skip to content
რესპუბლიკის ამბები

გრიგოლ ურატაძე – როგორ შეხვდნენ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოსკოვში?

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 4 ივნისი, N122

დამფუძნებელი კრების წევრის გრიგოლ ურატაძის ნაამბობი

როგორ შეხვდნენ საზავო წინადადებას

მოსკოვში ჩამოსვლის მეორე დღესვე მე ვინახულე საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ჩიჩერინი და მისი მოადგილე კარახანი, რომელთაც გავაცანი ჩვენი მისია და რწმუნებანი. ჩემს წინადადებას ისეთის თანაგრძნობით შეხვდნენ, რომ მეორე დღესვე შესაძლებელი გახდა არსებითად მოლაპარაკების დაწყება.

პირველ სხდომაზედვე გამოირკვა, რომ ორივე მხარეს გულწრფელად სურს ზავის ჩამოგდება და არც ერთი მხარე არ აპირებს მეორე მხარის ინტერესების ან დემოკრატიული ზავის ძირითად პრინციპების საწინააღმდეგო მოთხოვნილებათა წამოყენებას. ასეთი, ორივე მხრით საერთო შეხედულების გამორკვევის შემდეგ, სავსებით შესაძლებელი იყო რამდენიმე სხდომაზე მოლაპარაკების დამთავრება და საზავო ხელშეკრულების პირობების შემუშავება.

ხელშეკრულება დამყარებულია დემოკრატიულ პრინციპებზე

ეს ხელშეკრულება, რომლის სრული ტექსტიც ამ დღეებში იქნება გამოქვეყნებული ტფილისში, სრულიად განსხვავდება ყველა სხვა ხელშეკრულებათაგან, სწორედ იმით, რომ იგი აშენებულია მტკიცე დემოკრატიულ პრინციპებზე.

ამ გარემოებას ხაზგასმით აღნიშნავდნენ როგორც საბჭოთა პრესა, ისე რუსეთის ყველა სხვა დემოკრატიული წრეები.

როგორ შეხვდა საბჭოთა პრესა და მუშები ხელშეკრულებას

საქართველოსთან ზავის ჩამოგდების გამო „პრავდა“ სხვათა შორის სწერდა: „7 მაისს ხელი მოაწერეს ზავს საქართველოსა და რუსეთს შორის. საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ჩამოვიდა პატარა „ჩემოდნით“, ინახულა ამხანაგი ჩიჩერინი, მოილაპარაკეს და 2-3 სხდომის შემდეგ ზავი შეკრეს. საქართველოს წარმომადგენელმა ხელი მოაწერა საზავო ხელშეკრულებას და უკანვე გაემგზავრა. აი, რას ნიშნავს, როდესაც დემოკრატიებს გულწრფელად სურთ ზავი, რა ადვილად და ჩქარა გამოიძებნება საერთო ენა“.

საქართველოსთან ზავის დადებას თანაგრძნობის წერილი უძღვნა „ბედნოტა“-მაც.

განსაკუთრებულ თანაგრძნობით შეხვდნენ ზავს მოსკოვის მუშათა წრეები.

მე ვიყავი რამდენიმე უბანში, სადაც მუშებმა ჩემდამი დიდი თანაგრძნობა გამოხატეს, წრფელი სიხარული გამოსთქვეს ზავის ჩამოგდების გამო. მათ აგრეთვე დიდათ აინტერესებდათ ის, თუ რა ხდება ჩვენში და მრავალ კითხვებს მაძლევდენ საქართველოს მდგომარეობის, ჩვენი ცნობილი პარტიულ მოღვაწეთა, როგორც მაგალითად – ჟორდანიას, წერეთლის, ჩხეიძის და სხვათა შესახებ.

ყალბი ინფორმაცია

მე რასაკვირველია, ვცდილობდი შესძლების და გვარად დაწვრილებით გამეცნო მოსკოვის წრეებისთვის ჩვენში საქმის გარემოება. სამწუხაროდ რუსეთში ჩვენ შესახებ ან არაფერი იციან, ან კიდევ – თუ აქვ რაიმე ცნობები, სრულიად დამახინჯებული და ყალბი.

ჩემი დაწვრილებითი ცნობებისთვის ჩვენი მუშაობის, ჩვენი სახელმწიფოებრივ ორგანიზაციის და ჩვენში გატარებულ რეფორმის შესახებ პირველად არ სურდათ დაეჯერებინათ – იმდენათ მოწამლულია რუსეთის დემოკრატიული წრეების საზოგადოებრივი აზრი ჩვენს შესახებ ყალბი ინფორმაციით. მათ იმის დაჯერებაც კი არ სურდათ, რომ ჩვენში მოხდენილია მემამულეთა მიწების კონფისკაცია.

მსგავსი/Related

Back to top button