skip to content
რესპუბლიკის ამბები

რელიგიის ადგილი დემოკრატიულ რესპუბლიკაში

გაზეთი „ერთობა“, 1920 წლის 4 ივლისი, N149

სახელმწიფო და ეკლესია

თფილისში ამ დღეებში შეიკრიბა საქართველოს სამღვდელოების ადგილობრივი კრებული. მისი შეკრება სწორეთ დროზე მოხდა, რადგან ახლო მომავალში დამფუძნებელი კრება შეუდგება კონსტიტუციის განხილვას და, როგორც ვიცით, ამ კონსტიტუციაში ერთი თავი (მე-16) დაეთმობა სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობას.

ის, პროექტი, რომელიც შეადგინა დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიამ, გულისხმობს, რომ სარწმუნოება იქნება ყოველი მოქალაქის სრულიად კერძო საქმე და სახელმწიფო ამ საქმეში არავითარი ფორმით არ ჩაერევა; ეკლესია განცალკევებული უნდა იყოს სახელმწიფოსაგან: „არ შეიძლება იქნეს გამოცემული ისეთი კანონი, რომელიც აღიარებს ან უარყოფს რომელსამე სარწმუნოებას ან სარწმუნოებრივს ორგანიზაციას“ (160), კონსტიტუციის შემდეგი მუხლები (161-2) აღიარებენ, რომ არც ერთს სარწმუნოებას არა აქვს საქართველოში უპირატესობა და არც ერთს სარწმუნოებაზე სახელმწიფო არ დახარჯავს არავითარს თანხებს.

ეს მუხლები მკაფიოდ აღნიშნავენ იმ ადგილს, რომელსაც დემოკრატიული სახელმწიფო აძლევს სარწმუნოებას: სარწმუნოება მოქალაქის კერძო საქმეა და ეკლესია სრულიად კერძო ორგანიზაციად არის ცნობილი, როგორც ყოველი თავისუფალი საზოგადოებრივი კავშირი. აქამდის სახელმწიფო არჩევდა ერთს სარწმუნოებას მეორისგან, ერთს ეკლესიას იგი სასარგებლოდ სთვლიდა და ეყრდნობოდა მას, მეორეს იგი სთვლიდა მავნებლად და სდევნიდა მას. პრივილეგირებულ ეკლესიას სახელმწიფოს მიერ დაკისრებული ჰქონდა დიდი მნიშვნელოვანი სამოქალაქო სახელმწიფოებრივი ფუნქციები, როგორიც არის მაგალითად, ახლად დაბადებულთა რეგისტრაცია, ქორწინების აქტები, გარდაცვალებულთა რეგისტრაცია და სხვა. ამიერიდან ყველა ეს საქმეები ჩამოერთვას ეკლესიას და მათს გაძღოლას სახელმწიფო დააკისრებს სამოქალაქო დაწესებულებებს.

მთელი ამ რეფორმის გატარება ძლიერ რთული და ძნელი საქმეა. ამ რეფორმის გატარების დროს სახელმწიფოს დასჭირდება პირდაპირ ურთიერთობა საეკლესიო ორგანიზაციასთან, რომელიც ძველი წესიერების დროს სახელმწიფოს მიერ „თავისად“ იყო ცნობილი – მართლმადიდებლური ეკლესია. მაშასადამე ჩვენ არ შეიძლება ყურადღება არ მივაპყრათ იმ საეკლესიო კრებულს, რომელიც დღეს თფილისშია შეკრებილი. განზრახულ საეკლესიო რეფორმის გატარებისათვის ჩვენ წინდაწინ უნდა ველოდოთ, რა პოზიციას დაიჭერს ამ რეფორმისადმი თვით ეკლესია: მტრულად დახვდება მას და ყოველს დაბრკოლებას გასწევს მის გატარებაში, თუ ლოიალურ მოქალაქეთა გზას დაადგება, წინ არ აღუდგება ამ ზომებს, რომლებსაც სახელმწიფო თავისთვის აუცილებლად სთვლის? რაც უფრო ლოიალური იქნება ეკლესიის პოზიცია, რაც უფრო მეტად იქნება ჩვენი სამღვდელოება გამსჭვალული მოქალაქეობრივ მოვალეობით, მით უფრო ადვილად და უმტკივნეულოდ გატარება რეფორმა, მით უფრო ნაკლები იქნება ის ენერგია, რომელიც ჩვენს რესპუბლიკას დასჭირდება იმ საქმეების მოსაწყობათ, რომლებიც აქამდის სარწმუნოებრივ ორგანიზაციას ქონდა დაკისრებული.

ეკლესიის განცალკევება სახელმწიფოსაგან დემოკრატიისათვის გარდუვალი, აუცილებელი რეფორმაა. მაგრამ იგი არ წარმოადგენს რაღაცა საშინელ ზომას. მხოლოდ ჩამორჩენილს და ბნელს სამღვდელოებას თუ მოეჩვენება ეს ზომა სარწმუნოების დევნათ და ძალდატანებათ ნამდვილათ კი ეს არის ზომა, რომელიც მიმართულია სარწმუნოებრივი დევნის და ძალდატანების მოსპობისაკენ. ისტორიამ იცის ისეთი მაგალითები, როდესაც შეგნებულს სამღვდელოებას თვითონ აუღია თავის თავზე თაოსნობა ეკლესიის სახელმწიფოსაგან განცალკევების საქმეში. ასე მოხდა მაგალითად ჩრდილო ამერიკის შტატებში.

და ჩვენთვის ძლიერ საყურადღებოა, რა გზას აირჩევს ამ საქმეში საეკლესიო კრებული.

მსგავსი/Related

Back to top button