skip to content
რესპუბლიკის ამბები

1920: ბერ-მონაზვნებმა გელათის საგანძურის ნაწილი გაყიდეს

გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 7 დეკემბერი, N278

სულიერი მამების ქურდობა და უდიერობა

მიმდინარე წლის ნოემბრის 13, ქუთაისის სამაზრო ერობის თავმჯდომარისაგან ბ-ნმა მთავრობის თავმჯდომარემ მიიღო დეპეშა, სადაც მას ერობის თავმჯდომარე ატყობინებდა, რომ გელათის მონასტრის ძვირფასი ნივთები იყიდება ბერების მეირ და ზოგიერთი გაყიდული ნივთები დააკავეს. მთავრობის თავმჯდომარემ მაშინვე გააგზავნა თავისი რწმუნებული [დამფუძნებელი კრების წევრი და მთავრობის თავმჯდომარის მდივანი გიორგი ცინცაძე – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა]  და მიანდო: თუ ფაქტი ბერების მიერ ნივთების გაყიდვისა დამტკიცდებოდა, მიეღო ყოველივე ზომა გელათის მონასტერში შენახულ ძვირფასს განძეულობის დაცვისათვის და თუ საჭიროდ დაინახავდა გადაეტანა ის სახელმწიფო ხაზინის საცავში.

გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ ქუთაისის მიტროპოლიტ ნაზარს აგვისტოში ნება მიუცია გელათის მონასტრის წინამძღვრისთვის, რომ მას „გაეყიდნა ის ნივთები, რომელიც საეკლესიო სახმარებლად არ არის საჭირო“. მონასტერში დაცულ საუნჯის სამალავი მთავრობის თავმჯდომარის რწმუნებულს გარღვეული დახვდა და ამის მიზეზად ეკონომიის გამოცვლა დაასახელეს. გამოძიებამ დაამტკიცა, რომ ერთ ძვირფასს ხატს რამდენიმე თვალი ახლად აცლილი აქვს და უეჭველი გაყიდულია. რამდენი ნივთები გაიყიდა აგვისტოს შემდეგ – ამის თქმა ჯერ-ჯერობით ძნელია.

ყველა ამის შემდეგ მთავრობის რწმუნებულმა მიიღო ზომები მთელი ამ განძეულობის მონასტრიდან გატანისა და მის დასაცავად საიმედო ადგილს.

საეკლესიო საბჭომ ამ ორი დღის წინად სთხოვა ბ-ნ მთავრობის თავმჯდომარეს დაენიშნა დრო საეკლესიო საბჭოს დელეგაციისათვის აღნიშნულ საქმის გამო მოსალაპარაკებლად. ბატონ მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგა საეკლესიო საბჭოს დელეგაცია კათალიკოზ-პატრიარქის ლეონიდეს მეთაურობით.

მისვლისთანავე კათალიკოზმა მიმართა მთავრობის თავმჯდომარეს სრულიად დაუშვებელ და შეუწყნარებელ სიტყვებით მან სამღვდელოების სახელით მთავრობის თავმჯდომარეს გამოუცხადა -„გაკიცხვა, აღსაშფოთებელი გულისწყრომა და პროტესტი“ სხვა ასეთი სრულიად უდიერი სიტყვებით. ბატონმა მთავრობის თავმჯდომარემ  ამის შემდეგ დელეგაციას განუცხადა: საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენელი და მისი მთავრობის თავმჯდომარე ასეთ შეურაცხყოფელ სიტყვებს ვერ მოისმენს და ამიტომ მათთან ყოველგვარ ლაპარაკს სწყვეტს. მე ვფიქრობდი განაცხადა თავმჯდომარემ, რომ თქვენ მობრძანდით საქმეზე მოსალაპარაკებლად და არა შეურაცხყოფის მოსაყენებლად. ამის შემდეგ დელეგაცია იძულებული იყო დაეტოვებინა მთავრობის თავმჯდომარის კაბინეთი.

მსგავსი/Related

Back to top button