ანტილიბერალური “კონსერვატიული მოძრაობა” სტალინის გამოსახულების ხატის მხარდასაჭერად შეიკრიბა
თბილისის მთავარ საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულებით ხატის გამოჩენამ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. 13 იანვარს, პრორუსული და ანტილიბერალური”კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო” და მათი მხარდამჭერები პარლამენტთან შეიკრიბნენ და საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის გამოსახულებიანი ხატის “შეურაცხყოფა” გააპროტესტეს. აქციაზე, რომელიც ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაიწყო, პარტიის ლიდერები შეკრებილ ხალხს მიმართავდნენ და ამბობდნენ, რომ ისინი “წმინდა მატრონას ხატის შეურაცხყოფას არ აპატიებდნენ.” შეკრებილები მოითხოვნენ მათ დასჯას, ვისაც ხატის “შეურაცხყოფაში” პასუხისმგებლებად თვლიდნენ.
კონსტანტინე მორგოშიამ, “ალტ-ინფოს” ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა: “ჩვენ თუ ამ ფაქტს გავატარებთ და არ გვექნება ჯანსაღი და სწორი და მიზანმიმართული პროტესტი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იქნება ბიძგი იმისთვის, რომ ის დატრიალდეს, რაც დატრიალდა უკრაინაში…ჩვენ, ქართველი ხალხის ჯანსაღი ნაწილი, უნდა ვიდგეთ მყარ პოზიციებზე და არ უნდა დავუშვათ ესეთი ფაქტების განმეორება.”
მორგოშიას თქმით, შეკრებილებს ორი მოთხოვნა აქვთ; პირველი მოთხოვნაა ისეთი კანონის სასწრაფოდ მიღება, რომელიც ამგვარი ფაქტების ჩამდენებს არა ჯარიმას დააკისრებს, არამედ მათზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გააჩენს. მეორე მოთხოვნა კი არის ნატა ფერაძის გასამართლება ისეთი მუხლით, რომლის საფუძველზეც მას პატიმრობა მიესჯება. ცნობისთვის,ნატა ფერაძემ 9 დეკემბერს თბილისის სამების საკათედრო ტაძარში იოსებ სტალინის გამოსახულებით ხატს ლურჯი საღებავი შეასხა.
“ალტ-ინფოს” ორგანიზებულ აქციას ასევე შეუერთდა პრორუსული მოძრაობა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი და სამებისთვის სტალინის გამოსახულებიანი ხატის შემწირველი ირმა ინაშვილი.
ჯვრებითა და ხატებით ხელში, რადიკალური მოძრაობის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა პოლიციის განყოფილებაში შეიტანეს განცხადება, რომლითაც მოითხოვენ, ნატა ფერაძეზე წარდგენილი მუხლი გადაკვალიფიცირდეს და მის წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვების შემდეგ აქციის მონაწილეები მსვლელობით დაიძრნენ საპატრიარქოსკენ, რათა როგორც თავად ამბობდნენ, “სიყვარული გადაეცათ” უწმინდესისა და უნეტარესისთვის. მსვლელობის საბოლოო დანიშნულება იყო სამების საკათედრო ტაძარი, სადაც არის წმინდა მატრონასა და იოსებ სტალინის ხატი. სამებაში მისულმა “კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერებმა, აქციის მონაწილეებმა და სასულიერო პირებმა წმინდა მატრონას ხატთან ილოცეს.
რამდენიმე დღით ადრე, 10 იანვარს, ანტი-ლიბერალური და პრორუსული “კონსერვატიული მოძრაობის” წევრებმა დემონსტრანტები სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის სახლთან შეიკრიბნენ. ისინი ნატა ფერაძის სახლიდან გამოსვლას, “ხატის შეურაცხყოფისთვის” ახსნა-განმარტების გაკეთებას და მის დასჯას მოითხოვნენ.
13 იანვარს, რადიკალური ჯგუფების შეკრებამდე რამდენიმე ხნით ადრე, საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილი აქცია შესაძლოა პოლიტიკური და დესტრუქციული ხასიათის ქმედებაში გადაზრდილიყო. საპატრიარქო მოუწოდებდა სასულიერო პირებს, რომ თუ აქცია მსგავს სახეს მიიღებდა, არ მიეღოთ მათ აღნიშნულ ქმედებაში მონაწილეობა.
მანამდე, 11 იანვარს, საპატრიარქომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო შემდეგი: “ხატების, სიწმინდეების და ზოგადად ქრისტიანული ფასეულობებისა და ტრადიციულ-კულტურული ღირებულებების დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია. დაუშვებელია მკრეხელობა და არაჯანსაღი გამოხატვის ფორმები მათ მიმართ და ამგვარი ქმედებების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებად სახელდება. თუმცა, ამავდროულად, ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და მოვუწოდებთ მრევლს, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს.”
This post is also available in: Русский (რუსული)