skip to content
ახალი ამბები

„ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის“ დღესთან დაკავშირებით მსვლელობა გაიმართა

17 მაისს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ „ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის“ დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისში შეკრებით აღნიშნა. ღონისძიება რუსთაველის გამზირზე მდებარე ქაშვეთის ეკლესიასთან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობით გაგრძელდა.

ხელისუფლების მხარდაჭერის დემონსტრირების ნიშნად, მსვლელობას სხვებთან ერთად შეუერთდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე. იმავდროულად, 15 მაისს მთავრობამ ეს დღე ოფიციალურად გამოაცხადა ეროვნულ დღესასწაულად და დასვენების დღედ 2024 წელს.

2013 წლის 17 მაისს ლგბტ ჯგუფები ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის (IDAHOT) აღსანიშნავად შეიკრიბნენ, მაგრამ ძალადობრივი ჯგუფები, მათ შორის სასულიერო პირები, მათ თავს დაესხნენ. მომდევნო წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა, რომელიც მას შემდეგ, ბოლო 10 წელია, აღინიშნება.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხს ამჯერად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა მიმართა. სხვა საკითხებთან ერთად, იგი „უცხოელი აგენტების“ კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა: „ჩვენ დიდი გულისტკივილით თვალყურს ვადევნებდით იმ დაპირისპირებას, დაძაბულობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა და რომელიც უკავშირდებოდა და უკავშირდება ჩვენი პარლამენტის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებას. ამ კანონის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, არიან ჩვენი სულიერი შვილები, მათ შორის ძალიან ბევრია ახალგაზრდობა. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით გული გვტკივა ამ ყველაფრის გამო და ხშირად ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს, ეს დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „მხოლოდ სიყვარულს შეუძლია გაყოფილი, დაპირისპირებული ადამიანების ერთად შეკრება და მათი ნების გაერთიანება“.

კანონპროექტის წინააღმდეგ ათასობით მოქალაქე მუდმივ რეჟიმში საპროტესტო აქცია მართავს. თუმცა, შესაძლო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, დღეს საპროტესტო აქციის გამართვა არ იგეგმება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button