ახალი ამბები

სოციალური სამართლიანობის ცენტრი: გელათის დაზიანება შესაძლო სამოხელეო დანაშაულის ნიშნებზე მიუთითებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 27 თებერვალს განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გელათის მონასტრის რეკონსტრუქცია-კონსერვაციის სამუშაოების შედეგად მისთვის დამდგარი ზიანი სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ „თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში და მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული რეკონსტრუქცია-კონსერვაციის სამუშაოების შედეგად დამდგარი ზიანი, მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიის გათვალისწინებით, სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის მიერ მოწოდებულ საექსპერტო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ „2021-2022 წლებში განხორციელებულმა ჩარევებმა გელათის კედლის მხატვრობაზე დამატებითი შეუქცევადი ზიანი გამოიწვია“.

ორგანიზაციის თქმით, მინისტრის მიერ შერჩეულმა ჯგუფმა 2021 წლის ოქტომბერში ჯერ კიდევ გამოუმშრალ, სველ ბათქაშზე განახორციელა არა მხოლოდ საკონსერვაციო, არამედ სარესტავრაციო სამუშაოებიც, რამაც „მოგვიანებით კედლის მხატვრობა კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა, რაც დადასტურდა სპეციალისტების დასკვნებით“. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მინისტრი არაერთი საერთაშორისო საექსპერტო დასკვნით ინფორმირებული იყო იმ მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ, რაც შერჩეული მეთოდოლოგიით ძეგლზე განხორციელებულ ჩარევებს მოჰყვებოდა, „თუმცა პროცესი 2022 წლის შემოდგომამდე მაინც გრძელდებოდა“.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის თქმით, ძეგლზე ჩარევების განხორციელებამდე „არ არსებობდა გელათის კომპლექსის მართვის სამოქმედო გეგმა და ეფექტური ზედამხედველობის მექანიზმი“. ამასთან, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი „უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალე იყო“. მისივე თქმით, „სამინისტრომ არათუ ვერ უზრუნველყო ძეგლის ეფექტური მოვლა, არამედ ძეგლზე დამატებითი ზიანი გამოიწვია“.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კულტურის სამინისტრო პასუხისმგებელია კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება/წარმართვასა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ჩატარებისათვის აუცილებელი კვალიფიკაციის მქონე პირების გამოვლენაზე.

„დამდგარი ზიანი, მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიის გათვალისწინებით, სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციის თქმით, ამ დრომდე გენერალური პროკურატურა არ აწარმოებს გამოძიებას სავარაუდო სამოხელეო დანაშაულზე და ამიტომ ის მოუწოდებს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება შესაძლო სამოხელეო დანაშაულზე და აწარმოოს იგი ყოველმხრივ და ობიექტურად, ასევე გამოძიება წარმართოს მაქსიმალურად დროულად და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება იმ დოზით, რაც არ დააზიანებს გამოძიების ინტერესებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button