ნოე ჟორდანია | მიმდინარე პოლიტიკა 1925
“ბრძოლა”, 1925, ნომერი 2
არის ორი პოლიტიკა, ორი იდეიური მიმდინარეობა, ყოველგან, ყველა დიდ თუ წვრიმალ მოვლენაში დაპირდაპირებული და ერთი მეორის უარის მყოფი. ერთია ბოლშევიკური, მეორე – სოციალისტური.
პირველი თავის მოქმედებას, თავის მერმისს აგებს დასავლეთ ევროპის არევ-დარევაზე, სახელმწიფოთა შორის გაღვივებულ შუღლზე, წარმოების დაუძლურებაზე, ერთა კონფლიქტებზე, ომზე და დამარცხებაზე, მასის გაღატაკებაზე და დაცემაზე. ის ამ ჭაობში ხარობს, ამ უბედურებაში ეძებს თავის სასიცოცხლო წყაროებს.
მეორე, სოციალიზმი კი, პირიქით, მთელ თავის მოქმედებას, მთელ თავის მომავალს აგებს მშვიდობიანობის დამყარებაზე, დასავლეთ ევროპის შეთანხმებაზე, ერთა და სახელმწიფოთა ერთობაზე, წარმოების გამდიდრებაზე, მასის ნივთიერათ და მორალურათ გაღონიერებაზე, ერთი სიტყვით, საერთო აღორძინებასა და ამაღლებაზე.
ეკონომიური და პოლიტიკური განვითარება კლავს ბოლშევიზმს, ართმევს სარბიელს, უსპობს ნიადაგს და აქცევს მას არარათ. ის თან ატარებს ყველა თვისებას იმ ჭირისას, რომელიც ყოველთვის ომს მოყვებოდა ხოლმე. როგორც კი ომი ბოლოვდებოდა, მინგრეულ-მონგრეული ქვეყანა კალაპოტში დგებოდა და სოციალური კანონები ნორმალურად ამუშავდებოდა. ჭირიც კარგავდა საკვებ მასალას და ქრებოდა.
ეკონომიური და პოლიტიკური განვითარება კლავს ბოლშევიზმს, ართმევს სარბიელს, უსპობს ნიადაგს და აქცევს მას არარათ.
სოციალიზმი მიილტვის ომით მოწამლული ატმოსფეროს გაჯანსაღებისაკენ, ხალხთა შორის დაწყვეტილ ძაფების აღდგენისაკენ. ეს არის იმავე დროს სურვილი და მოთხოვნილება ყველა ხალხის, მთელი კაცობრიობის, გარდა იმ მცირედი ნაწილისა, სპეკულიანტების და მეზარბაზნეების, რომელნიც ომით და სისხლის ღვრით იტენენ ჯიბეს და იძენენ კაპიტალს.
ამნაირათ, ერთი მხრით დგას ბოლშევიზმი და მილიტარისტულ-სპეკულიანტური ბურჟუაზია, მეორე მხრით სოციალიზმი და მთელი დანარჩენი კაცობრიობა.
ბრძოლა ამ ორ ბანაკს შორის წარმოებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე, პირველ ყოვლისა, მიმდინარე პოლიტიკაში.
მთავარი პოლიტიკური მომენტი, რომელიც ყოფდა დასავლეთს ომამდე და ყოფს დღესაც, არის კონფლიქტი საფრანგეთს და გერმანიას შორის. ის წარმოიშვა მესამოცდაათე [1870] წლებიდან, როგორც ნაყოფი ნაპოლეონ მესამის და ჰოჰენცოლერნთა პირადი პოლიტიკის, რასაც მოყვა ომი და დამარცხება, წინეთ საფრანგეთის, ახლა გერმანიის.
ევროპის ატმოსფეროს გაწმენდა მოითხოვს პირველ ყოვლისა აი ამ კონფლიქტის ამოწურვას, ყოველ შემთხვევაში, მის მინელებას, თანხმობის და კეთილ-მეზობლობის მოდავეთა შორის ჩამოგდებას. მარა ამ შემთხვევაში რუსეთი რჩება გარიყული. ის ვეღარ ითამაშებს ვერც “საერთაშორისო ჟანდარმის”, ვერც “საერთაშორისო დამანგრეველის” როლს. ამიტომ ცარიზმი მთელი თავისი ძალღონით ებრძოდა ამ თანხმობის პოლიტიკას და ემსახურებოდა შუღლს. ის მოევლინა საფრანგეთს მოკავშირეთ და მხსნელათ. ბოლშევიზმი ამ ჟამად პირწმინდათ იმეორებს ამავე პოლიტიკას: ის მოევლინა მეგობრათ გერმანიას საფრანგეთის წინააღმდეგ და ლამის ეს მდგომარეობა სამიდღემჩიოთ შეინარჩუნოს.
ევროპის ატმოსფეროს გაწმენდა მოითხოვს პირველ ყოვლისა [საფრანგეთსა და გერმანიას შორის] კონფლიქტის ამოწურვას, ყოველ შემთხვევაში, მის მინელებას, თანხმობის და კეთილ-მეზობლობის მოდავეთა შორის ჩამოგდებას.
მაგრამ აი გერმანიამ უცებ პირი იბრუნა საფრანგეთისაკენ და მას მიმართა მოთხოვნით, მოვრიგდეთო. საფრანგეთმა ამ მომართვას ხელი წაატანა და ინგლისის დასტურით თანხმობით უპასუხა. დაიბადა პირველათ ამ ორ მეტოქეთა დაახლოვების შესაძლებლობა. შეშფოთდა მოსკოვი, აწრიპინდა ბოლშევიკური კალმები, ამუშავდენ დიპლომატები ამ შესაძლებლობის ჩასაშლელათ. ისინი ახლა იმეორებენ იმ კამპანიას, რომელიც მათ ასტეხეს დაუსის პლანის წინააღმდეგ, ე. ი. წინააღმდეგ გერმანიის ფინანსიური გაჯანსაღებისა და საკუთარ, რუსეთზე დამოუკიდებელ ფეხზე დადგომისა. დაუსის პლანი განხორციელდა, მოსკოვი დადუმდა. გერმანია გადაჭრით დაადგა დასავლეთის ეკონომიურ ორიენტაციას და ახლა ის ამას აგვირგვინებს პოლიტიკურადაც. ეს კი ქმნის სრულიად ახალ საერთაშორისო მდგომარეობას მოსკოვისათვის.
პირველ ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ თვით მათი მორიგების შინაარსი. სოციალისტები მოითხოვენ ერთა საერთო კავშირის დამყარებას ყველა სადაო საკითხის სავალდებულო მედიატორული წესით გადაჭრით. ვინც ამ წესს არ დაემორჩილება და ხმალს იშიშვლებს, – ის ისჯება ყველა მოკავშირეთა შეერთებული ძალღონით. ამ კავშირს მეთაურობს ნაციათა ლიგა. დაიბადა ჟენევის პროტოკოლი მაკდონალდის და ერიოს მეთაურობით. პროტოკოლს აუხირდენ რეაქციონერები და გააკეთეს მოსკოვის გასახარელი: ის დაიმარხა და მის ალაგას წამოაყენეს კერძო პირობა (პაკტი) გერმანია-ანტანტას შორის. რაკი პირველი არ გავიდა, მეორე მაინც მისაღებია, ვინაიდან ის ამავე პოლიტიკური ხაზიდანაა აღებული. მას ემხრობა საერთაშორისო დემოკრატია.
მხოლოდ საკითხია ის, თუ რა სახის იქნება პაკტი: პირობის მონაწილენი თანხმდებიან ყველა სადაო საკითხი გადასჭრან მოლაპარაკებით ან მედიატორული წესით ნაციათა ლიგის საშუალებით, თუ ქმნიან კავშირს, რომლის წევრები ერთი-მეორეს წაესევიან, როგორც კი რომელიმე მათგანი პირობას დაარღვევს? ნაციათა ლიგის ძირითადი სტატუსია მედიატორული წესი და ყველა სახელმწიფო ამ პრინციპის მომხრე ვალდებულია გახდეს ლიგის წევრათ. “პაკტის” ასრულება მოითხოვს გერმანიის ლიგაში შესვლას და მისი წესების მიღებას. კავშირების და კონტრკავშირების პოლიტიკა დაამარცხა ომმა. სწორეთ ასეთ სამხედრო ბანაკებათ დანაწილებამ გამოიწვია უმაგალითო სისხლის ღვრა. სოციალიზმის ძველი პრინციპი – არბიტრაჟი – დღეს ერთადერთი საერთაშორისო პოლიტიკაა შესაძლებელი და მჭრელი. კაცობრიობა იძულებული შეიქნა მიეღო ეს პრინციპი და მის საფუძველზე აეგო ნაციათა ლიგა.
მოსკოვი ებრძვის როგორც ამ პრინციპს, ისე ამ ლიგას. ის ჩარჩა ძველი, დამარცხებული პოლიტიკის ჩარჩოში, ცარიზმის ბარბაროსულ საერთაშორისო უფლებით გაჟღენთილი. ის განაგრძობს საიდუმლო დიპლომატიას, ბნელეთში ხელის ფათურს, ერების დამორჩილებას და ძალათ გასაბჭოებას, კავშირების და კონტრ-კავშირების ძიებას. ერთი სიტყვით, დესპოტიზმზე დამყარებულ საგარეო საქმიანობას.
მთელ ამ მუშაობას ლახვარს სცემს ერთა ლიგის გამარჯვება, მისი რეალურ ძალათ გადაქცევა. გერმანიის მის წევრათ შესვლა და პროტოკოლის თუ არა, ამ ხანათ პაკტის მაინც განხორციელება მოსკოვს უკარგავს ყოველგვარ გავლენას ევროპის საქმეებზე. ეს არის დასავლეთის საერთაშორისო მდგომარეობის სრული სტაბილიზაცია და მოსკოვის იზოლიაცია. დასავლეთი ეპირდაპირება ბოლშევიკურ რუსეთს. მოსკოვი ამაში ხედავს ინგლისის ინტრიგებს, შემთხვევით მოვლენას გერმანიის რუსეთისაგან ჩამოსაშორებლათ.
ნამდვილათ კი აქ არაფერია შემთხვევითი, არც ინტრიგანური: ეს აუცილებელი, ისტორიული გზაა კაცობრიობის განახლების და განვითარებისაკენ. ბოლშევიზმი მას ეპირდაპირება და მით ბუნებრივათ ამ შარაგზის გარეთ რჩება. ის ცდილობს თავის დაღუპვაში ამხანაგები იშოვოს, ცოცხალი სამარეში ჩაიჭიროს და ასე სული კბილით დაიჭიროს.
მთელი ბოლშევიკური პრესა “იზვესტიას” მეთაურობით გერმანიას ემუქრება. თუ გამეცი და ლიგაში შედი, შენს მტრებს – საფრანგეთს და პოლონეთს – მოვურიგდებიო. გერმანიის მთავრობამ უნდა იცოდეს, – სწერს “იზვესტია”, – “თუ ის ამ გზას დაადგება, საბჭოთა კავშირი მიიღებს ზომებს თავის ინტერესების დასაცავათ და იმოქმედებს იმ გზით, რომელიც არ მიდის გერმანიასთან პოლიტიკური და ეკონომიური დამოკიდებულების განვითარებისაკენ”. ამავე დროს ეს გაზეთი ეარშიყება საფრანგეთს და თანაც ჭკუას ასწავლის – გერმანიასთან მორიგება მეორე სედანს გიქადისო.
ერთი სიტყვით, მოსკოვი აშკარა პოლიტიკურ შანტაჟს ეწევა, ორივე მხარეს თვალებს უპაჭუნებს, ორივეს თავის თავს შეაძლევს. მაგრამ ისინი მისგან გარბიან, როგორც ჟამისაგან და მას გატიტვლებულს ქვეყნის შარაზე ტოვებენ. ერთათ ერთი მისი თაყვანისმცემელია გერმანიის მილიტარისტები და ნაციონალისტები. ესენი ბოლშევიკებთან ერთად ილაშქრებენ “პაკტის” წინააღმდეგ და იცავენ ღვრიე წყალს, სადაც ნაყოფიერათ თევზაობენ.
მაგრამ გერმანიის მთავრობამ, სოციალ-დემოკრატიის და რადიკალური ბურჟუაზიის ზეგავლენით, უკვე გადასწყვიტა საფრანგეთის წინადადება მიიღოს და მის საფუძველზე მოლაპარაკება აწარმოოს. ის უკვე ზურგს აქცევს რუსეთს და პირს იბრუნებს დასავლეთისაკენ.
წყდება ევროპის უდიდესი პოლიტიკური საკითხი: მტკიცდება დასავლეთის მორალური ერთობა, ირიყება ამ ერთობის აღმოსავლეთის მტერი. პირველათ ახლა დაისვა მიმდინარე პოლიტიკის დღის წესრიგში ნათლათ და საჯაროთ ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ ევროპის ბლოკის შექმნის საკითხი. საფრანგეთის საგარეო სამინისტროს გამომხატველი ორგანო “ტანი”, რომელიც ეს ერთი ხანია ბოლშევიკებს ეარშიყება, იძულებული გახდა ალაპარაკებულიყო ამ ბლოკის აუცილებლობაზე. ის სწერს: დაირეკა ჟამი გერმანიისათვის ამოირჩიოს ან გერმანო-რუსული ბლოკი, სადაც ის დაიჭერს მეტათ საშიშარ მდგომარეობას, ან ევროპის ბლოკი, საითკენაც მას მიაქანებს მისი ინტერესები და მისი ტრადიციული ლტოლვილება… მან (გერმანიის საგარეო მინისტრმა) კარგათ იცის, უეჭველია, რომ მჭიდრო კავშირი საბჭოთა რუსეთთან დაუპირისპირებს გერმანიას ინგლისს, ყველა თავისი მძიმე შედეგებით, რასაც ეს მოუტანს მის პოზიციას კონტინენტის ცენტრში. საკმარისია გაიგონოთ ჩიჩერინის განცხადება იმაზე, რომ ლონდონის მიერ კავშირის გაწყვეტა საბჭოებთან ნიშნავს ომს, რომ ვთქვათ: ამჟამათ ბრძოლაა მოსკოვს და ლონდონს შორის” (“ტან”, 4 ივლისი).
ამაზე უფრო ნათლათ თქმა აღარ შეიძლება. რუსეთი თუ ევროპა – აი, ორი მოპირდაპირე ბანაკი და მათ შორის ახდენს არჩევანს გერმანია. ყველა სხვა სახელმწიფოებს არჩევანი კაი ხანია მოხდენილი აქვთ ევროპის სასარგებლოთ.
მხოლოთ გერმანია ყოყმანობდა, ვინაიდან ის მოსკოვისაგან რეალურ სარგებლობას გამოელოდა. მაგრამ ეს იმედი არ გაუმართლდა, არც მილიტარულათ, არც ეკონომიურათ. რუსეთის დამარცხებამ პოლონეთის მიერ და წითელი არმიის დაუძლურებამ საბოლოოთ გააქრო გერმანელთა ოცნება პოლონეთის კორიდორის რუსის ხიშტით დაპყრობაზე, ხოლო რუსეთის ქრონიკულ ეკონომიურ კრიზისმა მეურნეობაში და მრეწველობის დაცემამ მოუსპო იმედი რუსეთისაგან რაიმეს გამორჩენისა. აი ამ ორგვარ იმედის გაცრუება გერმანიას დღეს ძალას ატანს ისევ დასავლეთში ეძიოს მეგობარი და მომხმარე. ასეთია მისთვის პირველ ყოვლისა ინგლისი, რომელსაც მხარში უდგია საფრანგეთი და მისი მეგობარ-მოკავშირენი.
გერმანიის ლიგაში შესვლას რით უპასუხებენ ბოლშევიკები? ორში ერთი: ან თვითონაც უნდა შევიდენ, ან ევროპის მთლიან ფრონტს შეებრძოლონ. პირველ შემთხვევაში ისინი იძულებული იქნებიან მიიღონ ლიგის სტატუსი, ე. ი. დემოკრატია საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედათ აღიარონ და თავის მოქმედების ანგარიში ქვეყანას აძლიონ. საქართველოს საკითხი თავიდანვე წინ დახვდება და არბიტრაჟი მისთვის სავალდებულო გახდება. ეს იქნებოდა ბოლშევიზმის ლიკვიდაცია არა მარტო საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკაშიაც. ამ გზას უეჭველია ის არ დაადგება და ისევ სასიკვდილოთ გამზადებულსავით შეეცდება გაერთიანებულ ევროპას შორიდან უყეფოს და თავისი სამარე თვითონვე მოამზადოს.
ევროპა მთლიანდება, რუსეთი მარტოვდება. მიმდინარე პოლიტიკის ძარღვი აი, აქ სცემს. ძველი დახლართული კვანძი იხსნება დასავლეთში და ახალი კვანძი იხლართება საბჭოების საბრძანებელში. მას ირგვლივ რკინის სალტე ერტყმება და ის მავთულ-ხლართში ებმება. რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო…