რესპუბლიკა 100

ბათუმის დაკარგვა და დაბრუნება

Tags

2020 წლის 7 ივლისს 100 წელი სრულდება, რაც ბათუმის ოლქი საქართველოს დემოკარტიულ რესპუბლიკას გადმოეცა. ქალაქ ბათუმის დაკარგვისა და დაბრუნების ისტორია კარგ წარმოდგენას გვაძლევს იმ საერთაშორისო გარემოს შესახებ, რომელშიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იბადებოდა და არსებობდა.

ბათუმის დაკარგვის ისტორია რესპუბლიკის დაბადებამდე დაიწყო. ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ, საბჭოთა რუსეთი პირველი მსოფლიო ომს გამოეთიშა, ფრონტის ხაზი მოიშალა. ამ პირობებში, ოსმალეთის ჯარებმა შეტევა წამოიწყეს.

1918 წლის 3 მარტს (ძველი სტილით) ბრესტ-ლიტოვსკში საბჭოთა რუსეთისა და ცენტრალური სახელმწიფოების – გერმანიას, ავსტრია-უნგრეთსა და ოსმალეთს შორის საზავო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ძალითაც რუსეთმა ამიერკავკასიის პოლიტიკურ ძალებთან შეუთანხმებლად ოსმალეთს მიაკუთვნა ამიერკავკასიის მნიშვნელოვანი ნაწილი – ბათუმის, არდაგანის და ყარსის ოლქები.

ამიერკავკასიაში ამ პერიოდისათვის მოქმედი ხელისუფლების ორგანოები – სეიმი და კომისარიატი არ ცნობდნენ ზავის პირობებს. ოსმალეთის იმპერია ამიერკავკასიისაგან ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობების შესრულებას  და მისთვის მიკუთვნებული ტერიტორიების სამხედრო ნაწილებისაგან დაცლას მოითხოვდა.

ამიერკავკასიის კომისარიატმა ოსმალეთთან დამატებითი საზავო მოლაპარაკებების დანიშვნა მოითხოვა. ამიერკავკასია აცხადებდა, რომ მას არ მიუღია მონაწილეობა ბრესტის ზავის დადების პროცესში და ამდენად, ზავის პირობების აღსრულებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს არ წარმოადგენდა.

1918 წლის 12 მარტს ტრაპიზონში დაიწყო სამშვიდობო კონფერენცია ოსმალეთსა და ამიერკავკასიის პოლიტიკურ ძალებს შორის. ამიერკავკასიის დელეგაციაში, რომელსაც სოციალ-დემოკრატი აკაკი ჩხენკელი ხელმძღვანელობდა, შედიოდნენ საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლები. თითქმის ერთთვიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, ოსმალეთი კვლავაც მოითხოვდა ზავის პირობების შესრულებას და ამბობდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სამხედრო მოქმედებებით შეეცდებოდა ზავის აღსრულებას.

ასეც მოხდა. ოსმალეთმა 1918 წლის მარტის ბოლო რიცხვებში შეტევა წამოიწყო. ბათუმში განლაგებულმა გარნიზონმა – რუსეთის იმპერიის დემორალიზებული არმიიდან შემორჩენილმა, ძირითადად ქართულმა ნაწილებმა – ოსმალებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და უკან დაიხია. 1 აპრილს (ძველი სტილით) ოსმალეთის არმიამ ბათუმი დაიკავა.

ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე ამბობს, რომ ამ მარცხის მიზეზი გარნიზონის მორალური მდგომარეობა იყო. „ოსმალური არმია, ჩეტნიკებთან ერთად, ჩამოუვარდებოდა რაოდენობით ბათუმის გარნიზონს, როგორც პირადი შემადგენლობის, ისე არტილერიის მხრივ,“ ამბობს სილაქაძე და დასძენს:  „მაგრამ ერთია რაოდენობა და მეორეა ბრძოლის სურვილი… იქ მდგომი ჯარი ძირითადად შევსებული იყო დემორალიზებული ჯარისკაცებისაგან, ყოფილი დეზერტირებისა და მაროდიორებისაგან, რომელთაც არც ბრძოლის სურვილი არ ჰქონდათ.“

დიმიტრი სილაქაძე ამბობს, რომ გარნიზონის დიდმა ნაწილმა არ იბრძოლა, თუმცა იყო წინააღმდეგობის კერებიც. „მათ შორის, გამორჩეულად აღსანიშნავია კაპიტან სიმონ შავგულიძის მეთაურობით მებრძოლი 50-მდე სამხედროს გმირული სიკვდილი ანარიის ფორტზე“.

ბათუმის დაკავებით ოსმალეთის შეტევა არ დასრულებულა. „მკვდრეთით აღდგენილი ოსმალეთი ამიერ-კავკასიისკენ მოიწევს და მოკავშირეთა დახმარებით დიდ სახელმწიფოთ გადაქცევას აპირებს, წერდა 1918 წლის 11 მაისის „ერთობა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორგანო თავის მოწინავე სტატიაში.  მაისისათვის ოსმალური ჯარები დმანისთან იდგნენ და თბილისს ემუქრებოდნენ. 26 მაისს კი ულტიმატუმით მოთხოვეს ახალციხისა და ახალქალაქის ოლქების თურქეთისათვის გადაცემა.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ, საქართველოსა და ოსმალეთს შორის 1918 წლის 4 ივნისს ბათუმში ახალი საზავო შეთანხმება დაიდო, ქალაქი ბათუმი და მისი ოლქი კვლავ ოსმალეთს დარჩა. 1918 წლის ნოემბერში მსოფლიო ომში ოსმალეთის დამარცხების შედეგად მისმა არმიამ ქალაქი ბათუმი და ბათუმის ოლქი დატოვა.

ოსმალეთის საოკუპაციო რეჟიმი ბათუმის ოლქში ბრიტანეთის სამხედრო ძალებმა შეცვალა, რომელმაც მსოფლიო ომში გამარჯვებული ქვეყნების შეთანხმებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონზე მანდატი მოიპოვა. რეგიონში  ბრიტანეთის მთავარ ინტერესს ბაქო-ბათუმის სატრანზიტო ხაზის გაკონტროლება წარმოადგენდა.

პროფესორ  ბექა კობახიძის თქმით, საყურადღებოა, რომ ბრიტანეთმა ამიერკავკასიაში მხოლოდ ბათუმის ოლქი არ გადასცა ადგილობრივ ხელისუფლებას სამართავად.

ისტორიკოსის აზრით, ეს ოთხი მიზეზით მოხდა: პირველ რიგში ,ბათუმი იყო კავკასიის გასაღები, რეგიონის მთავარი დამაკავშირებელი კვანძი დასავლეთთან. რომელიმე კონკრეტული რესპუბლიკის, ამ შემთხვევაში, საქართველოს ხელში ბათუმის გადაცემა, მოასწავებდა ქვეყნის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც სომხეთ-აზერბაიჯანს საქართველოს „ტყვედ” აქცევდა“.

მეორე მხრივ, რადგან რეგიონში გავლენისთვის რამდენიმე ძალა იბრძოდა, ბრიტანელები ცდილობდნენ თავიდან აერიდებინათ შეტაკება პროქართულ, პრორუსულ და პროთურქულ ძალებს შორის.

აღსანიშნავია, რომ ბაქოში მოპოვებული ნავთობის დაახლოებით 15% ნავთობსადენით ბათუმში მიედინებოდა. ბექა კობახიძის თქმით, მართალია, ბრიტანელები ამ მარაგებს არ დაპატრონებიან, თუმცა ამ ნავთობით მარაგდებოდა შავი ზღვის ბრიტანული ფლოტი.

დაბოლოს, არსებობდა ტაქტიკური მიზეზიც: ბაქოში ან თბილისში ბრიტანული ჯარები მოულოდნელი ბოლშევიკური შემოჭრის შემთხვევაში გამოჭერილები აღმოჩდებოდნენ, ხოლო ბათუმიდან ევაკუაციას სულ რამდენიმე საათი სჭირდებოდა.

„ბრიტანეთის სამხედრო სამინისტრო და გენერალური შტაბი ჩქარობდნენ ევაკუაციას,“ გვიყვება ბექა კობახიძე,

„განსხვავებით საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, მათ მთლიანად კავკასია რუსეთის საკუთრებად მიაჩნდათ. საგარეო სამინისტრო კი რუსული აგრესიის შემაკავებელ პოლიტიკურ ფაქტორად ხედავდა ბათუმში განლაგებულ ერთ ბრიტანულ ბრიგადას.“

არც საქართველო და არც ბათუმელი ქართველები გულხელდაკრეფილი არ ყოფილან. 1918 წლიდან ბათუმის ოლქში მოქმედებდა სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი მემედ-ბეგ აბაშიძის ხელმძღვანელობით, რომელიც აქტიურად მუშაობდა ბათუმის ოლქის საქართველოსთან შეერთების მოსამზადებლად. ამავდროულად, ოლქში აქტიურად მოქმედებდნენ დენიკინის მომხრე, ბოლშევიკური და ოსმალური აგენტურული ქსელები, რომლებიც ცდილობდნენ, ოლქში მცხოვრები მოქალაქეები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ განეწყოთ.

1919-1920 წლებში საქართველოს მთავრობა ბრიტანეთთან და მოკავშირე სახელმწიფოებთან აქტიურად წარმოებული დიპლომატიური მოლაპარაკებებით ცდილობდა ოლქის დაბრუნებას, თუმცა პროცესი ძალზე გაიწელა დროში. 1920 წლის დასაწყისში გავრცელდა ცნობა, რომ მოკავშირე სახელმწიფოები ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლორდი კერზონის ინიციატივით ბათუმის თავისუფალ  ქალაქად – პორტო-ფრანკოდ გამოცხადებას გეგმავდნენ. საქართველომ ეს საფრთხედ აღიქვა.

ბექა კობახიძის თქმით, კერზონის ამგვარ გადაწყვეტილებას შიდა-პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. „საგარეო საქმეთა მინისტრი ლორდი კერზონი ამიერკავკასიის საკითხთან დაკავშირებით ვერ უგებდა სამხედრო მინისტრ უინსტონ ჩერჩილს, ამიტომ, მან 1920 წლის თებერვალში გადაწყვიტა ბათუმისთვის პორტო-ფრანკოს სტატუსი მიენიჭებინა, გამოეცხადებინა დამოუკიდებელი რესპუბლიკა ერთა ლიგის მფარველობის ქვეშ. რეგიონი უნდა დაეცვა თითო ბრიტანულ, ფრანგულ და იტალიურ ბატალიონებს. მართალია, ეს დროებით ან ხანგრძლივადაც ბათუმს ართმევდა საქართველოს, მაგრამ კერზონს სურდა კავკასიის ნაწილზე მაინც დასავლეთის კოლექტიური პასუხისმგებლობა გავრცელებულიყო და ამით დაეცვა მთელი რეგიონი ბოლშევიკთა აგრესიისგან“.

თუმცაღა, ამას საქართველო უკმაყოფილებით შეხვდა. „კულუარულ მოლაპარაკებებს მიღმა მყოფი დარჩენილი ქართული მხარე ვერ ხვდებოდა [კერზონის] ჩანაფიქრს და მას საკმაოდ აგრესიული დამოკიდებულება ჰქონდა ბათუმის საქართველოსგან ჩამოშორებისადმი“,  გვეუბნება კობახიძე.

ბათუმის ოლქის საკითხის გადაუწყვეტლობას ეწინააღმდეგებოდა ყველა. მოქალაქეები მართავდნენ მიტინგებს, იღებდნენ რეზოლუციებს ბათუმის ოლქის საქართველოს ფარგლებში დაბრუნების აუცილებლობის შესახებ. საქართველოს მთავრობა ნოტებს უგზავნიდა მოკავშირეთა სახელმწიფოებს ბათუმის საკითხის დროულად გადაწყვეტის აუცილებლობის შესახებ.

1920 წლის გაზაფხულზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სამხედრო ძალები შეეყვანა ბათუმის ოლქის ართვინისა და ხულოს რაიონებში. ამ მოქმედებას ბრიტანული ადმინისტრაციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ქართულმა ჯარმა სცადა ბათუმის დაკავებაც. ამავდროულად, ბათუმის ბრიტანულმა სარდლობამ სამხედრო მზადყოფნა გამოცხადა და რეალური გახდა სამხედრო დაპირისპირება ქართულ და ბრიტანულ სამხედრო ნაწილებს შორის, რომელიც საბოლოოდ ამიერკავკასიაში დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის ოლივერ უორდროპის ჩარევის შედეგად განიმუხტა.

საბოლოოდ, ბათუმის ოლქის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისათვის გადაცემის საკითხი 1920 წლის ივნისში გადაწყდა, როდესაც ბრიტანეთის მთავრობამ ბათუმიდან სამხედრო ძალების გაყვანა დაიწყო. ბექა კობახიძის თქმით, ბათუმის ოლქის საქართველოსთვის დაბრუნება და რეგიონიდან ბრიტანული ჯარების გაყვანის გააქტიურება რეგიონში მიმდინარე სამხედრო და პოლიტიკური ცვლილებების შედეგი იყო .

 1920 წლის აპრილში ბოლშევიკებმა ბაქოში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს. ისტორიკოსი ამბობს, რომ

ბაქოს ოკუპაციით [საბჭოთა ჯარებმა] სტრატეგიული მნიშვნელობა დაუკარგეს ბათუმსაც, რადგან ეს ორი ქალაქი ერთ ეკონომიკურ და სატრანსპორტო ხაზს ქმნიდა.“

საბჭოთა ჯარების მიერ აზერბაიჯანის დაკავება, მოკავშირეების ხედვით, შეუძლებელს ხდიდა საქართველოს სამხედრო ძალით დაცვასაც.

ბექა კობახიძე შეგვახსენებს, რომ ბრიტანელები რეგიონის კონტექსტსაც ითვალისწინებდნენ: იმავე წლის მაისში ბოლშევიკებმა თავდასხმა მოაწყვეს სპარსეთში, საპორტო ქალაქ ენზელიში განლაგებულ ბრიტანულ ფლოტზე და ბრიტანელებს სპარსეთის სიღრმეში მოუწიათ ევაკუაცია…ენზელიზე თავდასხმით გამოჩნდა საფრთხე, რომ შეიძლებოდა იგივე ბათუმშიც განმეორებულიყო.“

სწორედ ამ არგუმენტებით ისარგებლა ბრიტანეთის სამხედრო სამინისტრომ და გენერალურმა შტაბმა. მათ ბათუმიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. ბრიტანელებთან ერთად ბათუმი დატოვა ახლადჩამოსულმა საფრანგეთის ერთი ალჟირულმა ბატალიონმაც.

1920 წლის 7 ივლისს ბათუმი საზეიმო ცერემონიით გადაეცა საქართველოს, ამან ქვეყანაში პატრიოტული აღტყინება გამოიწვია.

„სამწუხაროდ, ვერავინ ხვდებოდა, რომ ბათუმის გადმოცემით ბრიტანეთმა და დასავლეთმა მთლიანად კავკასიის დაცვაზე თქვა უარი,“ ამბობს ბექა კობახიძე. მას შემდეგ, რაც თბილისმა ბოლშევიკების პირველი მასიური შეტევა აზერბაიჯანის მხრიდან წარმატებით მოიგერია და ჯავის ოლქში ბოლშევიკების წახალისებული აჯანყება ჩაახშო, საქართველოს იმედი ჰქონდა, რომ მოკავშირეების პირდაპირი დახმარების გარეშეც შეძლებდა საბჭოთა შეტევების მანამ შეკავებას, სანამ ევროპაში პოლიტიკური კონტექსტი არ შეიცვლებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button