რესპუბლიკის ამბები

საქართველოს მემორანდუმი ამერიკის მიერ რუსეთის შესახებ გამოცემულ ნოტაზე

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 15 ოქტომბერი, N233

მემორანდუმი

საქართველოს საზავო დელეგაციის პასუხი იტალიის ელჩისადმი გადაცემულ ამერიკის ნოტაზე რუსეთის საკითხის შესახებ.

მიმდინარე წლის აგვისტოს 15-ს პარიზში მყოფმა საქართველოს საზავო დელეგაციამ შემდეგი მემორანდუმი გადასცა ამერიკის ელჩს საფრანგეთში და პირი ამ მემორანდუმისა კი ანტანტის ყველა სახელმწიფოთა მთავრობას.

“პრესაში გამოქვეყნდა ტექსტი ნოტისა რუსეთის საკითხის შესახებ, რომელიც ამ ბოლო დროს შეერთებული შტატების მთავრობამ გადასცა ვაშინგტონში მყოფ იტალიის ელჩს. რადგან ამ პრობლემის ზოგიერთი მხარე მეტად ეხება საქართველოს პოლიტიკურ მომავალს, საქართველოს რესპუბლიკის დელეგაციას თავის მოვალეობათ მიაჩნია აღადგინოს საქართველოს ნამდვილი ვითარება ამერიკის ხსენებულ ნოტაში აღნიშნულ დოქტრინების მიმართ.

ეს განმარტება მით უფრო საჭიროა, რომ ამ ნოტაში განვითარებული პრინციპები ფაქტიურად, დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკურ არსებობის ხელაღებით უარისყოფასთან ერთად, გულისხმობენ აგრეთვე საქარველოს მიერ პოლიტიკური დამოუკიდებლობისადმი მისწრაფებათა კანონიერების უარყოფას. ამ რიგად ეს უარყოფა, აღნიშნული ერთ-ერთ უდიდეს სახელმწიფოს მთავრობის დიპლომატიურ დოკუმენტში უთუოდ დიდ ვნებას მიაყენებს ქართული დემოკრატიის პოლიტიკურ ინტერესებს. ხსენებულ ნოტაში, საქართველოს დამოუკიდებლობის გამანადგურებელნი დასკვნანი ერთთავად ბუნებრივად გამომდინარეობს რუსეთის ტერიტორიის განთქმულ მთლიანობის დოგმიდან. ეს ინტენსივობა ნავარაუდევია „რუსეთის ძველის იმპერიის მთლიანობით, გარდა ფინეთისა, ნამდვილ ეთნიურ პოლონეთისა და იმ ტერიტორიისა, რომელიც როგორც შედეგი განსაზღვრულ შეთანხმებისა, შესაძლებელია შეადგენდეს სომხეთის სახელმწიფოს“.

ცხადია, რომ ძველი რუსეთის ტერიტორიალური მთლიანობის პრინციპი უკვე საკმაოთ შელახულია იმ საგამონაკლისო ნაწილების ჩამოთვლით, რომელთა მნიშვნელობაც მეტად დიდი იყო რუსეთის იმპერიაში. მაგრამ ვიკითხოთ თვით ეს საზღვარდებული გამონაკლისი, რაგვარ სიმართლეზეა აგებული, „დამოუკიდებლობისადმი მისწრაფებანი ამ ეროვნებათა (პოლონელებისა, ფინელებისა და სომხების) კანონიერია და სხვა“. ასეთია ის ახსნა, რომელსაც ნოტა იძლევა, მიუხედავათ რუსეთის მთლიანობის პრინციპისა შეერთებულ შტატების გადაწყვეტილების გასამართლებლად ამ სამის „დამოუკიდებლობის“ აღიარების დროს.

საქართველომ დაიცვა თავისი საკითხი საზავო კონფერენციის წინაშე, იგი მზადაა დაიცვას ესევე ერთა ლიგის წინაშეც და განუწყვეტლად თხოულობს თავის, უკვე არსებულ ფაქტიურად ცნობილ დამოუკიდებლობის ფორმალურად აღიარებას. რაიცა შეეხება „დამოუკიდებლობისადმი მისწრაფების კანონიერებას“, საქართველოს ვერ გაუგია თუ რით განსხვავდება მისი საქმე სხვა ანალოგიურ საკითხთან იმ დროს, როცა ლაპარაკია ისეთ ხალხზედ, რომელთაც მკაფიოდ გამოსახული აქვთ ნაციონალური შეგნება და პოლიტიკური დამოუკიდებლობისადმი მისწრაფება. საქართველოს როდის ულოდინებია პრეზიდენტი ვილსონი განთქმულ 14 პუნქტის გამოქვეყნებისათვის.

მართალია თვის ისტორიის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა ხშირად დამცირებულა, ზოგჯერ განადგურებულა კიდეც მის მეზობლად შექმნილ დესპოტიურ და მაჭირვებელ იმპერიათაგან. მაშინ ოსმალეთსა და სპარსეთს, მაგალითად, შეეფერებოდათ ემტკიცებინათ „უკანონობა ქართველი ხალხის პოლიტიკურ დამოუკიდებლობისადმი მისწრაფებისა“. რა თქმა უნდა, ამავე აზრისა იყო რუსეთის ძველი იმპერიაც და სწორეთ გასაოცარია როდესაც ამგვარისავე მოსაზრების განმეორებას ვპოულობთ ვაშინგტონის მთავრობის ნოტაში. საკითხავი უკვე აღარაა, საქართველოს მისწრაფება პოლიტიკურ დამოუკიდებლობისადმი კანონიერია თუ არა. არა თუ მხოლოდ 1918 წლის 26 მაისიდან არსებობს საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ 1920 წლის იანვრიდან იგი აღიარებულია, როგორც ასეთი: საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის და იაპონიის მიერ, ხოლო მცირე ხნის შემდეგ გენერალ დენიკინის და საბჭოთა მთავრობისაგან.

როდესაც საქართველო აღიარეს, ზემოხსენებულნი დიდი სახელმწიფონი, უეჭველია, დარწმუნებული იყვნენ, რომ ეს აქტი სავსებით ეთანხმებოდა მათ სიმპატიებს რუსის ხალხისადმი და აგრეთვე ჭეშმარიტად გაგებულს ინტერესებს ახალი, თავისუფალი და დემოკრატიული რუსეთისას, რომელიც თავის თავს დააღწევს დღევანდელ ქაოსს.

საქართველო იმედოვნებს, რომ ზემოხსენებულნი სახელმწიფონი განაგრძობენ არჩეულ გზას და გვერდს აუქცევენ რუსეთის მთლიანობის ყალბსა და სათუო კონცეპციას, რომ იგინი ამ ფუქსავატ დოქტრინისათვის ზვარაკად არ მიიტანენ ცოცხალ პოლიტიკურ ორგანიზმებს, რომელნიც უკვე წესიერად არსებობენ იმ ფარგლებში, სადაც ოდესმე რუსეთის ძველი იმპერია იყო და რომ ამ სახელმწიფოთა, კერძოდ კი საქართველოს ფორმალურისა და იურიდიული ცნობით საზღვარს დაუდებენ დროებითს, რათა ადგილი დაეთმოს საბოლაოდ.

საქართველოს დამოუკიდებლობის ფორმალური აღიარება წინააღმდეგ ამერიკული ნოტის აზრისა, არაფრით არ შეუწყობს ხელს რუსეთის დანაწილებას. რუსეთის ერთიანობა შთანთქა მან რასაც ისტორიული კატასტროფა ეწოდება: ამჟამად მოწმენი უნდა გავხდეთ დემოკრატიული რუსეთის აღორძინებისა. ეს იქნება უცილოდ უდიდესი იმპერია, თუ კი შესაძლო გახდა ყველა ნამდვილი რუსულ ტერიტორიის ერთად ერთ სახელმწიფოდ თავის მოყრა. ეს უკვე თავის თავად საკმაოდ ძნელი და დიდი ამოცანაა.

მაგრამ მომავალის რუსეთს ცუდ სამსახურსა და მრჩევლობას გაუწევენ ისინი, ვინც ეცდება რუსეთის მყობად ერთეულში იმ ერების კვლავ შეერთებას, რომელთაც ეს არა სურთ, არც რუსები არიან და რომელთაც მოგვცეს მტკიცე საბუთი თვით გამგებლობის ნიჭისა.

ამ მხრით ქართველი ხალხის შემძლეობა და პოლიტიკური ენერგია საკმაოდ დამტკიცებულია. კომპეტენტური და მიუდგომელნი მსაჯულები, შესაძლებელია არა ერთ ნაკლს იპოვნიან საქართველოს რესპუბლიკის ორგანიზაციაში, მაგრამ ამასთანავე დაადასტურებენ სიმტკიცეს მის დაწესებულებათა წესიერებისას, შექმნილსა და დაცულს მთელი ერის მეცადინეობით, მიუხედავათ რუსეთის ანარქიისა და თურქულ-სპარსული გახრწნილობის მეზობლობისა. რათა დაეტოვა ეს ნაყოფი, რათა ღონისძიება ეხმარა ბოლშევიკურ შემოსევისა და სენის წინააღმდეგ, ქართველ ხალხს უნდა გამოეჩინა უდიდესი პატრიოტიზმი და თავდადება, რომლის შესახებაც აქ ლაპარაკი ზედმეტია.

ამერიკის ნოტა იქამდეც კი მიდის, რომ ართმევს საქართველოს თვისებას რესპუბლიკისას; ამ სახელმწიფოს იგი ეგრედ წოდებულ “საქართველოს რესპუბლიკად“ ნათლავს. საქართველოს მთავრობა თავის ხელისუფლებას ღებულობს დამფუძნებელ კრებისაგან, რომელიც საყოველთაო კენჭის ყრით კანონიერადაა არჩეული მთელი მცხოვრებლების მიერ; ყოველგვარი თავისუფლება, მათ შორის თავისუფლება ბეჭდვითი სიტყვისა, უზრუნველყოფილია საქართველოში, სამართალი, ადგილობრივი თვითმმართველობა და უფლებანი ეთნიურ უმცირესობათა დამყარებულია უუდემოკრატეს საფუძველზე.  ერთი სიტყვით, ის, რაც საბჭოთა რუსეთის რეჟიმს აკლია, სავსებით განხორციელებულია საქართველოს დაწესებულებებში. საქართველოს საქველმოქმედო პოლიტიკის სისტემა მთელ ქვეყნის მიერ ცნობილია, როგორც რესპუბლიკანური.

საქართველო დარწმუნებულია, რომ დიდი სახელმწიფონი, რომელთაც ფაქტიურად სცნეს იგი და რომელთაც უკეთესი ცნობები აქვთ ჭეშმარიტი აზრის შესადგენად, თუ რას წარმოადგენს ნამდვილად საქართველო, არასოდეს არ მიიღებენ მონაწილეობას, პირდაპირ იქნება თუ არა პირდაპირ, იმ დამოუკიდებელ რესპუბლიკის დანგრევაში, რომელიც ქართველ ხალხს აუშენებია; მას სწამს, რომ ეს სახელმწიფონი არას დროს არ გაჰყვებიან „რუსეთის იმპერიის ტერიტორიალურ მთლიანობის“ დახავსებულს მექანიკურ თეორიას და რომ იგინი, მომავალი რუსეთის აღორძინებისათვის სრულიად საჭიროდ არ მიიჩნევენ განადგურებას, გინდა მორალურ თანაზიარობას იმ ახალ რესპუბლიკათა დასამხობათ, რომელნიც ძველი რუსეთის ფარგლებში აღორძინდნენ, კერძოთ კი საქართველოს რესპუბლიკისას.

მსგავსი/Related

Back to top button