skip to content
რესპუბლიკის ამბები

ხელისუფლება გორის მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობს

გაზ. ერთობა, 1920 წლის 24 თებერვალი, N43

მიწის ძვრა საქართველოში

დამფუძნებელი კრების კომისია

დამფუძნებელ კრებას გორში საგანგებოთ გაგზავნილმა კომისიამ შემდეგი მოხსენება წარუდგინა:

ქართლის დედა ქალაქი გორი აღარ არსებობს, იგი მიწის ძვრის მსხვერპლი გამხდარა, დანგრეულია ყველა შენობები, არც ერთი სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი დაწესებულება აღარ მუშაობს. ნანგრევების ქვეშ მოუტანია ხალხის სარჩო-საბადებელი. მცხოვრებლები ქუჩაში ყრიან. სიცივეა, სიმშილი, შიში, სიტიტვლე, ვაება, ზნეობრივი ტანჯვა.  განადგურებულია სოფლები: ხიდისთავი, უფლისციხე, დოესი, ციხისჯვარი, გორისჯვარი, რუისი, სკრა, კარალეთი, ატენი, სასირეთი, ყარაჯაღი, ხოვლე, ბეთლემი და სხვა. რკინის გზის სადგურები – გრაკალი, უფლისციხე, გორი და სკრა სულ განადგურებულია.

გორი რომ ცენტრად ავიღოთ, მის ირგვლივ დაახლოებით 7 ვერსის რადიუსიან სივრცეზე მოსახლეობა (სახლები) განადგურებულია.

ნანგრევებს ჩაუჭყლეტია სულ 84 სული. გამოთხრის შემდეგ ეს ციფრი ალბათ გაიზრდება. სწრაფი დახმარება თავის დროზე მოვიდა: ექიმები, სანიტრები, საჭრო მედიკამენტები, პური, შაქარი, სამზარეულო და სხვადასხვა სურსათის 21 თებერვალს გათენებისას იქ იყო. მოვიდნენ მესანგრეებიც, მოიტანეს კარვები.

კომისიის ხელმძღვანელობით მოეწყო დროებითი კომიტეტი დამფუძნებელი კრების წევრის დავით ონიაშვილის თავმჯდომარეობით. კომიტეტში შევიდნენ ერობის, ქალაქის, ჯარის და გვარდიის თითო წარმოამდგენელი. მუშაობა დაუყოვნებლივ გაჩაღდა, გაშალეს კარვები ხალხის მოსათავსებლათ. შეუდგნენ ნანგრევების გამოთხრას და ქვეშ მოყოლილთა ძებნას, გახსნეს მკვებავი პუნქტები, შეუდგნენ დაჭრილთა და ავათმყოფთა სადგურზე გადაზიდვას.

ხალხი მორბის – ვერ ჩერდება ნანგრევებს შორის, რადგან მიწა განუწყვეტლივ ქანაობს. ორ-სამ საათში ერთხელ გაისმის გუგუნი და დაჰკრავს ხოლმე, მორბიან სადგურისკენ. სანიტარულ მატარებელში ყველას ვერ ათავსებენ ავადმყოფ-დაჭრილებს. ბავშვებს და ფეხმძიმე ქალებს, რომელთაგან ზოგიერთი იქვე მშობიარობენ.

გადავწყვიტეთ ხალხს წასვლას ნუ დავშლით, ვურჩიეთ ბორჯომს, სურამს, თფილისს და ახლო მახლო გადარჩენილ სოფლებისკენ გახიზვნა.

გრაკლიდან მოვიდა გზის გასწორების შემდეგ ორი მატარებელი სახალხო და სანიტარული.  თფილისს წამოსვლის მსურველები სახალხო მატარებელში თავსდებიან, რომელსაც უბამენ 4 „ტეპლუშკას“ სანიტარულში ავადმყოფებს და დაჭრილებს ათავსებენ. საღამოს 6 საათზე შედარებით მოეწყო დახმარებისა და ევაკუაციის საქმე.

22 თებერვალს გათენებისას გაიგზავნა დამხმარე რაზმები ყველა დაზარალებულ სოფლებში.

კომისია თფილისს ბრუნდება მოხსენების გასაკეთებლად. პრეზიდიუმის წევრნი ალექსანდრე ლომთათიძე და სიმონ მდივანი 21 თებერვალს ღამით ვაგზლიდან მთავრობის თავმჯდომარე თან მიდიან მდგომარეობის თავმჯდომარესთან მიდიან მდგომარეობის დაწვრილებით გასაცნობად და დანარჩენი ზომების მისაღებად.

„მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო. ეროვნული ტრაურის დღეები დაგვიდგა. მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი ჯანსაღი ერი ამ უბედურებასაც დასძლევს. ქალაქი გორი, ქართლის გული, მკვდრეთით უნდა აღსდგეს დანგრეული სოფლები ხელახლად უნდა გაშენდეს. ამისათვის კომისიის აზრით შემდეგი ზომებია საჭირო:

  1. დამფუძნებელმა კრებამ ჯერხანად უნდა გადასდოს 20 მილიონი მანეთი.
  2. მთავრობამ ხე-ტყე, სანოვაგე, საექიმო დახმარება, თბილი ტანისამოსი და აუცილებლად საჭირო სხვა საგნები აუცილებლად უნდა მიაწოდოს დაზარალებულებს უსასყიდლოთ.
  3. უნდა დაარსდეს განსაკუთრებული კომისია მთავრობის ერთ-ერთი წევრის მეთაურობით ამ საქმის გასაძღოლად
  4. დაუყონებლივ გაიგზავნოს დანგრეულ ადგილებში ფოტოგრაფი და სეისმოგრაფის აპარატი სურათების გადასაღებად.
  5. მოეწყოს ფართო ინფორმაცია ეროვნულ უბედურებისა, როგორც საქართველოში, აგრეთვე მეზობელ სახელმწიფოებსა და ევროპა-ამერიკაში.
  6. ყველაფერი ეს მოხსენდეს დამფუძნებელ კრებას დასამტკიცებლად.

მთავრობის საგანგებო კომიტეტი

კვირას, 22 თებერვალს დილით თფილისიდან გორში გაემგზავრა მთავრობის საგანგებო კომიტეტის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრი რაჟდენ არსენიძე, დამფუძნებელი კრების წევრები: ივანე გომართელი და პეტრე გელეიშვილი, ექიმები სერგი ჯაფარიძე, მიხელ ზანდუკელი, ვახტანგ ღამბაშიძე. დაზარალებული მცხოვრებთათვის მათ წაიღეს: 500 ფუთამდე გამომცხვარი პური, შაქარი, ჩაი, კონსერვები, თბილი ტანსაცმელი, კარვების მოსაწყობი მასალები, მედიკამენტები და სხვა. გორში გაიგზავნა აგრეთვე სახელმწიფო უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტების სტუდენტთა რაზმი, რომელიც ექიმ ზანდუკელის განკარგულებაში იქნება და საჭირო დახმარებას აღმოუჩენს დაზარალებულთ.

დაჭრილ-დასახიჩრებულნი

თფილისში ექიმებმა ზანდუკელმა და ჯაფარიძემ მიიღეს 100-მდე დაჭრილ-დასახიჩრებული გორიდან სანიტარული ვაგონით ჩამოყვანილი. ავათმყოფები გადანაწილებულ იქნენ მიხეილისა და არამიანცის სახელობის საავათნყოფოებში.

დაზარალებულ გორი მოინახულა და სტიქიის შედეგები ადგილზე შეისწავლა დასავლეთ საქართველოდან თფილისში მომავალმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button