ახალი ამბები

გელათის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყო

საერთაშორისო სპეციალისტების ჯგუფმა გელათის სამონასტრო კომპლექსში კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყო. საპატრიარქოს ტელევიზიამ „ერთსულოვნება“ განაცხადა 12 მარტს, რომ რვა თვის განმავლობაში კედლის მხატვრობის 21 კრიტიკული მონაკვეთი გამოიკვეთა.

სამი კვირის განმავლობაში უცხოელი და ქართველი სპეციალისტები, კედლის მხატვრობის კონსერვაციის ექსპერტების სტივენ რიკერბისა და ლიზა შეკედეს ხელმძღვანელობით აღნიშნულ კრიტიკულ კერებზე „დროებით გადაუდებელ საკონსერვაციო ჩარევებს“ განახორციელებენ.

პარალელურად, იტალიელი ექსპერტი რობერტო ნარდი მთავარ კათედრალში არსებული მოზაიკის შესწავლას დაიწყებს. დეტალური შესწავლის შემდეგ ნარდი კონსერვაციის ყოვლისმომცველ პროგრამას შეიმუშავებს, რომელიც საპატრიარქოსთან არსებულ გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტს გადაეცემა.

„ექსპერტებმა განსაზღვრეს ყველა პრობლემური წერტილი და შეძლებისდაგვარად ხდება აღდგენა. შეუძლებელია ყველაფრის აღდგენა, ეს პრობლემები ერთი კვირის და ერთი წლის წინ არ არის დაწყებული, საკმაოდ დიდი ხნის არის, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ არის ერთიანობა, სამეცნიერო ხედვა, რომელიც გადის დიდ საერთაშორისო ფილტრს“, – განაცხადა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ეროვნული-სამეცნიერო საბჭოს მდივანმა დავით ლორთქიფანიძემ.

რამდენიმე წელია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული გელათის სამონასტრო კომპლექსის აღდგენის საკითხი დაპირისპირების საგანია. გასულ წელს, გელათის კონსერვაციაზე პასუხისმგებლობა საქართველოს საპატრიარქომ აიღო.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button