწყვეტი სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური დახმარებაც ახლავს თან.

რუსეთ-უკრაინის ცივილიზაციურ ომში, დასავლეთის გამოფხიზლებამ, უკრაინისადმი მკვეთრმა მხარდაჭერამ, „ბოროტების იმპერიის“ მემკვიდრის რუსეთის არმიის კრახმა და დიდმა დანაკარგებმა იმედი გააჩინა, რომ „ისტორია გამეორდება“ და ბოლო საუკუნეში ტრადიციულად დიდ ომებში დამარცხებული რუსული რეჟიმის კოლაფსი საბოლოო თავისუფლებას მოუტანს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყნებს.


მოსაზრების რუბრიკით გამოქვეყნებული სტატიები მხოლოდ ავტორის მოსაზრებას გამოხატავს, რაც, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის აზრს.

მსგავსი/Related

Back to top button