რესპუბლიკის ამბები

ანტანტამ ბათუმი თავისუფალ პორტად გამოაცხადა

საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 17 მარტი, N62

ბათუმის გარშემო

საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო განყოფილებისაგან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო განყოფილება აქვეყნებს ყველა იმ ცნობას, რომელიც სამინისტრომ მიიღო ბათუმის შესახებ:

მის აღმატებულებას ე. გეგეჭკორს, საგარეო საქმეთა მინისტრს. ტფილისი, 29 თებერვალი 1920 წ. N52.

თქვენო აღმატებულებავ, მის უდიდებულესობის სტატ-სეკრეტარმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაუწყა, რომ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ბათუმის ოკუპაცია დაევალება გარნიზონს, შედგენილს, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის ჯარის ნაწილებისაგან.  მიიღეთ და სხვა…

 ო. უორდროპი

იტალიის სამხედრო მისია ამიერკავკასიაში. ტფილისი, 5 მარტი 1920 წ. N2434.

მის აღმატებულებას საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს. ტფილისი.

თქვენო აღმატებულებავ, მაქვს პატივი გაუწყოთ შემდეგი დეპეშა, დღეს კონსტანტინეპოლიდან მიღებული საქართველოს წარმომადგენლობის იტალიის უმაღლეს კომისარის შუამოვლობით:

გეგეჭკორს, საგარეო საქმეთა მინისტრს.

პირველ მარტს ვნახე მოკავშირე სახელმწიფოთა უმაღლესი კომისარი. გადაწყვეტილია დაიჭირონ ბათუმი სამის ბათალიონით: საფრანგეთის, ინგლისის და იტალიისა. ქალაქი და (გამოტოვებულია) იქნება ეროვნებათა ლიგის ზედამხედველობაში. სწარმოებს მუშაობა ოსმალეთის საზღვრების საკითხის წინასწარ გადაწყვეტის შესახებ. ბათუმის შესახებ უკანასკნელი დასკვნა მოხდება იმავე დროს, როცა რუსეთის საკითხი გადაწყდება. მიიღეთ და სხვა…

გენერალურ შტაბის პოლკოვნიკის მიქალი

იტალიის სამხედრო მისია. N2449. ტფილისი, 9 მარტი 1920 წ. მის აღმატებულებას გეგეჭკორს, საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს.

ბ-ნო მინისტრო, დამატებად და დასადასტურებლად ამა თვის შვიდს ჩვენს საუბრისას, მაქვს პატივი გაუწყოთ, რომ ეს არის ეხლა მივიღე იტალიის მთავრობის დეპეშა, რომელშიაც ნათქვამია, რომ:

„ლონდონის კონფერენციაზე გადაწყდა შეიქმნას პორტო-ფრანკო ბათუმში მცირე ტერიტორიალურ ზონით, ერთა ლიგის მფარველობის ქვეშ გარანტიის მიზნით საფრანგეთი, იტალია და ინგლისი გაგზავნიან ქვეით ჯარის თითო ბათალიონს“.

ამასთანავე ვისწრაფვი გაცნობოთ, რომ მე რადიოთი გადავეცი ჩემს მთავრობას თქვენი ნოტათა შინაარსი, ამა თვის 6 თარიღით N1856 N1862. მიიღეთ ეს და სხვა.

მისიის უფროსი პოლკოვნიკი გაბბა

საფრანგეთის სამხედრო მისია კავკასიაში. ტფილისი, 16 მარტი, 1920 წ.

თანახმად უმაღლესი საბჭოს თებერვლის 24-ს დადგენილებისა ბათუმის პორტი გამოცხადებულია თავისუფალ პორტად, ქალაქი და მისი გარშემო მცირე ზონა შეადგენს პატარა სახელმწიფოს ერთა ლიგის მფარველობის ქვეშ და დაჭერილი იქნება ინტერნაციონალურ რაზმით, რომელიც შედგება სამი ბათალიონისაგან: ინგლისის, საფრანგეთისა და იტალიისა

საფრანგეთის სამხედრო მისიის უფროსი კავკასიაში დე ნონანკური

მსგავსი/Related

Back to top button