რესპუბლიკის ამბები

30 აგვისტო, 1920 წელი: ჟორდანია, რამიშვილი და ჩხენკელი ჯავახეთს სტუმრობენ

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 19 სექტემბერი, N212

ნ. ჟორდანია და ნ. რამიშვილი ჯავახეთში

აგვისტოს 30, მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია და შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი ახალქალაქში წავიდნენ. მათ გაყვა აკაკი ჩხენკელი, პეტრე გელეიშვილი, თეოდორე კიკვაძე, გრიგოლ ურატაძე და ადმინისტრაციის ინსპექტორის თანაშემწე ქარცივაძე. თუმცა მთავრობისა და დამფუძნებელი კრების წარმომადგენელთა მისვლა მოულოდნელი იყო, მაგრამ გლეხებმა მაინც იწყეს დენა ყველა სოფლებიდან ახალქალაქში.

ქალაქმა სადღესასწაულო სახე მიიღო. ქალაქი მორთული იყო დროშებით, არკებით და გრილიანდებით. ქალაქიდან 7 ვერსის დაცილებით მთავრობის თავმჯდომარესა და მის მხლებლებს შეხვდენ: ჯავახეთის სამაზრო ერობის პირველი გამგეობა, ადგილობრივი სახალხო გვარდიის წარმომადგენლები, მილიცია თავის უფროსის მეთაურობით და ცხენოსანი თუშელი მწყემსები ეროვნულ ტანისამოსში. ქალაქში შესვლისას ნოე ჟორდანიას მიეგებნენ ქართველი კათოლიკენი, რომლის წარმომადგენელმა მისასალმებელი სიტყვაც კი უთხრა მთავრობის თავმჯდომარეს. სახალხო გვარდიის შტაბის წინ გაკეთებული იყო თარი წარწერით: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“. აქვე იყო გამწკივრებული გვარდიელები და მოქალაქენი ქალაქის საბჭოს დეპუტატთა მეთაურობით, რომლებმაც მთავრობის თავმჯდომარეს პურ-მარილი მიართვა.

ერობის გამგეობამ მოიწვია საერობო კრება,ს ადაც მთავრობის თავმჯდომარემ განუცხადა თუ ვინმეს გაქვს განსაცხადებელი საჩივარი ან თხოვნა მომმართეთ აქვეო. ამ კრებაზე სიტყვები სთქვეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა და  აკაკი ჩხენკელმა. კრების შემდეგ ნოე ჟორდანიამ და მისმა მხლებლებმა დაათვალიერეს ერობა, საავადმყოფო და ყაზარმა. ყაზარმასთან მათ საპატიო ყარაული შეხვდა იმავე გამგეობის ერობის თავმჯდომარის ბინაზე შედგა თათბირი სხვა და სხვა საკითხების განსახილველად.

აგვისტოს 31, ნოე ჟორდანიამ და მისმა მხლებლებმა ვარძიის მონასტერი დაათვალიერეს მათ გზაში გლეხები აღფრთოვანებით ხვდებოდათ. ნოე ჟორდანია გლეხთა წარმომადგენლებთან მუსაიფს მართავდა და ეკითხებოდა მათი ცხოვრებისა და გაჭირვების შესახებ.

მსგავსი/Related

Back to top button