რესპუბლიკა 100ძველი ამბები

ოსმალეთმა საქართველოს ულტიმატუმი გადასცა

(ერთობა N108, 29 მაისი, 1918) 26 მაისის საღამოს, ბათუმში, ოსმალეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა ულტუმატუმი გადასცეს ამიერკავკასიის დელეგაციას, რითაც მოითხოვდნენ რკინიგზის დათმობას ჯარების გადასაყვანად სპარსეთისაკენ და, აგრეთვე, საქართველოს ორი მაზრის, ახალციხისა და ახალქალაქის, ისევე, როგორც სომხეთის დიდი ნაწილის მისთვის გადაცემას.

დელეგაციის ხელმძღვანელმა, აკაკი ჩხენკელმა 26 მაისის საღამოსვე აცნობა ოსმალეთის დელეგაციას, ამიერკავკასიის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ და თბილისში გამოემგზავრა, ახალი დირექტივების მისაღებად.

ოსმალეთის დელეგაციის თქმით, ულტიმატუმის სამდღიანი ვადა გავრცელდება დამოუკიდებელ საქართველოზეც, ოღონდ დროის ათვლა დაიწყება 27 მაისიდან, ანუ იმ დროიდან, როცა ულტიმატუმი საქართველოს წარმომადგენელს ეცნობა.

საქართველოს მთავრობა არწმუნებს მოქალაქეებს, რომ იგი ყოველივეს იღონებს, რათა ახალი საზღვრების დადების საკითხი იარაღით არ გადაწყდეს. ამავე დროს, აფრთხილებს ახალციხისა და ახალქალაქის მოსახლეობას, რომ შესაძლოა, ოსმალეთმა სამხედრო მოქმედებები არ შეწყვიტოს. მთავრობა მოუწოდებს მცხოვრებთ, წესიერება დაიცვან და მთავრობის პირველ დაძახებისთანავე ყოველი ღონე იღონონ სამშობლოს დასაცავათ.

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button