skip to content
რესპუბლიკის ამბები

მემედ აბაშიძე ოლივერ ურდროპს მიმართავს აჭარა საქართველოს დროულად დაუბრუნდეს

ერთობა, 1920 წლის 2 მარტი, N49

ბათუმიდან გვწერენ: ამ დღეებში სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომარე მემედ აბაშიძემ შემდეგი მემორანდუმით მიმართა ოლივერ უორდროპს:

„მათ აღმატებულებას, კავკასიაში მყოფი ბრიტანეთის უმაღლეს კომისარს მისტერ ოლივერ უორდროპს.

თქვენო მაღალ აღმატებულებავ! გასული წლის 31 აგვისტოს ბათუმის ოლქის მკვიდრმა მცხოვრებლებმა, ქართველმა მუსულმანებმა, მოახდინეს ყრილობა, რაც ბათუმში მყოფ დიდ ბრიტანეთის მთავარ სარდლობამ იცოდა. ყრილობა მოწვეული იყო სამუსლიმანო საქართველოს განმანთავისუფლებელი კომიტეტის თაოსნობით.

ყრილობამ კატეგორიული დადგენილება გამოიტანა და მოითხოვა ბათუმის და მისი ოლქის შეერთება საქართველოს რესპუბლიკასთან ავტონომიურათ.

ამ დადგენილების ცხოვრებაში გასატარებლათ, ყრილობამ აირჩია მეჯლისი, რომელიც ფართო უფლებებით იყო აღჭურვილი – ყოფილიყო წარმომადგენელი სამუსლიმანო საქართველოს სახელით, როგორც კავკასიაში მყოფ ანტანტის წარმომადგენლებთან, აგრეთვე ევროპის დიპლომატიურ წრეებთან და საზავო კონფერენციის წინაშე. მეჯლისმა აირჩია დელეგაცია, რომელიც წარუდგა საქართველოს მთავრობას. დელეგაციას ჰქონდა პატივი წარსდგომოდა თქვენ აღმატებულება და თქვენის სახით ეთხოვა დიდი ბრიტანეთისათვის. რათა უკანასკნელს დაეჩქარებინა ბათუმის და მისი ოლქის ბედი და ამ საკითხის გარჩევის დროს მხედველობაში მიეღო 31 აგვისტოს დადგენილება, რომელიც ხალხის ნებისყოფის გამომხატველი არის.

თქვენო აღმატებულებავ თქვენის სამართლიანის მოპყრობით საქართველოს ხალხის სურვილებისადმი და საქართველოს შესახებ სწორმა ინფორმაციამ მისცა ქართველ ხალხს ის, რომ საზავო კონფერენციამ იცნო საქართველოს ხალხის ისტორიული ლტოლვილება და აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებამ გაგვიღვივა იმედი, რომ ბათუმის და მისი ოლქის საკითხიც ასევე გადაწყდებოდა, მაგრამ, სამწუხაროთ, ეს საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი და ის კვლავ ჰაერში არის გამოკიდებული, რაც უფრო ართულებს და ხელს უწყობს ეკონომიურ და პოლიტიკურ კრიზისებს. ეკონომიური არევ დარევა, ზღაპრული სიძვირე, მძიმე უღელს ადგამს მცხოვრებთ და ხელს უწყობს საზოგადოებრივ მეურნეობის დარღვევას. დამახასიათებელია ის, რომ საქონელი, რომელიც შემოდის ბათუმში, უფრო ნაკლებათ ფასობს საქართველოს ქალაქებში, ვიდრე ბათუმში. ამასთანავე ის გამოურკვეველი მდგომარეობა, რომელიც სუფევს ბათუმში, ხელს უწყობს ავანტიურისტებს დეზორგანიზაცია შეიტანონ ხალხში. ხალხი, რომელიც არ არის დაკავშირებული მკვიდრ მაცხოვრებლებთან არც ისტორიულათ და არც ეკონომიურათ, ხალხი რომელიც გამოიქცა ოსმალეთიდან ანტანტის მართლმსაჯულების სხვადასხვა ბნელი პირები და სპეკულიანტები გამოდიან „ბათუმის ოლქის შეერთებული ყველა მუსულმანთა ნაციონალური საბჭოს სახელით“ იმ დროს, როდესაც ბათუმის ოლქში მოსახლეობს მხოლოდ ქართველი მუსულმანები და მხოლოდ ქალაქ ბათუმში და მის მიდამოებში გაბნეული არიან სხვა ერები. მათ მიემხრენ რუსის რეაქციონერები, რომლებიც ბოლშევიკებს გამოექცნენ ყველა ამათ შეკავშირებას ცდილობენ ბოლშევიზმის აგენტები, რომელთაც სურთ მომენტით ისარგებლონ.

საჯაროთ ხდება ანარქისტული ჯგუფების კრებები, ემზადებიან სამოქმედოთ.

აი ეს ხალხი, ეს ჯგუფები, გზავნის პროტესტებს, რათა ბათუმის ოლქი არ შეურთდეს საქართველოს რესპუბლიკას.

მეჯლისი, რომელიც არის ხალხის ნებისყოფის გამომხატველი, იმედოვნებს, რომ ანტანტის დიპლომატიური წარმომადგენლები, არავითარ ყურადღებას არ მიაქცევენ ზემო ხსენებულ პირთა ზრახვებს და ბათუმის და მისი ოლქის საკითხების გადაწყვეტის დროს მხედველობაში მიიღებენ  მკვიდრ მცხოვრებთა ინტერესებს.

რადგანაც ამ ჟამად ასე გართულდა საქმე, ამ ოლქის მცხოვრებთა სახელით, უმორჩილესი თხოვნით მოგმართავთ თქვენო მაღალ აღმატებულებავ, გადასდგათ სათანადო ნაბიჯები, რომ საჩქაროდ გადასწყდეს ბათუმის ოლქის საკითხი და ამით შეძლება მისცეთ ექვსი წლის ომით მოქანცულ ხალხს თავისუფლათ ამოისუნთქოს თავის დედა სამშობლო, საქართველოს წიაღში.

ამას მოითხოვს როგორც ხალხის ნების ყოფა, აგრეთვე ამ მხარის საარსებო ინტერესები.

მეჯლისის თავმჯდომარე

მამედ აბაშიძე

მსგავსი/Related

Back to top button